იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.   რეზიუმე: 2017

წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, რაც რეგიონის მასშტაბით, 24 ქვეყნიდან მე-7 შედეგია. რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 4.1%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზრდის მაჩვენებლით მე-7 ადგილს იკავებს, რთულია, აღნიშნული პოზიცია ცალსახად ჩავთვალოთ „ერთ-ერთ ყველაზე მაღლად“. ერთი მხრივ, უშუალო მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, თურქეთი) ეკონომიკურ ზრდა გაცილებით მაღალია, მეორე მხრივ კი, რეიტინგში შემდგომი 5 ქვეყნის მაჩვენებელი 4.4-4.6%-ის ინტერვალშია, რაც არსებითად არ ჩამოუვარდება საქართველოს მაჩვენებელს.

საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიხედვით 4.5%-ია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 5.5%-ია პროგნოზირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ IMF-მა საპროგნოზო მაჩვენებელი მაშინ გაზარდა, როცა პირველი 7 თვის ეკონომიკური ზრდა 5.5% დაფიქსირდა. მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ ნახევრში დაფიქსირებული შედარებით მაღალი ზრდის ტემპისა, ეკონომიკურმა ზრდამ ივლისში 4.6%, ხოლო აგვისტოში, გაცილებით ნაკლები - 2.0% შეადგინა. ასევე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის

მიხედვით (რომელიც მთავრობამ პარლამენტში გასულ კვირას წარადგინა), წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ითაა ნავარაუდევი. შესაბამისად, 5.5%-იანი ზრდის პროგნოზის რეალიზება ნაკლებად მოსალოდნელია. ასევე, მსოფლიო ბანკის ივნისის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ით არის ნავარაუდევი, რაც რეგიონში მე-6 ადგილია.

  ანალიზი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% იყო, რაც მთელი რეგიონის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 5.5%-ია და ამ მხრივ, საქართველო რეგიონში გამორჩეულია.

მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია (მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოების გამოკლებით). ამ ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკების მახასიათებელი ნიშან-თვისებები მეტნაკლებად იდენტურია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონთან მიმართებაში, სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავალის არმქონე რეგიონის 24 ქვეყანასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელმა კი - 4.1%. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო რეგიონის 24 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს იკავებდა. თავის მხრივ, წინა წლებთან შედარებით, 2017 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მთლიანად რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება და უმთავრესად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში დაფიქსირებულ ზრდის მაღალ მაჩვენებელს, რამაც საგარეო მოთხოვნა გაზრდა და ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო. ამავე წელს ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ სომხეთს (7.5%), თურქეთს (7.4%), ტაჯიკეთს (7.0%), თურქმენეთს (6.5%), უზბეკეთს (5.3%) და პოლონეთს (4.6%).

  გრაფიკი 1:

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, 2017 წელი (%)

eg1 წყარო: Global Economic Prospects: JUNE 2018, World Bank

2015

წელს საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის 2.9%-იანი მაჩვენებლით მე-15 ადგილს იკავებდა, ხოლო ამავე წელს რეგიონის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2.4%-ს შეადგენდა. 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რითაც ის რეგიონში მე-16 ადგილს იკავებდა და რეგიონის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი  2.9% იყო. ამავე წლებში, რეგიონის ქვეყნებიდან, მაღალი ეკონომიკური ზრდით უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი გამოირჩეოდა.

  გრაფიკი 2:

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, 2015-2016 წლები (%)

eg2 წყარო: Global Economic Prospects: JUNE 2018, World Bank

რაც შეეხება მიმდინარე წლისთვის პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა პროგნოზირებული, რაც მსოფლიო ბანკის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზს ემთხვევა. რაც შეეხება მსოფლიოს სავალუტო ფონდს (IMF), ამ ორგანიზაციის თავდაპირველი პროგნოზიც 4.5%-ს შედგენდა, რაც აგვისტოს ბოლოს 5.5% -მდე გაიზარდა. IMF-ის მიერ პროგნოზის ზრდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არსებულ ფაქტიური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა (პროგნოზთან შედარებით) განაპირობა. თუმცა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2.0% შეადგინა. 2018 წლის იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 4.8%-ია. ამრიგად, 2018 წლისთვის 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, 2018 წლისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 3.2%-ით არის ნავარაუდევი, ხოლო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი - 4.5%-ით. აღნიშნული ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლით საქართველო რეგიონის 24 ქვეყნიდან მე-6 ადგილის იკავებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2019 წელს საქართველო რეგიონში 4.8%-იანი ზრდით მე-5 ადგილს დაიკავებს, ხოლო 2020 წლისთვის კი, პროგნოზირებული 5.0%-იანი ზრდით ისევ მე-5 ადგილს ინარჩუნებს.

  გრაფიკი 3:

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, 2018 წელი პროგნოზი (%)

eg3 წყარო: Global Economic Prospects: JUNE 2018, World Bank

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი