რეზიუმე: 2013
წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ნომინალური პენსია ჯამში 30 ლარით გაიზარდა (2015 და 2016 წლებში, შესაბამისად 10 და 20 ლარით) რაც განცხადებასთან თანხვედრაშია. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ 2013 წელს, 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პენსია 30 ლარით გაიზარდა. 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი კი, ნომინალური პენსიის 20 ლარიან ზრდას ითვალისწინებს.
2012წლიდან 2016 წლამდე, სამომხმარებლო ფასების ზრდას აჭარბებდა ნომინალური პენსიის ზრდის ტემპი, ანუ პენსიონერების რეალური შემოსავალი იზრდებოდა. 2017 წელს, ინფლაციამ შეადგინა 6.7%, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2017-2018 წლებში პენსია არ გაზრდილა, შესაბამისად, პენსიის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით მცირდებოდა და რეალური შემოსავალი, 2018 წლის მესამე კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით შემცირდა.
მიზნობრივი ინფლაცია 2019 წელს არის 3%.პენსიის ზრდის შედეგად, ნომინალური პენსია შეადგენს 200 ლარს. თუ ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივ მაჩვენებელს დაემთხვა, 2019 წლის ბოლოს რეალური პენსია გაუტოლდება 184 ლარს, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ლარით მეტია. სხვა სიტყვებით, ნომინალური პენსიის 20 ლარით ზრდის შედეგად 2019 წლის ბოლოს პენსიონერი შეძლებს იყიდოს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც მაშინდელი პენსიით შეიძენდა 2016 წლის ბოლოს და დამატებით 4 ლარი დარჩება. შესაბამისად, 20 ლარიან ზრდას ინფლაცია სრულად ვერ „შეჭამს“, თუმცა 2016 წელთან შედარებით პენსიის რეალური ზრდის მაჩვენებელი მიზერულია და დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს.
ანალიზი 2018 წლის 12 ოქტომბერს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ სირაძემ განაცხადა:
„ქართული ოცნების ბოლო 5 წლის მმართველობის განმავლობაში, პენსია გაიზარდა 2-ჯერ 10 ლარით 2015 წელს და 2016 წელს 20 ლარით, იმ დროს, როცა ყველაზე მაღალი იყო ინფლაცია, 2017-ში, 2018 ში პენსია არ გაზრდილა და 2019 წლის ბიუჯეტში შემოგაქვთ 20 ლარიანი ზრდა, რომელიც პრაქტიკულად ვერ გაწვდება ფასების გაუფასურებას. ინფლაცია შეჭამს და უკვე შეჭმულიც არის“.
სოციალური უზრუნველყოფის და პენსიების თემატიკა ხშირად გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, საკითხის მგრძნობიარეობიდან გამომდინარე. ფაქტობრივი სიზუსტის დაცვა და ანალიზის თანმიმდევრულობა, რეალური სურათის დასანახად მნიშვნელოვანია.
პოლიტიკოსი საუბრობს გასულ 5 წელზე. ვინაიდან, ბოლო წლებში პენსია სხვადასხვა პერიოდებში იცვლებოდა, რელევანტურია ცვლილებების განხილვა 2013 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე (ბოლო 5 წელი). ამ პერიოდში, ნომინალური პენსია გაიზარდა ჯამში 30 ლარით, 2015 და 2016 წლებში, რაც განცხადებასთან თანხვედრაშია. 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, ითვალისწინებს ნომინალური პენსიის 20 ლარიან ზრდას.
ცხრილი 1:
ასაკობრივი პენსია 2010-2017 წლებში
I კვარტალი | II კვარტალი | III კვარტალი | IV კვარტალი | |||||
ნომინალური პენსია | რეალური პენსია (2016=1) | ნომინალური პენსია | რეალური პენსია (2016=1) | ნომინალური პენსია | რეალური პენსია (2016=1) | ნომინალური პენსია | რეალური პენსია (2016=1) | |
2012 | 100 | 108.2 | 100 | 108.1 | 110-125 | 119.8-136.2 | 110-125 | 122.6-139.3 |
2013 | 110-125 | 121.5-138.1 | 125 | 134.8 | 125 | 137.92 | 150 | 163.33 |
2014 | 150 | 160.1 | 150 | 158.5 | 150 | 158 | 150 | 160.2 |
2015 | 150 | 156.1 | 150 | 151.7 | 160 | 160.2 | 160 | 162.9 |
2016 | 160 | 160 | 160 | 160 | 180 | 180 | 180 | 180 |
2017 | 180 | 170.9 | 180 | 168.1 | 180 | 168.8 | 180 | 168.7 |
2018 | 180 | 166 | 180 | 164.9 | 180 | 165 | - | - |
პენსიებზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინება. იმ პირობებში, როცა პენსია არ იზრდება, ფასების დონის ზრდის გამო, პენსიონერებს იგივე თანხით ნაკლები პროდუქტის და მომსახურების შეძენა შეუძლიათ. 2012 წლიდან 2016 წლამდე, სამომხმარებლო ფასების ზრდას აჭარბებდა ნომინალური პენსიის ზრდა, ანუ პენსიონერების რეალური შემოსავალი იზრდებოდა. 2017 წელს ინფლაციამ შეადგინა 6.7%, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცხრილი 2:
ინფლაცია საქართველოში 2007-2017 წლებში
2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
საშუალო წლიური ინფლაცია წინა წლის საშუალო წლიურთან | 11 | 5 | 3 | 11.2 | 2 | -1.4 | 2.4 | 2 | 4.9 | 1.8 | 6.7 |
2017-2018
წლებში პენსია არ გაზრდილა, შესაბამისად პენსიის მსყიდველუნარიანობა გამუდმებით მცირდებოდა და რეალური შემოსავალი, 2018 წლის მესამე კვარტალში, 2016 წლის რეალურ პენსიასთან კვარტალთან შედარებით, შემცირდა 9%-ით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პენსიონერი 2018 წელს ვერ შეძლებდა ეყიდა ყველა ის პროდუქტი რასაც საკუთარი პენსიით 2016 წელს ყიდულობდა.
მიზნობრივი ინფლაცია 2019 წელს არის 3%. პენსიის ზრდის შედეგად, ნომინალური პენსია კი 200 ლარს გაუტოლდება. თუ ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მიზნობრივ მაჩვენებელს დაემთხვა, რეალური პენსია (2016 წლის ფასებში) 2019 წლის ბოლოს, 184 ლარს გაუტოლდება. 2016 წელს ნომინალური პენსია ემთხვევა რეალურს და 180 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2019 წლის ბოლოს პენსიონერს გაუჩნდება შესაძლებლობა შეიძინოს ყველა ის პროდუქტი რის შეძენასაც 2016 წელს საკუთარი პენსიით ახერხებდა და დამატებით 4 ლარი დარჩება. ანუ, პენსიონერის მდგომარეობა რიცხვებში ოდნავ გაუმჯობესდება, თუმცა, პრაქტიკულად, რეალური პენსიის ზრდა იმდენად მცირეა, რომ ფასების ზრდის გავლენის დაბალანსებაზე საუბარი მეტად რელევანტურია. პენსიონერის რეალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 2016 წელთან შედარებით და პენსიის 20 ლარიანი ზრდით სახელმწიფო მხოლოდ იმ დანაკარგს აუნაზღაურებს რაც ფასების დონის მატების შედეგად წარმოიშვა.