წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება ჯამში 1 690,6 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2013-2017 წლებში - 1 456,7 მლნ ლარს. ამ პერიოდში, მიუხედავად დაფინანსების ზრდისა, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი მცირდება. მეტიც, 2017 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი 2.7%-ით შემცირდა. ასევე, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი კლებადია. 2012 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა 20.2%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობა - 12.1%-ით. ამდენად, ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფად იზრდება და ვითარდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა.
მართალია, 2018 წლის I კვარტლის სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 4.5%-ია, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაგრამ მსგავსი შედარება არასწორია, რადგან პოლიტიკოსი ხარჯებთან მიმართებით წლიურ მაჩვენებლებზე საუბრობს. სექტორის ზრდის შესაფასებლად კი, კვარტალურ მონაცემს იყენებს. ჯამში, 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობა რეალურად 12.1%-ით გაიზარდა. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კონტექსტი, რომელიც ამ სექტორის არაეფექტიანობას ეხება, სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან ამ პერიოდში სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 190.6 მლნ ლარის დამატებითი ღირებულება შეიქმნა.
ანალიზისაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების მანძილზე სოფლის მეურნეობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ხოლო ზრდა 4.5%-ია. ჩვენ აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძესთან დავაზუსტეთ. მისი განმარტებით, „ბოლო წლებში“ ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს გულისხმობდა და ზრდის ნაწილში კი 2018 წლის I კვარტალში არსებულ ზრდას (2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით).
2013-2017წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებამ 1 456,7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის გეგმის ჩათვლით - 1 690,6 მლნ ლარი. 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოდ 3.0%-ს შეადგენდა. თუმცა, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაში ეს მაჩვენებელი 1.9%-ია, ხოლო აბსოლუტურ მონაცემებში - 233,9 მლნ ლარი. 2018 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (გარემოს დაცვის გარეშე) დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, 95.2 მლნ ლარით ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა 2012 წლიდან დაიწყო, როცა მისმა წილმა მთლიან გადასახდელებში 2.9%-ს მიაღწია (2011 წელს 1.1%).
გრაფიკი 1:სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ზრდის მაჩვენებლები (მლნ ლარი, %)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო; სტატისტიკის ეროვნული სამსახური [i]სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის/კლების ტენდენციას არასტაბილურობა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სოფლის მეურნეობაში დაფინანსება 168.3%-ით გაიზარდა (აბსოლუტური) და ბიუჯეტის ასიგნებებში მისმა წილმა მანამდე არსებული 1.1%-დან 2.9%-ს მიაღწია, აღნიშნულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორი 3.8%-ით შემცირდა. 2013 წელს დაფინანსების მოცულობა თითქმის იგივე იყო და ეს წელი 11.3%-იანი ზრდით გამოირჩევა. თუმცა, ეს ზრდა ერთჯერადი ეფექტის მომტანი აღმოჩნდა, რაც შესაძლოა ამავე წელს დარიგებული ვაუჩერების პირველად ეფექტს უკავშირდებოდეს.
აღნიშნული წლების შემდეგ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ნომინალური და ფარდობითი (ასიგნებებში წილი) მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ ამ სექტორის რეალური ზრდა 2014-2015 წლებში 1.6% და 1.5% იყო, ხოლო 2016 წელს ყველაზე მეტი მოცულობის დაფინანსების პირობებში - 0.3%. 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებამ 329.1 მლნ ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 2.8%) შეადგინა, ხოლო სექტორი 2.7%-ით შემცირდა. ასევე, 2018 წლის I კვარტალშიც კლებაა, 2.2%-ით.
2013 წლიდან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი ყოველწლიურად მცირდება. ე.ი. სხვა სექტორში უფრო მეტი დამატებითი ღირებულება იქმნება, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ია, მაგრამ ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობაში 2.7%-იანი კლება გვაქვს. შესაბამისად, მთლიან შიდა პროდუქტში ამ სექტორის წილი 8.2%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, 2017 წლის მონაცემებით სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაჩვენებელი მთლიანი დასაქმების 43.2%-ია, რაოდენობრივად 736.5 ათასი შრომისუნარიანი პირი. დასაქმებულთა 43.2%-ის მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2%-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სოფლის მეურნეობის არაპროდუქტიულობას და დაბალ შემოსავლიანობას. აღნიშნული კი ცხოვრების დონეზე აისახება.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის მიერ ნახსენებ ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს - ეს მონაცემი 2018 წლის I კვარტლის 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებას ასახავს. 2018 წლის I კვარტალში, 2012 წლის I კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, მაგრამ მსგავსი შედარება არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში განცხადების ავტორი საუბრობს 5-6 წლიან პერიოდში არსებულ დაფინანსებაზე და მის შედეგებზე. შესაბამისად, მიღებული შედგების საზომად გამოყენებულ უნდა იქნას არა კვარტალური მონაცემის შედარება, არამედ წლიური მაჩვენებლის საწყის წელთან შედარება. ამიტომ, უნდა ვნახოთ 2017 წლის წლიური მონაცემების 2012 წლის მაჩვენებლებთან მიმართება. 2012-2017 წლებში სოფლის მეურნეობის 12.1%-იანი ზრდაა, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 190.6 მლნ ლარია.[ii]ამავე პერიოდში საქართველოს მთლიანი ეკონომიკა 20.2%-ით გაიზრდა. მათ შორის, 50%-ზე მეტი ზრდით გამოირჩევა ისეთი სექტორები, რომელშიც სახელმწიფო სუბსიდია არ არის ან სახელმწიფოს კონტრიბუცია ნაკლებია.
[i]
დაფინანსება წარმოდგენილია 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით; 2018 წლის I კვარტლის მაჩვენებლები წინა წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული.
[ii] დათვლილია მუდმივ ფასებში (2010 წელი).