წარმატებამ ლიბერალები თვითკმაყოფილ ელიტად აქცია. მათ თავიდან უნდა აღმოაჩინონ რადიკალიზმი
ლიბერალიზმმა შექმნა თანამედროვე სამყარო, მაგრამ თანამედროვე სამყარო მას ზურგს აქცევს. ევროპა და ამერიკა ლიბერალური ელიტების წინააღმდეგ მიმართული სახალხო ამბოხის ალშია გახვეული, სადაც მიიჩნევენ, რომ ამ ეგოისტურ ელიტებს არ შეუძლიათ ან არ სურთ ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემების მოგვარება. თითქმის ყველგან, ადგილი აქვს თავისუფლებისა და ღია საბაზრო ეკონომიკისკენ 25 წლიანი სვლის შებრუნებას, მაშინ როდესაც ჩინეთის მაგალითი, რომელიც სულ მალე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება, ცხადყოფს, რომ დიქტატურებსაც შეუძლიათ წარმატებული არსებობა.
„ეკონომისტისთვის“ ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენი გამოცემა 175 წლის წინ ლიბერალიზმის მხარდასაჭერად დაარსდა. იგი არ ითვალისწინებდა ამერიკული უნივერსიტეტების კამპუსების მომემარცხენეო „პროგრესივიზმის“ ან ფრანგი სწავლულების მიერ შემოტანილი მომემარჯვენეო „ულტრალიბერალიზმის“ მხარდაჭერას, არამედ იზიარებდა საყოველთაო ვალდებულებას ადამიანის ღირსების, თავისუფალი ბაზრის და შეზღუდული მთავრობის მიმართ და გააჩნდა ადამიანური პროგრესის რწმენა, რომელიც დებატებისა და რეფორმის შედეგია.
ჩვენი დამფუძნებლები გაოცებულები იქნებოდნენ იმით, თუ როგორ განსხვავდება დღევანდელი ცხოვრება 1840-იანი წლების სიღარიბისა და გაჭირვებისგან. გლობალური სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც 175 წლის წინ 30 წელს ოდნავ ჩამორჩებოდა, ახლა 70 წელს აჭარბებს. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ 80%-დან 8%-მდე შემცირდა და აბსოლუტურ რიცხვებში განახევრდა, მაშინ როდესაც დედამიწაზე მცხოვრებთა რაოდენობა 100 მილიონი ადამიანიდან 6.5 მილიარდამდე გაიზარდა. ხუთჯერ და მეტად გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი და ახლა 80%-ს აჭარბებს. სამოქალაქო უფლებები და კანონის უზენაესობა ახლა განუზომლად უკეთაა დაცული ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ თუ როგორ იცხოვრონ და ვისთან ერთად იცხოვრონ.
ნათელია, რომ ეს ყველაფერი ლიბერალების დამსახურება არ არის. თუმცა, მაშინ როდესაც მე-19 და მე-20 საუკუნეებში ფაშიზმმა, კომუნიზმმა და ავტარკიამ კრახი განიცადეს, ლიბერალური საზოგადოებების კეთილდღეობა გაიზარდა. ამა თუ იმ ფორმით, ლიბერალურმა დემოკრატიამ შეძლო დასავლეთში დომინანტური პოზიციების მოპოვება და აქედან დაიწყო მისი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით.
დაფნის გვირგვინი, თუმცა დაუსვენებლად
ამავდროულად, პოლიტიკური ფილოსოფიები მხოლოდ წარსული დიდების ამარა ვერ გაძლებენ: მათ უკეთესი მომავლის დაპირებაც უნდა უზრუნველყონ. აი აქ, ლიბერალური დემოკრატია გარდაუვალი გამოწვევის წინაშე დგას. დასავლელი ამომრჩევლები ეჭვქვეშ აყენებენ სისტემის სამართლიანობას და იდეას, რომ სისტემა მათთვის მუშაობს. გასულ წელს ჩატარებულ გამოკითხვაში გერმანელების 36%, კანადელების 24% და ფრანგების 9% მიიჩნევს, რომ მომდევნო თაობა მათი მშობლების თაობაზე უკეთესად იცხოვრებს. 35 წელს ქვემოთ მყოფი ამერიკელების მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, ხოლო მათი რაოდენობა, რომლებიც მიესალმებიან სამხედრო მთავრობას, 1995 წელს დაფიქსირებული 7%-დან გასულ წელს 18%-მდე გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House”-ის თანახმად, უკანასკნელი 12 წელის მანძილზე, გლობალური მასშტაბით ადგილი აქვს სამოქალაქო თავისუფლებებისა და პოლიტიკური უფლებების გაუარესებას - 2017 წელს, 71 ქვეყნის პოზიცია გაუარესდა, მაშინ როდესაც წინ მხოლოდ 35-მა ქვეყანამ წაიწია.
აღნიშნულის ფონზე, „ეკონომისტს“ კვლავ სწამს ლიბერალური იდეის სიძლიერის. გასული 6 თვის განმავლობაში, ჩვენი გამოცემის დაარსებიდან 175 წლის იუბილე აღვნიშნეთ ონლაინ სტატიებით, დებატებით, პოდკასტებითა და ფილმებით, სადაც განხილულია, როგორი პასუხი უნდა გავცეთ ლიბერალიზმის კრიტიკოსებს. ამ გამოცემაში ჩვენ ვაქვეყნებთ ესსეს, რომელიც წარმოადგენს ლიბერალური აღორძინების - სახალხო ლიბერალიზმის მანიფესტს.
ჩვენს ესსეში მოცემულია, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სახელმწიფომ უფრო გულმოდგინედ საკუთარი მოქალაქეებისთვის, საგადასახადო, სოციალური, საგანმანათლებლო და საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმირების თვალსაზრისით. ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს კორპორატიული მონოპოლიების მზარდი ძალაუფლებისა და შემზღუდავი გეგმიურობისგან, რომელიც ადამიანებს აშორებს ყველაზე განვითარებულ ქალაქებს. ჩვენ მოვუწოდებთ დასავლეთს, რომ განამტკიცოს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი გაზრდილი სამხედრო ძლიერებისა და განახლებული ალიანსების მეშვეობით.
ყველა ჩამოთვლილი პოლიტიკა მიზნად ისახავს ლიბერალიზმის მთავარი პრობლემის მოგვარებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტრიუმფის მომენტში, ლიბერალიზმმა დაკარგა საკუთარი საკვანძო ღირებულებების აღქმა. სწორედ ამ ღირებულებებით უნდა დაიწყოს ლიბერალური აღორძინება.
ლიბერალიზმი აღმოცენდა მე-18 საუკუნის მიწურულს, როგორც პასუხი იმ მღელვარებაზე, რაც შედეგად მოიტანა ამერიკის დამოუკიდებლობამ, საფრანგეთის რევოლუციამ და მრეწველობისა და ვაჭრობის ტრანსფორმაციამ. რევოლუციონერების მტკიცებით, უკეთესი სამყაროს ასაშენებლად, ჯერ შენ წინ არსებული სამყარო უნდა გაანადგურო. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსერვატორები ეჭვის თვალით უყურებენ რევოლუციონერთა პრეტენზიას საყოველთაო ჭეშმარიტების ფლობაზე. კონსერვატორები ცდილობენ ცვლილებების მართვის მეშვეობით შეინარჩუნონ ის რაც საუკეთესოა, ეს კი როგორც წესი მმართველი კლასის ან იმ ავტორიტარული ლიდერის მიერ ხორციელდება, რომელმაც „ყველაზე უკეთ იცის“.
ცვლილების ძრავი
ნამდვილი ლიბერალები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია საზოგადოების თანდათანობით შეცვლა უკეთესობისკენ და ცვლილების ქვემოდან ზემოთ განხორციელება. ისინი განსხვავდებიან რევოლუციონერებისგან, რადგან უარყოფენ იდეას, რომლის თანახმადაც ინდივიდს უნდა აიძულო გაიზიაროს ვიღაც სხვა ადამიანის რწმენა. ისინი განსხვავდებიან კონსერვატორებისგან, რადგან მიიჩნევენ რომ არისტოკრატია და იერარქია, ისევე როგორც ძალაუფლების ყველა სხვა ფორმით კონცენტრაცია, მიდრეკილია გადაიქცეს ჩაგვრის წყაროდ.
შესაბამისად, ლიბერალიზმი დაიწყო როგორც მოუსვენარი და ენერგიული მსოფლმხედველობა. თუმცა, გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ლიბერალებმა საკმაოდ კომფორტულად იგრძნეს თავი ძალაუფლებასთან. შედეგად, მათ დაკარგეს რეფორმის წყურვილი. მმართველი ლიბერალური ელიტა ერთმანეთს უმტკიცებს, რომ ისინი ჯანსაღ მერიტოკრატიას ხელმძღვანელობენ და დამსახურებული პრივილეგიები გააჩნიათ. რეალობა ასე მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.
საუკეთესო შემთხვევაში, მერიტოკრატიის კონკურენტულმა სულმა შედეგად მოიტანა განსაკუთრებული კეთილდღეობა და ახალი იდეების სიუხვე. ეფექტიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების სახელით, მთავრობებმა გახსნეს ბაზრები კონკურენციისთვის. რასა, გენდერი და სექსუალობა დღეს ყველაზე უფრო ნაკლებად არის ბარიერი წინსვლისთვის. განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გლობალიზაციამ ასობით მილიონი ადამიანი იხსნა სიღარიბისგან.
თუმცა, მმართველი ლიბერალური ელიტის წარმომადგენლები ხშირად ეძებენ თავშესაფარს კრეატიული დესტრუქციის გრიგალისგან თავდასაცავად. კომფორტული პროფესიები, როგორიცაა სამართალი, დაცულია უაზრო რეგულაციებით. უნივერსიტეტის პროფესორები სარგებლობენ ტენუარით, იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ ქადაგებენ ღია საზოგადოების სიკეთეებზე. ფინანსისტები გადაურჩნენ ფინანსური კრიზისის ყველაზე უარყოფით გავლენას, რადგან მათთან მომუშავეები გადასახადების გადამხდელთა ფულით იხსნეს. მიიჩნეოდა, რომ გლობალიზაციას უნდა შეექმნა საკმარისი მოგება წაგებულების დასახმარებლად, თუმცა მათგან ძალიან ცოტამ თუ ნახა სარგებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლიბერალური მერიტოკრატია დახურული და თვითკმარია. ახალი კვლევა მიუთითებს, რომ 1999-2013 წლებში, ამერიკის ყველაზე პრესტიჟულმა უნივერსიტეტებმა უფრო მეტი სტუდენტი მიიღეს იმ ოჯახებიდან, რომლებიც შემოსავლის თვალსაზრისით ტოპ 1%-ს განეკუთვნებიან, ვიდრე იმ ოჯახებიდან, რომელთა შემოსავალიც მათ ქვედა 50%-ში აქცევს. 1980-2015 წლებში, ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასური 17-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე საშუალო შემოსავალი. 50 ყველაზე დიდი ურბანული მხარეში თავმოყრილია მსოფლიო მოსახლეობის 7% და იწარმოება მსოფლიო წარმოების 40%. თუმცა დაგეგმვის შეზღუდვები ძალიან ბევრს რიყავს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.
მმართველი ლიბერალები იმდენად ჩაეფლნენ სტატუს-ქვოს შენარჩუნებაში, რომ დაავიწყდათ როგორია რადიკალიზმი. გაიხსენეთ, თუ როგორ ნიღბავდა ჰილარი კლინტონი დიდი იდეების ნაკლებობას უამრავი პატარა იდეის საფარქვეშ საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას. 2015 წელს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერების კანდიდატები ჯერემი კორბინთან დამარცხდნენ არა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ბრწყინვალე პოლიტიკური ნიჭითაა გამორჩეული, არამედ იმიტომ, რომ მისი ყველა კონკურენტი ერთნაირად უფერული და მოსაწყენი იყო. ლიბერალი ტექნოკრატები დაუსრულებლად იგონებენ ჭკვიანურ პოლიტიკურ გზებს, მაგრამ შესამჩნევად ზემოთ არიან იმ ხალხისგან, რომელსაც უნდა ეხმარებოდნენ. აღნიშნული აყალიბებს ორ კლასს: გამკეთებლები და ისინი, ვის ნაცვლადაც სხვამ უნდა აკეთოს; მოაზროვნეები და ისინი, ვის ნაცვლადაც სხვამ უნდა იაზროვნოს; პოლიტიკის შემქმნელები და ისინი, ვისთვისაც ეს პოლიტიკა უნდა შეიქმნას.
თავისუფლების საფუძვლები
ლიბერალებს დაავიწყდათ, რომ მათი დამფუძნებელი იდეა არის სამოქალაქო პატივისცემა ყველას მიმართ. ჩვენი გამოცემის დაარსებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილ სარედაქციო წერილში, რომელიც 1943 წელს, ფაშიზმის წინააღმდეგ მძვინვარე ომის მიმდინარეობისას დაიწერა, ეს იდეა ორი ურთიერთშემავსებელი პრინციპის სახით გადმოიცა. პირველი არის თავისუფლება: რომ ეს არის „არა მხოლოდ სამართლიანი და გონივრული, არამედ მომგებიანიც... რომ მისცე ადამიანებს საშუალება, აკეთონ ის რაც უნდათ“. მეორე არის საერთო ინტერესი: რომ „ადამიანთა საზოგადოება... შეიძლება იყოს ყველას კეთილდღეობისკენ მიმართული ერთობა“.
დღევანდელი ლიბერალური მერიტოკრატია თავისუფლების ამ ინკლუზიურ განსაზღვრებასთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. მმართველი კლასი საპნის ბუშტში ცხოვრობს. ისინი ერთსა და იმავე კოლეჯებში სწავლობენ, ერთმანეთზე ქორწინდებიან, ერთსა და იმავე ქუჩებზე ცხოვრებენ და ერთსა და იმავე ოფისებში მუშაობენ. მმართველი კლასი მიიჩნევს, რომ ძალაუფლებისგან შორს მყოფი ადამიანები ამის სანაცვლოდ მზარდი მატერიალური კეთილდღეობით უნდა დაკმაყოფილდნენ. თუმცა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად არსებული წარმოების სტაგნაციისა და ხარჯშემკვეცი ზომების ფონზე, ხშირად ამ დანაპირების შესრულებაც ვერ ხერხდება.
ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც მეინსტრიმული პარტიების მიმართ ერთგულება ირღვევა. ბრიტანელი კონსერვატორები, სავარაუდოდ, ისტორიაში ყველაზე უფრო წარმატებული პარტია, დღეს უფრო მეტ თანხას გარდაცვლილი მხარდამჭერების ანდერძებიდან აგროვებენ, ვიდრე ცოცხალი ადამიანების შემოწირულობებიდან. 1990 წელს, გაერთიანებულ გერმანიაში ჩატარებულ პირველ არჩევნებში, ტრადიციულმა პარტიებმა ხმათა 80%-ზე მეტი მიიღეს, მაშინ როდესაც უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად დღეს ისინი ხმების მხოლოდ 45% აგროვებენ, ხოლო რადიკალური მემარჯვენეები, რადიკალური მემარცხნეები და მწვანეები კი 41.5%-ს.
ამის ნაცვლად, ადამიანები თავს აფარებენ რასით, რელიგიით ან სექსუალობით განსაზღვრულ ჯგუფურ იდენტობებს. შედეგად, სახეზე გვაქვს მეორე პრინციპის ანუ საერთო ინტერესის ფრაგმენტაცია. იდენტობის პოლიტიკა დისკრიმინაციაზე ვალიდური პასუხია, მაგრამ იდენტობების გამრავლებასთან ერთად, თითოეული ჯგუფის პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის სხვა დანარჩენი ჯგუფების პოლიტიკასთან. სასარგებლო კომპრომისის მონახვის ნაცვლად, დებატები იქცევა ტრაიბალური მძვინვარების გამოხატვის საშუალებად. მემარჯვენე ლიდერები განსაკუთრებით იყენებენ იმიგრაციის შედეგად წარმოქმნილ დაუცველობის განცდას და ამით ცდილობენ მხარდაჭერის გაზრდას. ისინი იყენებენ ამპარტავნულ მემარცხენე არგუმენტებს პოლიტიკური კორექტულობის შესახებ, რითაც აძლიერებენ საკუთარი ამომრჩევლის რწმენას, რომ მათ ზემოდან უყურებენ. შედეგად ვიღებთ პოლარიზაციას. ზოგჯერ ამას თან სდევს პარალიზება, ზოგჯერ კი უმრავლესობის ტირანია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს აძლიერებს უკიდურესად მემარჯვენე ავტორიტარულ ლიდერებს.
ლიბერალები დებატებს გეოპოლიტიკაშიც აგებენ. ლიბერალიზმი მე-19 და მე-20 საუკუნეში თავდაპირველად ბრიტანეთის საზღვაო ჰეგემონიის, მოგვიანებით კი აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო აღმასვლის ფონზე გავრცელდა. ამის საპირისპიროდ, დღეს ლიბერალური დემოკრატია უკან იხევს მაშინ, როდესაც რუსეთი დივერსანტის როლს თამაშობს, ჩინეთი კი თავის მზარდ გლობალურ ძალაუფლებას ამტკიცებს. თუმცა, ალიანსების იმ სისტემისა და იმ ლიბერალური ინსტიტუტების დაცვის ნაცვლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნა, ამერიკა მათ ყურადღებას არ აქცევს და უფრო მეტიც - დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თავს ესხმის მათ.
უკან გამოსვლის იმპულსური სურვილი არასწორ წარმოდგენას ემყარება. როგორც ისტორიკოსი რობერტ კაგანი შენიშნავს, ამერიკა ომებსშორისი იზოლაციიდან პოსტ-ომისეული ჩართულობის პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირის შესაკავებლად არ გადასულა, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ. რეალურად, იხილეს რა თუ როგორ კვებავდა 1920-იანი და 1930-იანი წლების ქაოსი ფაშიზმსა და ბოლშევიზმს, ომისშემდგომი პერიოდის ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწეებმა დაასკვნეს, რომ ულიდერო მსოფლიო საფრთხეს წარმოადგენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, დინ აჩესონის სიტყვებით, ამერიკა ვეღარ დაჯდებოდა და „გააგრძელებდა ლოდინს მისაღებ ოთახში დატენილი იარაღით“.
აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ 1991 წელს, ამერიკა მომენტალურად ვერ გახადა უსაფრთხო. თუ მსოფლიოს ლიბერალური იდეები არ ამყარებს, მაშინ არსებობს რისკი, რომ გეოპოლიტიკა გადაიქცევა ძალთა ბალანსის და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლად, რომელშიც ჩაბმულნი იყვნენ ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები მე-19 საუკუნეში. აღნიშნულმა კულმინაცია ფლანდრიის ტალახიან ბრძოლის ველებზე ჰპოვა. დღეს არსებული მშვიდობიანობის შენარჩუნების მიუხედავად, ლიბერალიზმი მაინც იზარალებს, რადგან უცხოელი მტრების მზარდი შიში, ადამიანებს ავტორიტარებისა და პოპულისტების მკლავებში უბიძგებს.
