არასამთავრობოები ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესის აღდგენას ითხოვენ

პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ახალი პარლამენტი მუშაობის პირველ დღეებში წააწყდა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით ახალი პოლიტიკის დაგეგმვაა. პირველივე სხდომაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება. მომდევნო დღეებში კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დაკომპლექტებასა და ნდობის ჯგუფის წევრთა შერჩევას მწვავე კამათი მოჰყვა.

ახალი პარლამენტის პირველივე სესიაზე პრეზიდენტმა აქცენტი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაზე გააკეთა და ეს განცხადება მმართველ გუნდს ძალიან არ მოეწონა.

„პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე აქცენტის გაკეთება, ალბათ, მის სურვილს უკავშირდება, რომ უფრო უკეთესი იყოს და არა იმას, რომ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვაქვს. პოლიტიკაში ხშირად გვესმის ხოლმე – უფრო უკეთესი, უფრო ეფექტური ან ძლიერი. ეს ზოგადი ფრაზებია. ამ სურვილებიდან გამომდინარე, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებული მეტ-ნაკლებად პასუხობს საფრთხეებს“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

არადა, წლების განმავლობაში უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით სპეციალისტების მხრიდან მუდმივი კრიტიკა ისმის, რომ ეს დოკუმენტი ფორმალური ხასიათისაა და ქვეყნის წინაშე მდგარი რეალური საფრთხეები მასში არ არის ასახული.

ეს სტრატეგია ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი, უსაფრთხოების საკითხი მთავარი თემა უნდა იყოს, რადგან ამაზეა დამოკიდებული, ზოგადად, ქვეყნის არსებობა.

ცხადია, უსაფრთხოებაში მისი ყველა ასპექტი იგულისხმება და არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტი. თანამედროვე პოლიტიკაში კი უსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთად განიხილება და, რაც მთავარია, ცენტრალური ადგილი უკავია.

ამის კარგი მაგალითია დღეს აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი, სადაც მთელი ყურადღება სახელმწიფო მდივნისა და უსაფრთხოების მრჩევლის კანდიდატებზეა გადატანილი, სწორედ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამო.

ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს. თუმცა, ფაქტები აჩვენებს, რომ ეს მთლად ასე არაა, რასაც ოპონენტები მთავარ პრობლემად მიიჩნევენ.

წინა 4 წლის გამოცდილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხი ბოლოში იყო გადატანილი და ნათქვამი იყო, რომ შენარჩუნდება დასავლური კურსი და „გააქტიურდება ძალისხმევა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობების დასამყარებლად“.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საფრთხედ მხოლოდ ტერორიზმია დასახელებული და არაფერია ნათქვამი რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე.

არჩევნების შემდეგ კი როგორი იქნება ხელისუფლების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ამაზე საუბარი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით შეიძლება.

შაბათს პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ბევრი არ ულაპარაკიათ არც მთავრობის კანდიდატებს და არც პარლამენტის წევრებს.

მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ „ეს გეგმა ეფუძნება ქვეყნის სწრაფი განვითარების ხედვას, სტაბილურობას, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით“.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი მხოლოდ ის თქვა, რომ „საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია“.

საგარეო პოლიტიკასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც ეს ჩანაწერი და არც გაკეთებული განცხადებები არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რეალურად აქვს გააზრებული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობა და სწორი გზები აქვს დასახული.

„ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროპული პროექტების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე, ამბობს, რომ ხელისუფლების რეალური ნაბიჯები იქნებოდა, თუკი გაჟღერდებოდა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული პერსპექტივის მოთხოვნა, რადგან, მისი თქმით, ევროინტეგრაცია უკვე გავლილი თემაა და ახალი მიზნის დასახვაა საჭირო.

ასეთივე ვითარებაა პარლამენტის მიმართულებითაც, სადაც ტერმინოლოგიაშიც კი არ არიან გარკვეული. მაგალითად, შაბათს სესიაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკუთარი გუნდის მიერ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, „დავივიწყეთ ის რეალობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ, ასოცირებული, თუმცა წევრებიო“.

არადა, ევროკავშირთან მიმართებაში ტერმინი „ასოცირებული წევრი“ არ არსებობს და არც არავინ იყენებს. ამიტომაც ძნელი გასაგებია, რას გულისხმობდა ვოლსკი.

საინტერესო კი ის არის, რომ გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერობის გარდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიცაა.

უარესი ვითარება კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტშია, სადაც ნდობის ჯგუფია დასაკომპლექტებელი და იმის გამო, რომ ამ ჯგუფს საიდუმლო დოკუმენტაციაზე მიუწვდება ხელი, გარკვეული კითხვები უკვე გაჩნდა.

საქმე ის არის, რომ ამ კომიტეტის წევრები არიან ისეთი პირები, ვინც ან რუსეთთან კავშირის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, ან თავის დროზე ასეთი ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.

ამ კომიტეტის წევრები არიან „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი და „ქართული ოცნებიდან“ კობა ნარჩემაშვილი. კობა კობალაძე კი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

კომიტეტში თანამდებობისთვის იბრძვის ემზარ კვიციანი ოპოზიციის კვოტით. თუმცა, ჯერჯერობით მისი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მოადგილის თანამდებობაზე კვიციანის კანდიდატურის კენჭისყრისას თავად კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავი შეიკავა.

კვიციანს ნდობის ჯგუფში მოხვედრაზეც აქვს პრეტენზია, რაც ანალიტიკოსებს, ოპოზიციასა და მმართველი გუნდის ნაწილს გარკვეულ კითხვებს უჩენს.

მაგალითად, იგივე სესიაშვილმა ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ „შესაძლოა, რაიმე კითხვები არსებობდეს“, თუმცა იქვე დაამატა: „მაგრამ აპელირება, რომ ვიღაცას საეჭვო კავშირები აქვს, არასწორია“.

ნდობის ჯგუფის საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ მის წევრებს ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებათ, მუდმივად დავის საგანია. ჯერ კიდევ წინა მოწვევების პარლამენტებში, ოპოზიციის კვოტა მუდმივად ცარიელი იყო, რადგან მაშინდელ ოპოზიციას აქ „ახალი მემარჯვენეების“ მაშინდელი ლიდერის, დავით გამყრელიძის დანიშვნა უნდოდა და ამას „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ეწინააღმდეგებოდა იმ არგუმენტით, რომ მას არ ენდობოდნენ თავის დროზე შევარდნაძესთან კავშირის გამო.

თავდაპირველად ეს მიზეზი განაპირობა იმან, რომ გამყრელიძე და მისი პარტია 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტში მივიდა და მაშინ შევარდნაძეს საშუალება მისცა, პარლამენტის სხდომა დაეწყო, რადგან მათი მისვლით კვორუმის შეკრება მოხერხდა.

ნდობის ჯგუფის დანიშვნის წესი კი წინა მოწვევის პარლამენტში შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი წლის განმავლობაში ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ წესის შეცვლამდე ნდობის ჯგუფის წევრების დასანიშნად პარლამენტის თანხმობა იყო საჭირო და ყველა წევრი სათითაოდ დგებოდა კენჭისყრაზე. „ქართული ოცნების“ ნაწილს „ენმ“-ის წარმომადგენლის გივი თარგამაძის დანიშვნა არ სურდა, საკუთარ წევრებს კი მათ გარეშე ვერ ნიშნავდა.

სწორედ ამის გამო 2014 წლის დასაწყისში კანონი შეცვალეს და ნდობის ჯგუფის დასანიშნად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თანხმობა გახდა საკმარისი და პარლამენტი ცნობად იღებს ამ ფაქტს. თუმცა პარლამენტისთვის წარდგენამდე, აუცილებელ პირობად რჩება ის, რომ კანდიდატებმა უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად.

ნდობის ჯგუფი 5 წევრისგან შედგება, საიდანაც 3 ადგილი უმრავლესობას ეკუთვნის და მათ შორის არის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იკავებს, კიდევ 1 ადგილი უმცირესობას ეკუთვნის და ერთიც – უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ჯგუფს ან ფრაქციას.

შესაბამისად, ემზარ კვიციანს სწორედ ამ მეხუთე ადგილის დაკავება სურს, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ისინი სწორედ იმ ნაწილის რეალურად გამოყენებას ითხოვენ, რომელიც კანდიდატების მიერ სპეციალური შემოწმების გავლას ეხება.

„ენმ“-ის წარმომადგენელი ოთარ კახიძე ამის მიზეზად ჯგუფის წევრების ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომის უფლებას ასახელებს.

„თუ უმრავლესობამ არ გადადგა ნაბიჯები, ემზარ კვიციანს პირდაპირ მისცემენ საშუალებას, რომ ნდობის ჯგუფის მეშვეობით კანონიერად და ლეგალურად მიიღოს საიდუმლო ინფორმაცია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ, შესყიდვების შესახებ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახლავთ. ეს არის საფრთხე, ვინაიდან, როგორც ვიცით, ემზარ კვიციანი საქართველოში მოსკოვიდან დაბრუნდა“, – აცხადებს ოთარ კახიანი.

ხელისუფლების ნაწილი კი, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.

„ნდობის ჯგუფს, საიდუმლო ინფორმაციის მოძრაობას, გავრცელებას, საკმაოდ სერიოზული კონტროლი აქვს. საშიშროებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სიკეთით არ გამოირჩეოდა. მათ ასევე შეიძლება პრეტენზიები ჰქონდეს „პატრიოტთა ალიანსთან“ მიმართებაში. საბოლოო გადაწყვეტილება, რეალური ვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კოალიციამ „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“, სადაც რამდენიმე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, საგანგებო განცხადება გაავრცელა ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და აქ აღნიშნულია, რომ ემზარ კვიციანის ამ ჯგუფში მოხვედრა შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხე იყოს და საფრთხის ახლა და მომავალში თავიდან ასაცილებლად პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავენ:

„განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის;

„აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და, შესაბამისად, დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ, ერთი მხრივ, მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორე მხრივ, კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია