ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
წყარო: აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
წყარო: აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
წყარო: აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი
რეზიუმე: აჭარის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებამდე, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას იღებდა 3 386 ადამიანი. 2018 წლის მაისის ცვლილებებით, მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირებულია 35 ერთეულით, რაც ნიშნავს, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტი შრომას 3 351 დასაქმებულს აუნაზღაურებს. თუმცა, შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება და 37 252 600 ლარს შეადგენს, რაც შესადარებელ მაჩვენებელს 1 372 700 ლარით აღემატება. შესაბამისად, განცხადების ავტორი ხელფასების ზრდაზე სწორად მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აჭარის ა/რ მთავრობისა და ოთხივე სამინისტროს აპარატებში, ასევე ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში შტატგარეშედ დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 2017 წელს 458 ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 47 ერთეულითაა გაზრდილი. შესაბამისად, მოიმატა შტატგარეშედ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოცულობამაც. მატება 1 454 500 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ახალი ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების შექმნას, აჭარის ა/რ მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით, მხოლოდ ერთი ახალი სსიპი - „აჭარის მუზეუმი“ შეიქმნა, რომელშიც ოთხი მუზეუმი გაერთიანდა. გამოდის, რომ ელგუჯა ბაგრატიონის განცხადების ეს ნაწილი ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ის ა(ა)იპ-ების შექმნაზე მრავლობით რიცხვში საუბრობს. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის ნამატის მნიშვნელოვანი წილი, 82.32% კაპიტალურ ხარჯებზე მიემართება.
ანალიზი მიმდინარე წლის მაისში აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონმა, განაცხადა: „[აჭარის ა/რ ავტონომიურ ბიუჯეტში] არის კვლავ ხელფასების ზრდა, კვლავ საშტატო ერთეულების ზრდა, დამატებითი ა(ა)იპ-ების შექმნა, შესაბამისად, ცვლილებებს ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნებოდა“. „აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის 23 მაისს ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც შემოსულობები 7 666 400 ლარით გაიზარდა და 267 666 400 ლარი შეადგინა. შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა ძირითადად განპირობებულია არაფინანსური აქტივების კლებით (ქონების პრივატიზაციით, გაყიდვით) - საპროგნოზო მაჩვენებელი 7 483 800 ლარით იზრდება. შეიცვალა ნაშთის1 ცვლილების მუხლიც. აჭარის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებამდე „ნაშთის ცვლილების“ მაჩვენებელი მინუს 95 000 000 ლარი იყო, ბოლო მონაცემით კი მინუს 107 855 100 ლარია.
ცხრილი 1: აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები (ლარი)
დასახელება | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებებამდე, ლ | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებების შემდეგ, ლ | ცვლილების მოცულობა, ლ |
შემოსულობები | 260 000 000 | 267 666 400 | 7 666 400 |
შემოსავლები | 240 000 000 | 240 182 600 | 182 600 |
არაფინანსური აქტივების კლება | 20 000 000 | 27 483 800 | 7 483 800 |
ფინანსური აქტივების კლება | 0 | 0 | 0 |
ვალდებულებების ზრდა | 0 | 0 | 0 |
შემოსულობებისა და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა გადასახდელების 20 521 500 ლარით ზრდა. წინა რედაქციით, გადასახდელების მოცულობა 355 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, ახალ რედაქციაში კი 375 521 500 ლარს შეადგენს.
ცხრილი 2: აჭარის ა/რ 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები (ლარი)
დასახელება | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებებამდე, ლ | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებების შემდეგ, ლ | ცვლილების მოცულობა, ლ |
გადასახდელები | 355 000 000 | 375 521 500 | 20 521 500 |
ხარჯები | 192 501 400 | 196 247 200 | 3 745 800 |
არაფინანსური აქტივების ზრდა | 86 310 300 | 103 195 900 | 16 885 600 |
ფინანსური აქტივების ზრდა | 73 527 600 | 74 017 600 | 490 000 |
ვალდებულებების კლება | 2 660 700 | 2 060 700 | -600 000 |
როგორც ვხედავთ, ნამატი 20 521 500 ლარიდან 82.32% არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ ხარჯებზე) უნდა წარიმართოს. გადასახდელებიდან 7 300 000 ლარი მიემართება შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში. ამ ორგანიზაციას ბათუმში ახალი სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობების მართვა ევალება. იზრდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის საპროგნოზო მაჩვენებელიც - ეს პარამეტრი 15 602 500 ლარი იყო, ახალი რედაქციით კი 19 181 000 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯებზე, რომელიც შრომის ანაზღაურების თანხასაც მოიცავს, ნამატის 18.25%-ია მიმართული. აქედან (3 745 800 ლარიდან), შრომის ანაზღაურების მაჩვენებელს 1 372 700 ლარი ემატება და 37 252 600 ლარამდე იზრდება. გაზრდილია „საქონელი და მომსახურების“ მუხლიც, რომელიც ასევე ადმინისტრაციულ ხარჯს მიეკუთვნება. ეს მაჩვენებელი ცვლილებამდე 39 375 000 ლარს შეადგენდა, ცვლილების შემდეგ კი 40 724 700 ლარი შეადგინა.
ცხრილი 3: შრომის ანაზღაურების მუხლებში განხორციელებული ცვლილებები (ლარი)
დასახელება | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებებამდე, ლ | 2018 წლის 23 მაისის ცვლილებების შემდეგ, ლ | ცვლილების მოცულობა, ლ |
აჭარის უმაღლესი საბჭო | 3 327 300 | 3 428 200 | 100 900 |
აჭარის ა/რ მთავრობა | 7 784 500 | 8 092 500 | 308 000 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 3 947 400 | 3 876 000 | -71 400 |
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო | 16 161 800 | 16 548 400 | 386 600 |
ჯანმრთელობისა და სოციალური მართვის სამინისტრო | 2 079 500 | 2 334 100 | 254 600 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 2 082 900 | 2 383 400 | 302 500 |
შრომის ანაზღაურების მუხლში ყველაზე მეტი თანხა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაემატა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ანალოგიური პარამეტრი 71 400 ლარით მცირდება, რაც მომუშავეთა რიცხოვნობის შემცირებითაა გამოწვეული: 228 ადამიანის ნაცვლად, ხელფასს 197 ადამიანი აიღებს. ამის მიუხედავად, სამინისტროს მთლიანი დაფინანსება გაზრდილია 2 692 100 ლარით. ამ თანხიდან 167 600 ლარი უწყების ხარჯებს, ხოლო 2 524 600 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრს დაემატა. თუმცა, ბიუჯეტის შრომის ანაზრაურების მუხლში ასახული არ არის შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნება და შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა. ფაქტ-მეტრმა ეს ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, შარშან შტატგარეშედ მუშაობდა 458 ადამიანი. წელს მათი რიცხვი 505 ერთეულია. ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა შტატგარეშედ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. თუ 2017 წელს ამ მიზნით 2 634 800 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4 089 300 ლარს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ზრდა 55.2%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილებით, ახალი სსიპ „აჭარის მუზეუმი“ შეიქმნა. მასში სამი მუზეუმი გაერთიანდა. შარშან მხოლოდ ამ სამი ობიექტის დაფინანსება ჯამში 1 580 400 ლარი იყო. ცვლილების შემდეგ, ახალი სსიპ-ისთვის 1 224 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო მასში შემავალი მუზეუმების დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელი 605 000 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ახალი სსიპ-ის და მასში გაერთიანებული მუზეუმების ხარჯის მოცულობა გაზრდილია და 1 829 500 ლარს აღწევს. 2017 წელს აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან 45 ა(ა)იპ და სსიპ-ი ფინანსდებოდა, 2018 წელს მათი რიცხვი ორი ერთეულით გაიზარდა.
1 შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები.
თეგები: