ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2003-2012 წლებში სახელმწიფო ვალის[1]

აბსოლუტური მაჩვენებელი, გამოსახული ლარში, გაიზარდა 69%-ით, სამთავრობო ვალის მაჩვენებელი 78%-ით. „ქართული ოცნების“ პერიოდში, სახელმწიფო ვალის ზრდამ შეადგინა 86% სამთავრობო ვალის ზრდამ კი - 96%. თუმცა, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტი ვალის არა აბსოლუტურ, არამედ ფარდობით მაჩვენებლებზე საუბრობს.

ზოგადად, ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. 2003 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 63.3%-ს შეადგენდა. 2012 წლისათვის აღნიშნული მონაცემი 45%-ით (28.5 პუნქტი) 34.83%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში 43%-ით (24 პუნქტი) შემცირდა სამთავრობო ვალის ფარდობა მშპ-სთან. „ქართული ოცნების“ პირობებში, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით (9.8 პუნქტი), სამთავრობო ვალი კი - 35%-ით (11.4 პუნქტით). რაც შესაბამისად, 1.28 და 1.35-ჯერ ზრდას ნიშნავს. ამდენად, ფარდობითი მაჩვენებლების ანალიზის შემთხვევაში ცვლილების ტენდენცია თავსებადია მიხეილ სააკაშვილის განცხადების შინაარსთან, თუმცა დასახელებული რიცხვები გადაჭარბებულია.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც ბოლო წლებში, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ვალის ლარში გამოსახულ მაჩვენებლებზე. თავის მხრივ, 2014 წლის ბოლოდან დაწყებული კურსის მერყეობა, რამაც ლარში გამოსახული ვალის ზრდა გამოიწვია, ძირითადად განაპირობა ფაქტორებმა, რომლებზე ზემოქმედების შესაძლებლობას ხელისუფლება მოკლებული იყო, თუმცა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ, ცალსახად იქონია დამატებითი უარყოფითი გავლენა, კურსის შემცირებაზე.

ანალიზი პირველ ოქტომბერს, გადაცემა არჩევანში, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

„ჩემ დროს ვალი შემცირდა შევარდნაძესთან შედარებით 50%-ით, ოცნებამ 6 წელიწადში გაზარდა ვალი 2-ჯერ“.

სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

  გრაფიკი 1:

სახელმწიფო და მთავრობის ვალი (მლნ ლარი) 2003-2017 წლებში

grafika1 წყარო: ფინანსთა სამინისტრო

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი, გამოსახული ლარში, გაიზარდა  69%-ით, სამთავრობო ვალის მაჩვენებელი 78%-ით. „ქართული ოცნების“ პერიოდში, სახელმწიფო ვალის ზრდამ 86%,  სამთავრობო ვალის ზრდამ კი, 96% შეადგინა. ექსპრეზიდენტი არ აკონკრეტებს, სახელმწიფო ვალზე საუბრობს თუ სამთავრობო ვალზე, თუმცა ორივე შემთხვევაში დინამიკა მსგავსია.

სახელმწიფო და სამთავრობო ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილიც სწორედ ფარდობით მაჩვენებლებზე საუბრობდა.

ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 2 ასახავს. 2003 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 63.3%-ს შეადგენდა. 2012 წლისათვის აღნიშნული მონაცემი 45%-ით (28.5 პუნქტი) 34.83%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში 43%-ით (24 პუნქტი) შემცირდა სამთავრობო ვალის ფარდობა მშპ-სთან. 2012-2017 წლებში სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით (9.8 პუნქტი), სამთავრობო ვალი კი - 35%-ით (11.4 პუნქტით). რაც შესაბამისად 1.28 და 1.35-ჯერ ზრდას ნიშნავს.

  გრაფიკი 2:

სახელმწიფო და მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან

grafika2 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ვალის ზრდაზე მითითებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელი ასპექტია მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც. შესაბამისად, სამთავრობო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა წინა ხელისუფლებების პირობებში, 2012 წლის ბოლომდე დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ. სხვანაირად რომ ითქვას, 2013 წლიდან ხელისუფლებას რომც არ აეღო იმაზე მეტი ვალი (შემომავალი ნაკადი), ვიდრე დაფარავდა (გამავალი ნაკადი), ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობა მაინც გაიზრდებოდა. შესაბამისად, ვალის ზრდა დიდწილად აკუმულირებული ნაშთის გაზრდილი კურსით გადაანგარიშებამ გამოიწვია.

რაც შეეხება უშუალოდ ვალუტის კურსის ცვლილებას, მოცემულ პერიოდში არსებითად გაიზარდა  დოლარის ინდექსი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ვალუტასთან მის გამყარებაში აისახა. გარდა დოლარის გამყარების პირდაპირი გავლენისა, აღსანიშნავია ირიბი ეფექტიც, კერძოდ, როდესაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები უფასურდება, ეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის პირობებს აუარესებს, ზრდის უარყოფით სავაჭრო ბალანსს, რაც თავის მხრივ, ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს. ვალუტის შემომავალ ნაკადებზე და შესაბამისად ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა ზოგადად რეგიონსა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ვითარებაც. საგარეო ფაქტორებზე ხელისუფლება ვერ იქონიებდა არსებით გავლენას. თუმცა, ლარის კურსზე დამატებითი წნეხის შექმნას მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა) თუ უმოქმედობამაც შეუწყო ხელი (იხ. ბმული 1ბმული 2).

ინფორმაციისთვის, 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ვალის ნაშთის საკურსო ცვლილების ეფექტის გამორიცხვით, მშპ-ს ზრდის ტემპის გათვალისწინებით გაიზრდებოდა შიდა ვალის ფარდობა მშპ-სთან, თუმცა გარკვეულწილად შემცირდებოდა საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი. 2012 წელთან მიმართებით 2017 წლის ნომინალური მშპ 45.38%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა, ამავე პერიოდში, საგარეო ვალის წმინდა ნაზრდი მხოლოდ 44.35%-ია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 2013-2017 წლებში ეკონომიკა გაიზარდა უფრო მაღალი ტემპით ვიდრე საგარეო ვალი, შესაბამისად, 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ვალის ნაშთის საკურსო ცვლილების ეფექტის გარეშე, საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან შემცირდებოდა.

ცხრილი 1: 

სამთავრობო ვალი საკურსო ცვლილების გამორიცხვით (ათასი ლარი)

პერიოდი 2012 2013 2014 2015 2016 2017
მთავრობის საგარეო ვალი 6,622 6,748 7,281 7,975 8,687 9,559
წმინდა ნაკადები - 126 533 694 712 872
საგარეო ვალი მშპ-სთან 25.31% 25.13% 24.98% 25.11% 25.53% 25.13%
მთავრობის შიდა ვალი 1,896 2,010 2,548 2,828 3,171 3,535
შიდა ვალი მშპ-სთან 7.24% 7.49% 8.74% 8.90% 9.32% 9.29%
მთავრობის მთლიანი ვალი 8,518 8,758 9,828 10,803 11,858 13,095
მთლიანი ვალი მშპ-სთან 32.55% 32.62% 33.72% 34.02% 34.85% 34.42%
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, საგარეო ვალის ფარდობითი წილის შემცირება სრულად ვერ დააბალანსებდა შიდა ვალის ზრდით გამოწვეულ ეფექტს და მთლიანი სამთავრობო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან 1.87 პუნქტით, 34.42%-მდე მაინც გაიზრდებოდა.

[1] მთლიანი სახელმწიფო ვალი, წარმოადგენს მთლიანი საგარეო ვალის (ეროვნული ბანკის ვალის ჩათვლით) და საშინაო სახელმწიფო ვალის ჯამს. მთლიანი სამთავრობო ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით არ მოიცავს ეროვნული ბანკის ვალდებულებებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია