იტვირთება

ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე 2 340 302 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდა. 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, 8 კმ-მდე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა უკვე დასრულდა, ხოლო დაახლოებით 4 კმ-ზე ისევ მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ქედაში დაგებული გზის მონაკვეთების საერთო სიგრძე 12 კმ-მდე იქნება.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტიდან მიღებული პასუხისმიხედვით, ფაქტ-მეტრმა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთული, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერები და ხელშეკრულებები შეისწავლა. როგორც ირკვევა, ქედის მუნიციპალიტეტში გზების დაგების სამუშაოებზე 2018 წელს გამოცხადებული შვიდი ტენდერიდან ექვსში „ქართულ ოცნებასათან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. შვიდიდან სამ ტენდერს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა, ხოლო სამ შემთხვევაში იმ კომპანიებს, რომლებმაც შემსყიდველს ნაკლები ფასი შესთავაზეს, დისკვალიფიკაცია მიეცათ.

დეპარტამენტმა ქედის მუნიციპალიტეტში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებზე კონტრაქტი შპს „გზებთან“ წელს ორჯერ გააფორმა. 2018 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საავტომობილო გზა პირველი მაისი - კოლოტაურის კმ0+000 - კმ1+960 მონაკვეთზე სამუშაოები დეპარტამენტმა კომპანიისგან 769 985 ლარად შეისყიდა. ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება 146 468 ლარს შეადგენს. პროექტი ჯერ არ დასრულებულა.

მეორედ, კომპანიასთან 320 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ს/გზა ოქტომბერი - მეძიბნა - აგოთას კმ0+000 - კმ0+985 მონაკვეთზე საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე 2018 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა. უკვე გახარჯულია 137 000 ლარი. სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე ზემოხსენებულ ტენდერში შპს „გზები“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

ინფორმაციისთვის, შპს „გზების“ წილის მმართველებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ 2016 წელს ჯამში 70 000 ლარი აქვთ შეწირული (ირაკლი აბაშიძე - 35 000 ლარი, მურად აბაშიძე - 40 000 ლარი, ხოლო გიორგი აბაშიძე - 35 000 ლარი).

სამ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში საგზაო სამუშაოებს შპს „ზიმო 7“ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ შემსყიდველს პროექტის ნაკლებ ფასად შესრულება შესთავაზა, ხელშეკრულება ს/გზა ცივასულა - აგარა - ქვედა აგარას კმ0+000 - კმ3+200 მონაკვეთზე 880 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესყიდვის მიზნით კომპანია „ზიმო 7-სთან“ გაფორმდა. სამუშაოები უკვე დასრულებულია.

შპს „ზიმო 7-ს“ ს/გზა ცხემნა - კორომხეთი კმ0+000 - კმ1+850 მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის მოწყობის მიზნით 750 513-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ამ შემთხვევაშიც, მეორე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიეცა. ეს პროექტიც უკვე დასრულდა.

კიდევ ერთ 894 097 ლარიან ტენდერში, რომელიც ცხემნა - ძეწმანი კმ0+000 - კმ1+500, ძეწმანი - უკანტეხილის კმ0+000 - კმ0+539 მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, მხოლოდ „ზიმო 7“ მონაწილეობდა. მასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 ივლისს გაფორმდა. 60 კალენდარულ დღეში ათვისებული უნდა იყოს საერთო ღირებულების 55%. დღეის მდგომარეობით, გახარჯულია 456 039 ლარი, ანუ 51%.

ინფორმაციისთვის, „ზიმო 7-ის“ დირექტორმა მარინე მანგალაძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 15 000 ლარი შესწირა, ხოლო 1%-იანი წილის მმართველმა ამირან ბერიძემ შარშან 10 000 ლარი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადარიცხა.

სამუშაოები უკვე დასრულდა ს/გზა დანდალო - ტაკიძეების კმ0+000 - კმ2+500 მონაკვეთზე. 2018 წლის 16 მარტს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 709 789 ლარიან ტენდერში შპს „ბონდი-2009-მ“ გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ დეპარტამენტს ნაკლები ფასი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ტენდერების მონიტორის გვერდის ინფორმაციის თანახმად, კომპანია 121 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც 53% გამარჯვებით, ხოლო 37% წაგებით დაასრულა. მოგებული ტენდერების ღირებულება ჯამში 51 361 605 ლარს შეადგენს. „ბონდი-2009“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 5 080 930-ლარიან ტენდერში. მასთან შემსყიდველმა ხელშეკრულება 2018 წლის 20 აგვისტოს გააფორმა. ამ ინფორმაციაზე ფაქტ-მეტრმა ყურადღება იმიტომ გაამახვილა, რომ ბათუმის 2010 წლის მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე ნუკრი დოლიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 25%-იანი წილის მმართველია. ის 25%-იან წილს ფლობს ასევე შპს „მონოლითი 2005-შიც“.

საავტომობილო გზა მერისი - გუნდაური - ჭალათის კმ0+850 - კმ1+050 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება დეპარტამენტმა 2018 წლის 19 ივლისს ამხანაგობა „ემილ-2014“-სგან 188 007 ლარად შეისყიდა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა 60 კალენდარულ დღეს შეადგენს. ამ მომენტისთვის გახარჯულია 70 000 ლარი. პროექტი ჯერაც არ დასრულებულა.

საბოლოოდ, ქედის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განხორციელებული (დასრულებული) ა/ბეტონის საფარის მოწყობის პროექტების ღირებულებამ 2 340 302 ლარი შეადგინა, ხოლო ჯერ არ დასრულებულა 2 172 089 ლარის ღირებულების სამუშაოები. აქედან 809 507 ლარი უკვე ათვისებულია. ჯამში, ყველა პროექტის ღირებულება (დასრულებული და მიმდინარე) 4 512 391 ლარია.

გრაფიკი 1: გამარჯვებული კომპანიების წილი ქედის მუნიციპალიტეტში გზის საფარის მოწყობაზე 2018 წელს გამოცხადებული ტენდერების საერთო ღირებულებაში

6666666666

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2018 წელს ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების საფარის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებულ ტენდერებში გამარჯვებული ოთხი კომპანიაა. აქედან ხელშეკრულებების საერთო ღირებულების ყველაზე მეტი წილი - 56%, შპს „ზიმო 7-ს“ ეკუთვნის, ხოლო 24% - შპს „გზებს“. ამ ორმა კომპანიამ „ქართული ოცნებას“ გასულ წლებში ჯამში 80 000 ლარი შესწირა.


მსგავსი სიახლეები

2840 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი