რეზიუმე: 2008
წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბაგრატის ტაძრის გალავნის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. აბანოს კომპლექსი ორ მოქალაქეზე - კობა მანგოშვილსა და მიტროფანე რუხაძეზე გააფორმა, რომელთაც აღნიშნული მიწა მემკვიდრეობით, გაცილებით ადრე, 1989 წელს ერგოთ. მანგოშვილმა და რუხაძემ 2011 და 2015 წლებში მიწის ნაწილი გააჩუქეს. ამჟამინდელი მონაცემებით, ისტორიული აბანოს ტერიტორიის მფლობელები გიორგი მანგოშვილი (25%), თეა გუმბერიძე (37.5%), კობა მანგოშვილი 25% და მაია ხაზარაძე (12.5%) არიან. 2015 წლიდან დღემდე, აღნიშნული მიწის საკუთრების უფლების ოფიციალურად გაფორმება სხვა პირზე არ მომხდარა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტერიტორია ბაგრატის ტაძრის გალავანს მიღმა მდებარეობს, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ის მათი დაცვის ქვეშაა და უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება არავის აქვს. ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიცრუეა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ მიერ მშენებლობის უფლება არასოდეს გაცემულა.
ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სხვადასხვა გვერდის (იხ. ბმული 1; ბმული 2)მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა კულტურის მინისტრმა გიორგაძემ ირანელებზე გაყიდა ბაგრატის ტაძრის ისტორიული, შეუსწავლელი ტერიტორია. პოსტებში წერია, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე ირანელი ინვესტორები სასტუმროს აგებას აპირებენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს შესაბამისი განცხადება გაავრცელა.განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 26 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელა #03.02.03.108 საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული ისტორიული აბანოს მიწის ფართობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის შედეგადაც კერძო მესაკუთრეს ტერიტორიის განკარგვის უფლება კანონის ფარგლებში მიენიჭა. შესაბამისად, არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც ყოფილ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს არანაირი კავშირი მიწის გასხვისებასთან არა აქვთ. რაც შეეხება აბანოს მიწის ფართობს, სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ტერიტორიას სოციალურ ქსელში ნახსენებ ციტადელთან არანაირი კავშირი არ აქვს. აბანოს კომპლექსი ტაძრის გალავნიდან 100 მეტრში მდებარეობს და ის არქეოლოგების შესწავლის ობიექტი გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე იმ პერიოდში 40-მდე მოსახლე ცხოვრობდა, რომელთაც ქუთაისის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ჩამოერთვათ სამოსახლო მიწების ნაწილი. მიწები მაშინ სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ისტორიულ აბანოს, როგორც უქიმერიონის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მას შესაბამისი კანონი იცავს. აღნიშნული ფართობი ბაგრატის ტაძრის დაცული ზონის არეალში მდებარეობს და კანონით სააგენტოსთან შეუთანხმებელი ნებისმიერი ფიზიკური ჩარევა, მათ შორის მშენებლობაც, დაუშვებელია.
საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მე-7 თავი, 36-ე მუხლი, მე-2 და მე-3 პუნქტები) ვკითხულობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის არეალში ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ან დაზიანების საფრთხე შეუქმნას ძეგლს ან გააუარესოს მისი აღქმა, აკრძალულია. ძეგლის დაცვის არეალში ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას დაუშვებელია. დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის 500 მეტრის რადიუსით განისაზღვრება.
ფაქტ-მეტრი გავრცელებული ამბის გადასამოწმებლად ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ზაზა ჩხიკვაძეს დაუკავშირდა. ჩხიკვაძემ ჩვენთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება დაადასტურა. როგორც ჩხიკვაძემ აღნიშნა, ისტორიული აბანოს ტერიტორია 2008 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაუფორმა ორ ეთნიკურად ქართველ კერძო მესაკუთრეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწა კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დაცული ტერიტორიების არეალში შედის, არავის აქვს უფლება მასზე უნებართვოდ მშენებლობა წამოიწყოს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტებით ირკვევა, რომ 5 650 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის მონაკვეთი 1989 წელს მემკვიდრეობით მიიღეს კობა მანგოშვილმა (50%) და მიტროფანე რუხაძემ (25%). მიტროფანე რუხაძესთან ერთად 25%-იანი წილის თანამფლობელია მაია ხაზარაძე. მიწა საკუთრებაში მათ 2008 წელს დაირეგისტრირეს (ს/კ 03.02.03.108). 2011 წელს რუხაძემ თავისი წილის 37.5% თეა გუმბერიძეს აჩუქა. 2015 წელს მიწის 50% კობა მანგოშვილმა გიორგი მანგოშვილზე გააჩუქა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ისტორიული აბანოს ტერიტორიის მფლობელები არიან: გიორგი მანგოშვილი (25%), თეა გუმბერიძე (37.5%), კობა მანგოშვილი 25% და მაია ხაზარაძე (12.5%). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე შესაძლებელია ვნახოთ, რომ 2015 წლის შემდეგ, დღემდე, აღნიშნული მიწის საკუთრების უფლების ოფიციალურად გაფორმება სხვა პირზე არ მომხდარა. საკადასტრო რუკის მონაცემებით ირკვევა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები არც ამჟამად და არც არასოდეს არ ყოფილა უცხოელების საკუთრებაში.