ეს ლიბერალიზმის ახლიდან ჩამოყალიბების მომენტია. ლიბერალებმა ნაკლები დრო უნდა დაუთმონ საკუთარი კრიტიკოსების სულელებად და ფანატიკოსებად შერაცხვას და მეტი იფიქრონ უარყოფითის აღმოფხვრაზე. ლიბერალიზმის ჭეშმარიტი სული რადიკალური და დამანგრეველია და არა თვითგადარჩენისკენ მიდრეკილი. „ეკონომისტი“ დაარსდა „პურის კანონების“ გაუქმების მხარდასაჭერად, რომელიც ვიქტორიანულ ბრიტანეთში იმპორტზე ტარიფებს აწესებდა. დღეს ეს კომიკურად ტრივიალურად გამოიყურება. მაგრამ 1840-იან წლებში, ქარხნის მუშათა შემოსავლის 60% საკვებზე იხარჯებოდა, მათ შორის მესამედი პურზე. „ეკონომისტი“ შეიქმნა, რომ მხარი დაეჭირა ღარიბებისთვის, ხორბლის მწარმოებელი კლასის წინააღმდეგ. დღეს, ანალოგიური ხედვით, ლიბერალები გვერდით უნდა დაუდგნენ მებრძოლ პრეკარიატს პატრიციების წინააღმდეგ.
ლიბერალებმა ახლიდან უნდა იპოვონ რწმენა ინდივიდის ღირსებასა და საკუთარ თავზე დაყრდნობაში და ამისთვის საკუთარი პრივილეგიები უნდა შეზღუდონ. ლიბერალებმა უნდა შეწყვიტონ ნაციონალიზმის გაკილვა, სცადონ დაეპატრონონ მას და შეავსონ საკუთარი ბრენდის ინკლუზიური სამოქალაქო სიამაყით. ცენტრალიზებულ სამინისტროებსა და არაანგარიშვალდებული ტექნოკრატიებისთვის ძალაუფლების გადაცემის ნაცვლად, ლიბერალებმა უნდა უზრუნველყონ ძალაუფლების დევოლუცია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებზე. გეოპოლიტიკის დიდ სახელმწიფოებს შორის ნულჯამოვან ბრძოლად მიჩნევის ნაცვლად, ამერიკა უნდა დაეყრდნოს თვითგაძლიერების ტრიადას - მის სამხედრო ძალას, ღირებულებებსა და მოკავშირეებს.
საუკეთესო ლიბერალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ პრაგმატულობით და ადაპტირებადობით. პირველ მსოფლიო ომამდე, თეოდორ რუზველტი დაუპირისპირდა მძარცველ ბარონებს, რომლებიც ამერიკის დიდ მონოპოლიებს მართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადრეული ლიბერალი უფრთხოდა ბრბოს მმართველობას, მათ გაითავისეს დემოკრატია. 1930-იანი წლების დეპრესიის შემდეგ, მათ აღიარეს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკის მართვაში შეზღუდული როლი უნდა ჰქონდეს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავიდან აერიდებინათ ფაშიზმი და კომუნიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლიბერალებმა შექმნეს კეთილდღეობის სახელმწიფო.
ლიბერალები დღევანდელ გამოწვევებს ენერგიულად უნდა მიუდგნენ. თუ გაიმარჯვებენ, ეს იმიტომ იქნება, რომ მათი იდეები წარმოუდგენლად ძლიერია თავისუფლებისა და კეთილდღეობის გავრცელების თვალსაზრისით. ლიბერალებმა უნდა მიიღონ კრიტიკა და მიესალმნონ დებატებს, როგორც იმ ახალი აზროვნების წყაროს, რომელიც გამოაცოცხლებს მათ მოძრაობას. ლიბერალებმა უნდა გამოამჟღავნონ სიმამაცე და მოუთმენლობა, როდესაც საქმე რეფორმას ეხება. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წინ მთელი სამყარო აქვთ.
175 წლის წინ, როდესაც „ეკონომისტი“ დაარსდა, ჩვენი პირველი რედაქტორი, ჯეიმს უილსონი, იძლეოდა დაპირებას, რომ ეს იქნებოდა „მწვავე დაპირისპირება წინ მიმავალ აზროვნებას და უღირს, ლაჩრულ უვიცობას შორის, რომელიც ჩვენ წინსვლას აბრკოლებს“. ჩვენ ვადასტურებთ ერთგულებას ამ კონკურენციის მიმართ და ვთხოვთ ყველა ლიბერალს შემოგვიერთდნენ.
იხ. ორიგინალი ვერსია ამ ბმულზე.
მთავარი ფოტო: The Economist