ტოვებს.
რეზიუმე:
მომგებიანობა კომერციული ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია. მით უფრო წარმატებულად ითვლება ბიზნესი, რაც უფრო მაღალია მომგებიანობის დონე. საბაზრო ურთიერთობის პირობებში კი ორგანიზაციის მომგებიანობის „მისაღებ“ და „მიუღებელ“ დონეზე მსჯელობა შინაარსს მოკლებულია.
უცნობია, რა მონაცემებს ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი მტკიცებისას, რომ ცალკეული კომერციული ბანკ(ებ)ი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა ფინანსურ მაჩვენებლებზე სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით კი, 2017 წლის მონაცემებით, მომგებიანობით პირველ ადგილზე „საქართველოს ბანკია“[1].„თი-ბი-სი ბანკზე“ უკეთესი მაჩვენებლები კი, გარდა „საქართველოს ბანკისა“, კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტის (ROE) შემთხვევაში „ხალიკ ბანკ საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკს“, ხოლო აქტივებზე უკუგების თვალსაზრისით (ROA) „ხალიკ ბანკ საქართველოს“ უფიქსირდებათ.
ვინაიდან განცხადების სრულყოფილად გადამოწმება ვერ ხერხდება, ფაქტ-მეტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშეტოვებს.
ანალიზი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,
რომ ორმა ბანკმა, „თი-ბი-სი“-მ და „საქართველოს ბანკმა“ „გადაჭამეს ქვეყანა და რენტაბელურობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან“.
რენტაბელურობა, იგივე მომგებიანობა კომერციული ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია. სხვა თანაბარ პირობებში, სწორედ მოგების მიღების მიზნით იქმნება და ოპერირებს ნებისმიერი ბიზნესი. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია მომგებიანობის დონე მით უფრო წარმატებულად ითვლება ორგანიზაცია. საბაზრო ურთიერთობის პირობებში კი ორგანიზაციის მომგებიანობის „მისაღებ“ და „მიუღებელ“ დონეზე მსჯელობა გაუგებარია. სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავადვე გაუსვა ხაზი, რომ მომგებიანობის მაღალი დონე „საამაყოც კია“, თუმცა ამის ფონზე ცალკეული ორგანიზაციები სწორედ მაღალი მოგების ქონისათვის უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.
მომგებიანობაზე საუბრისას აუცილებელია განვმარტოთ, რომ ცალკეული ორგანიზაციის მიერ მიღებული მოგება ან შემოსავალი აბსოლუტურ რიცხვებში არაფრისმომცემი მაჩვენებელია. მაგალითად, მოგება 1 000 ლარის ოდენობით ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუ ამ მოგების მისაღებად პირს 2 000 ლარის ინვესტირება უწევს, მაგრამ სრულიად მიუღებელია თუ 100 000 ლარის ინვესტირება იქნება საჭირო. მომგებიანობა აუცილებლად განიხილება იმ რესურსთან მიმართებაში რომლის გამოყენებითაც გახდა შესაძლებელი მისი გამომუშავება. მომგებიანობის გავრცელებული საზომებია მოგების ფარდობა მფლობელთა კაპიტალთან (ROE) და მოგების ფარდობა ორგანიზაციის მთლიან აქტივებთან (ROA). მოცემული მაჩვენებლების გამოთვლისას შესაძლებელია განსხვავებული მიდგომა არსებობდეს. მოცემული სტატიის ფარგლებში მომგებიანობის მაჩვენებლები „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გასაჯაროებულიმონაცემებიდან არის აღებული.
ცხრილი 1:
ქართული კომერციული ბანკების მომგებიანობის მაჩვენებლები
ბანკი | R O E | R O A | |||||||
IV 2017 | III 2017 | II 2017 | I 2017 | IV 2017 | III 2017 | II 2017 | I 2017 | ||
თი-ბი-სი ბანკი | 20.10% | 19.60% | 20.66% | 18.51% | 2.77% | 2.81% | 3.13% | 2.96% | |
საქართველოს ბანკი | 31.83% | 33.79% | 38.04% | 44.41% | 3.53% | 3.76% | 4.16% | 4.75% | |
ლიბერთი ბანკი | 25.76% | 23.20% | 20.56% | 20.33% | 3.09% | 2.76% | 2.45% | 2.36% | |
ბაზისბანკი | 11.04% | 13.06% | 16.45% | 18.74% | 1.91% | 2.37% | 3.14% | 3.51% | |
ვი-თი-ბი ბანკი | 12.6% | 13.3% | 20.4% | 26.7% | 1.4% | 1.4% | 2.2% | 2.7% | |
ბანკი ქართუ | 18.27% | 7.92% | 10.78% | 11.20% | 3.20% | 1.37% | 1.81% | 1.77% | |
პროკრედიტ ბანკი | 11.38% | 10.36% | 7.29% | 7.46% | 1.55% | 1.43% | 1.01% | 1.01% | |
სილქ როუდ ბანკი | -1.80% | -1.63% | 1.92% | 0.22% | -0.87% | -0.76% | 0.83% | 0.09% | |
ზირაათ ბანკი | 3.72% | 4.94% | 3.37% | 9.05% | 1.13% | 1.48% | 1.04% | 2.96% | |
იშ ბანკი | 9.74% | 11.18% | -5.49% | -3.88% | 1.10% | 1.21% | -0.56% | -0.40% | |
ტერაბანკი | 15.26% | 13.60% | 15.37% | 21.24% | 2.26% | 2.04% | 2.31% | 3.19% | |
ხალიკ ბანკი | 20.46% | 21.95% | 26.33% | 29.01% | 3.15% | 3.44% | 4.06% | 4.19% | |
პაშა ბანკი | 3.86% | 5.32% | 4.77% | 5.58% | 1.57% | 2.19% | 1.91% | 2.11% | |
ფინკა ბანკი | 6.22% | 5.17% | 0.63% | 3.33% | 0.75% | 0.62% | 0.08% | 0.41% | |
კრედო ბანკი | 13.05% | 11.80% | 9.70% | 5.77% | 2.41% | 2.21% | 1.90% | 1.14% |
როგორც ცხილიდან ჩანს, 2017 წლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკი“ მომგებიანობის მაჩვენებლებით საქართველოში ნამდვილად პირველია. მეორე მხრივ, კაპიტალზე უკუგების (ROE) თვალსაზრისით „თი-ბი-სი ბანკზე“ უკეთესი მაჩვენებლები ("საქართველოს ბანკის" გარდა) აქვს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ და „ლიბერთი ბანკს“, აქტივებზე უკუგების თვასაზრისით (ROA) კი - „ხალიკ ბანკ საქართველოს“. რაც შეეხება მსოფლიოში პირველობას, განცხადების მოცემული ასპექტის გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ათასობით კომერციული ბანკი ოპერირებს, რომელთა ფინანსური მაჩვენებლები სრულყოფილი სახით ხელმისაწვდომი არ არის. თუ რა მონაცემებს ეყრდნობა მოცემულ ნაწილში თავად პოლიტიკოსი, უცნობია.
[1] "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გასაჯაროებული
მონაცემების შესაბამისად.
[2] პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება.