რეზიუმე: 2017 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სექტორში 736.5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც დასაქმებულთა ჯამური ოდენობის 43.2%-ია. 2003-2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი, საშუალოდ, 48.4%-ია, თუმცა 2007 წლიდან გამოკვეთილად იკლებს, რაც დადებითი ტენდენციაა.

სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ოდენობაში მაღალია (2016 წლის მდგომარეობით 47.7%) თვითდასაქმებულთა წილი, რომელთა უმრავლესობა საკუთარ ოჯახურ მეურნეობებში დასაქმებულ პირებს წარმოადგენენ და მათი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქცის უმთავრესი ნაწილი ოჯახური მეურნეობების ფარგლებშივე მოიხმარება. ამ ადამიანების დასაქმების ეფექტურობა/შედეგიანობა როგორც წესი დაბალია.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა სრული ოდენობის თითქმის ნახევარი, სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, მთლიან შიდა პროდუქტში სექტორის წილი 10%-ზე ნაკლებია, რაც დასაქმების არაეფექტურობისა და დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებელია. დაბალი პროდუქტიულობა ავტომატურად ნიშნავს შემოსავლების სიმცირეს, რაც შესაბამისად აისახება ცხოვრების დონეზეც. მეტი სიცხადისათვის, უშუალოდ 2017 წელს დასაქმებულთა 41%-მა, მთლიანად ქვეყანაში შექმნილი ღირებულების მხოლოდ 8.2% შექმნა.

თვითდასაქმებულთა მაღალი წილის (არაეფექტური დასაქმება) პარალელურად, სოფლის მეურნეობის სექტორში დაბალია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურებაც. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, სოფლის მეურნეობის სექტორში, მთლიანი ეკონომიკის (ყველა სექტორის) საშუალო მაჩვენებელზე 30-40%-ით ნაკლებია.

ანალიზი

პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა,რომ საქართველოს მოსახლეობის 50% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული რაც სიღარიბეს იწვევს და არა განვითარებას.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სექტორში 736.5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც დასაქმებულთა ჯამური ოდენობის 43.2%-ია. მსოფლიო ბანკი აღნიშნულ მონაცემს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასებაზე დაყრდნობით აქვეყნებს, მოცემული წყაროს შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი ანალოგიური პერიოდისათვის 40.9%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა წილის ცვლილების ტენდენციას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გრაფიკი 1 ასახავს. ბოლო წლების მანძილზე მაჩვენებელი პერმანენტულად მცირდება, რაც დადებითი ტენდენციაა. 10 წლის განმავლობაში კლებამ 12.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გრაფიკი 1:სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში

image001

წყარო: მსოფლიო ბანკი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

რაც შეეხება პროდუქტიულობას, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა სრული ოდენობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში სექტორის წილი 10%-ზე ნაკლებია, რაც დასაქმების არაეფექტურობისა და დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებელია. დაბალი პროდუქტიულობა ავტომატურად ნიშნავს შემოსავლების სიმცირეს, რაც შესაბამისად აისახება ცხოვრების დონეზეც. მეტი სიცხადისათვის უშუალოდ 2017 წელს დასაქმებულთა 41%-მა მთლიანად ქვეყანაში შექმნილი ღირებულების მხოლოდ 8.2% შექმნა.

ამავდროულად, თავისთავად სოფლის მეურნეობის წილობრივი მაჩვენებლის ზრდა მშპ-ში სასურველი თვითმიზანი არ არის. პირიქით, ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, მეტად კონკურენტუნარიანი დარგების უფრო სწრაფი ტემპით განვითარების შედეგად, მოსალოდნელია მისი მნიშვნელობის არსებითად შემცირდება. ვინაიდან, სხვა თანაბარ პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია განვითარებულ ეკონომიკებში და მაღალია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, პრობლემაა არა სოფლის მეურნეობის დაბალი წილი ეკონომიკაში, არამედ სამუშაო ძალის ჭარბი ოდენობა, რომელიც ამ შედეგის მისაღწევად არის გამოყენებული.

სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ოდენობაში მაღალია (2016 წლის მდგომარეობით47.7%) თვითდასაქმებულთა წილი, რომელთა უმრავლესობა საკუთარ ოჯახურ მეურნეობებში დასაქმებულ პირებს წარმოადგენენ და მათი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის უმთავრესი ნაწილი ოჯახური მეურნეობების ფარგლებშივე მოიხმარება. ამ ადამიანების დასაქმების ეფექტურობა/შედეგიანობა, როგორც წესი, დაბალია. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში (საქართველო მიეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას) სოფლის მეურნეობის სექტორში თვითდასაქმებულთა „წარმატებულობა“ შეფასებულია ორ ინდიკატორზე დაყრდნობით: 1) თვითდასაქმებული გამოდის თუ არა დამქირავებლის როლში, ანუ ქირაობს თუ არა სხვა პირს საკუთარი საქმიანობის ფარგლებში და 2) თვითდასაქმებულის ოჯახში ერთ სულზე დღიური მოხმარება აღემატება თუ არა 2 დოლარს[1].

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სექტორში თვითდასაქმებულთა მხოლოდ 5% იყენებს დაქირავებულ შრომას („წარმატებული დასაქმების“ პირველი ინდიკატორი) ხოლო მინიმალური მოხმარების ზღვარს (2 დოლარი დღეში - „წარმატებული დასაქმების“ მეორე ინდიკატორი) 23% სცდება.

გრაფიკი 2: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი

image002

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თვითდასაქმებულთა მაღალი წილის (არაეფექტური დასაქმება) პარალელურად, სოფლის მეურნეობის სექტორში დაბალია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურებაც. როგორც გრაფიკზე ჩანს, დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, სოფლის მეურნეობის სექტორში, არსებითად (30-40%) ჩამოუვარდება მთლიანი ეკონომიკის (ყველა სექტორის) საშუალო მაჩვენებელს.

[1] სიღარიბის ზღვარი კვლევის მიზნებისთვის

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი