ტოვებს.
რეზიუმე: 2018
წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 58.46%-ით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა, ავტომატურად კრიმინალის ზრდას შესაძლოა არ ნიშნავდეს და რეალურ სურათს არ ასახავდეს.
მოკლე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა ასეთი რადიკალური ზრდა, გახსნის მაჩვენებელის ასევე რადიკალური კლების ფონზე, წინა წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის შესახებ ლოგიკურ ეჭვებს აჩენს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რეგისტრირებულ დანაშაულთა უპრეცედენტო ზრდა სწორედ რეალური სურათის წარმოჩენამ განაპირობა და არა კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებამ. თუმცა, არც ამ უკანასკნელის გამორიცხვა იქნებოდა მართებული.
ამდენად, წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სტატისტიკის არასრულყოფილად გამოქვეყნება შეუძლებელს ხდის კრიმინალთან დაკავშირებით ცალსახა შეფასებების გაკეთებას.
ანალიზი გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით,
ქვეყანაში კრიმინალი 50%-ზე მეტით არის გაზრდილი.
2018 წლის იანვარ-აგვისტოსმონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულათა რაოდენობა 14 233 ერთეულით, ანუ 58.46%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუკი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 24 345 დანაშაული დარეგისტრირდა, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებლი 38 578-ს უდრის. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 8 თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, 2017 წლის 12 თვეში (მთლიანი წელი) რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობასაც (37 944) კი აჭარბებს.
გრაფიკი 1:
საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა (2013-2018 წლები)
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით, ეს მონაცემი 16.58 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში გახსნის მაჩვენებელი 52.76% იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 36.18% შეადგინა.
მართალია, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ავტომატურად კრიმინალის ზრდას შეიძლება არ ნიშნავდეს და რეალურ სურათს არ ასახავდეს. კერძოდ, შესაძლოა ასეთი რადიკალური ზრდა გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებით, რეგისტრაციის წესის გაუმჯობესებით, გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკის წარმოებით, ან თუნდაც მიმართვიანობის გაზრდით იყოს გამოწვეული. ასევე, არ არის გამორიცხული მკვეთრი ზრდა წინა წლებში (მიმდინარე წელთან შედარებით) არასრულყოფილი (დამალული) სტატისტიკის გამოქვეყნებით იყოს განპირობებული. ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა იმ ეჭვებზე, რასაც ერთი მხრივ რეგისტრირებული დანაშაულის მოულოდნელი და შესამჩნევი ზრდა, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ასევე შესამჩნევი კლება იწვევს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2; სტატია 3). საყურადღებოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მას შემდეგ გახდა თვალშისაცემი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ახალი მინისტრი მოვიდა, რომელმაც კრიმინალთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობის პოლიტიკა აირჩია და საზოგადოებას დანაშაულის შესახებ რეალური სურათის (თუნდაც არასასიამოვნო) მიწოდებას დაპირდა. მოკლე დროში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის რადიკალურ ცვლილებაზე ეჭვებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI)“ გამოთქვამს. ორგანიზაციის განცხადებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რადიკალური მატება შესაძლოა არა თავად კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას, არამედ წინა პერიოდში არასრული (გაყალბებული) სტატისტიკის გამოქვეყნებას უკავშირდებოდეს. „სტატისტიკის რაიმე მეთოდოლოგიური ცვლილებების ან სხვა განსაკუთრებული წინაპირობის არარსებობის ფონზე, მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით“ - ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესაძლო ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევის ჩატარებისკენაც მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში არასრული სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ეჭვებს თავად გიორგი გახარიას განცხადებაც ამძაფრებს, რომლის მიხედვითაც რეგისტრირებულ დანაშაულთა მკვეთრი ზრდა, სამინისტროს მიერ აღებული კურსითა და რეალური სტატისტიკური სურათის წარმოჩენით აიხსნება. „ჩვენ არ გვეშინია და ვამბობთ, რომ მაგალითად კვარტალური სტატისტიკით დღეს კრიმინალში წინა წელთან შედარებით 39%-ით ზრდა გვაქვს (იგულისხმება 2018 წლის იანვარ-მარტი), რაც სერიოზული ციფრია. უბრალოდ, ამას აქვს მარტივი ახსნა. იმისთვის, რომ ის რეფორმების გეგმა იყოს ადეკვატური გვჭირდება სურათის სწორი შეფასება. სტატუსის დაფიქსირება, შემდგომ შეფასება, გეგმის დასახვა და შესრულება. ამიტომ ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით ეს სტატისტიკა დაგვემალა. მით უმეტეს, მაშინ როცა იმ გეგმების რაც გაგვაჩნია ჩვენ გვჯერა“ - განაცხადაგიორგი გახარიამ 2018 წლის 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თუ დავუშვებთ, რომ წინა წლებში მართლაც არასრული სტატისტიკა ქვეყნდებოდა და შესაბამისად დანაშაულთა რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ამას ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები იუწყებოდა, მაშინ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის 58%-იანი ზრდას ლოგიკური ახსნა მოეძებნება და მოკლე პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის საგანგაშო გაუარესებას გამორიცხავს. თუმცა, ამ დაშვების პირობებშიც კი არ არის გამორიცხული, რომ რეალურად კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებასთანაც გვქონდეს საქმე.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სისხლის სამართლის სტატისტიკის არასრულყოფილად გამოქვეყნება შეუძლებელს ხდის კრიმინალთან დაკავშირებით გარკვეული შეფასებების გაკეთებას. ამასთან საგულისხმოა, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის დადგენა მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის განსაზღვრით შეუძლებელია. ამისთვის აუცილებელია სახელმწიფომ ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, აწარმოოს და საჯარო გახადოს სათანადო სტატისტიკური ანგარიშები (2010 წლის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულება) და რაც მთავარია, პერიოდულად ჩაატაროს ვიქტიმოლოგიური კვლევა, რომელიც კრიმინოგენური მდგომარეობის განსაზღვრის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ვიქტიმოლოგიური კვლევის წარმოება, რომელიც საქართველოში პირველად 2010 წელს განხორციელდა, 2012 წლის შემდეგ, ჩვენთვის უცნობი მიზეზებით შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.