ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბექა ქორჩილავას განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: რიტუალების სახლების მშენებლობა გორის სოფლებში 2012 წლიდან დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, ამ საკითხს პრიორიტეტულად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხის გახარჯვის დაგეგმვისას, ასახელებდა. ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული პროგრამა, 2012-2016

წლებში მოქმედებდა.

2012-2016

წლებში, გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან, რიტუალების სახლის მშენებლობა 43 სოფელში დაიწყო. აქედან, სამუშაოები სრულად 15 მათგანში განხორციელდა და ფუნქციონირებს შესაბამისი დატვირთვით, 10-ში სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა, თუმცა სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც გამოიყენებენ. საერთო ჯამში, 25 შენობა ფუნქციონირებს სათანადო დანიშნულებით. 18 ობიექტზე კი, სამუშაოები ვერ დასრულდა. აქედან ერთში, ამბულატორია განთავსდა, დანარჩენი 17 კი, უფუნქციოა.

პროგრამის ფარგლებში, 2012-2016 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის 43 სოფელში, რიტუალების სახლების ასაშენებლად, სულ 1 799 489 ლარი დაიხარჯა.

გორის მერის განცხადებით,

სოფლებში რიტუალების სახლების ასაშენებლად თანხები, წინა ხელისუფლების დროს გამოიყო. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი, ამ მიზნით დაწყებული სამუშაოები გაგრძელდა, რისთვისაც, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, გამოყოფილი თანხები არასაკმარისი აღმოჩნდა.

  ანალიზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბექა ქორჩილავას განცხადებით,

„2012-2016 წლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოიყოფოდა თანხები რიტუალების სახლების რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის, თუმცა ამ თანხების ფონზე, მივიღეთ უსახური შენობები, რომლებიც არ არის დასრულებული ან მეტნაკლებად დასრულებულია და არ ფუნქციონირებს. ჩვენ შევაჯამეთ და მივიღეთ, რომ 302 522 ლარია გამოყოფილი აღნიშნული მიმართულებით“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება მის ავტორთან დააზუსტა. ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ მის მიერ გაჟღერებული მონაცემები გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს არ ეხება. რიტუალების სახლებთან დაკავშირებულ საერთო სურათს კი, შემოდგომისთვის გაავრცელებენ.

გორის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის

 მიხედვით, 2012-2016 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანხები, რიტუალების სახლის მოწყობასთან ერთად, მათი ინვენტარით აღჭურვისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობა-ინფრასტრუქტურის მოწყობისთვისაც გამოიყოფოდა.

საერთო ჯამში, ოთხ წელში, სარიტუალო სახლის მშენებლობისთვის თანხები 43 სოფლისთვის გამოიყო.

ამ დროისთვის, შესაბამისი დანიშნულებით, მხოლოდ, 25 სარიტუალო სახლი გამოიყენება. აქედან, 10 შენობაში სამუშაოები დასასრულებელია, თუმცა მათ სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც იყენებენ. 17 სოფელში, შენობები, თანხების გახარჯვის მიუხედავად, სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, უფუნქციოა. ერთ-ერთ სარიტუალო სახლში კი, სადაც სამუშაოები ვერ დასრულდა, ამბულატორია ფუნქციონირებს.

43

სოფლისთვის, რიტუალების სახლის ასაშენებლად, ოთხ წელში, სულ 1 799 489 ლარი დაიხარჯა. აქედან, 2012 წელს - 506 945, 2013 წელს - 416 309, 2014 წელს - 258 418 ლარი, 2015 წელს - 433 282, 2016 წელს კი - 184 535 ლარი.

უშუალოდ იმ სარიტუალო სახლებისთვის კი, სადაც მშენებლობა დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს, 2012-2016 წლებში, ჯამში, 707 009 ლარი დაიხარჯა. 2016 წლის შემდეგ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გაუქმდა, შესაბამისად, დაწყებული სამუშაოების გასაგრძელებლად თანხები აღარ გამოიყო.

გორის მერი მოსახლეობას ახლა სთავაზობს, თავად მოიფიქრონ იმ ფართების ფუნქცია, რომელსაც  წესით რიტუალების სახლის დატვირთვა უნდა ჰქონოდათ. სივრცის სასურველი ფუნქციით გამოსაყენებლად კი, მხარდაჭერას გორის მერია, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამოხატავს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია