ვერდიქტი: ფაქტ-მეტრი გიგა გაბრიჭიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: 2018 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, მერიის კეთილმოწყობისა და სხვადასხვა ინვენტარის შეძენისათვის, გაზაფხულზე გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერზე, ჯამში, 14 506 ლარი დახარჯა. 4 300 ლარი დაჯდა მარტის თვეში, მერის კაბინეტისათვის მაგიდის და კანცელარიისათვის სკამებისა და საკონფერენციო მაგიდის შეძენა. 720 ლარი ზესტაფონის მერიამ კონდიციონერის შესაძენად დახარჯა. გაზაფხულზე შეისყიდეს 5 842 ლარის ღირებულების 20 ტელეფონი და 2 744 ლარის ღირებულების ორი ლეპტოპი. 6 782 ლარი დაჯდა მარტსა და აპრილში, სხვადასხვა ღონისძიებებებზე დამსწრე სტუმრებისათვის დაგეგმილი სადილები. გიგა გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ თანხების ნაწილი ზესტაფონის მერმა საკუთარ რესტორანში (შპს „ძირულა“) გადარიცხა. შპს „ძირულას“ მომსახურება, ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ზესტაფონის მერიას 3 100 ლარი დაუჯდა. კახაბერ მახათაძის სახელი რესტორნის მფლობელებს შორის არ ფიგურირებს. „ძირულას“ წილის მფლობელები მამუკა მახათაძე, გიორგი კაკოჩაშვილი და თეიმურაზ კოპალიანი არიან. ჩვენ ვერ შევძელით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი კახაბერ და მამუკა მახათაძეებს შორის. მართებულად შეიძლება ჩაითვალოს ზესტაფონის საკრებულოს წევრის განცხადების მეორე ნაწილი, რომელშიც ის შშმ პირებზე საუბრობს. კერძოდ, 2018 წელს შემწეობა მოეხსნათ რაიონში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთაც მხედველობის მეორე ან მესამე ჯგუფის შეზღუდვა ჰქონდათ. პირველი ჯგუფის უსინათლოების დახმარება იგივე დარჩა. მათი რაოდენობა 200-დან 220 ბენეფიციარამდე გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ გიგა გაბრიჭიძის მიერ დასახელებული ყველა ფაქტის სიზუსტის გადამოწმება ვერ მოხერხდა, ასევე, ჩვენ არ შევდივართ იმის განხილვაში, რამდენად არის ზემოაღნიშნული ხარჯები მერის პირადი კომფორტისთვის, ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი ზესტაფონის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, გიგა გაბრიჭიძემ, ზესტაფონის მერი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კახაბერ მახათაძემ ბიუჯეტიდან, საკუთარი კეთილდღეობისათვის, 36 496 ლარი დახარჯა. „მერმა სუფრა გააკეთა, სადაც 3 000 ლარის ღირებულების ტორტები შეუკვეთა. ბიუჯეტიდან თანხებს ურიცხავს საკუთარ რესტორანს, რომელშიც მერიის და საკრებულოს ღონისძიებები იმართება. ამ დროს ზესტაფონში შეჩერებულია მოქალაქეებზე დახმარებების გაცემა, ბიუჯეტში თანხების არარსებობის მიზეზით
“ - განაცხადა გაბრიჭიძემ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, 4 300 ლარის ღირებულების ტენდერი (ნომრით NAT180004308), ავეჯის შეძენისთვის, მიმდინარე წლის 16 მარტს გამოაცხადა. გამარჯვებული 26 მარტს გამოვლინდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „დემემ“ ერთი მაგიდა მერის კაბინეტისთვის, ხოლო ერთი საკონფერენციო მაგიდა და 20 სავარძელი მერიისთვის შეიძინა. 900 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს უკვე არსებული ავეჯის შეკეთება. იმავე დღეს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კიდევ ერთი შესყიდვა გამოაცხადა, კოდით SPA180003006, რომელიც კედლის კონდიციონერის შესყიდვას ითვალისწინებდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 780 ლარი იყო. ტენდერში შპს „ტექნოჰაუსმა“ გაიმარჯვა და მერიასთან 720 ლარიანი ხელშეკრულება დადო. 5 842 ლარი დაუჯდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მერიის შენობაში 20 ტელეფონის დამონტაჟება. აღნიშნული მომსახურებისათვის გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8 050 ლარი გახლდათ. 22 მარტს ზესტაფონის მერიამ შპს „ალტასგან“ 2 744 ლარის ღირებულების ორი ლეპტოპი შეიძინა. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებით კვების პროდუქტების შეძენას, 3 199 ლარი ზესტაფონის მერიამ მიმდინარე წლის მარტში, ქალთა დღის აღსანიშნავად მოწყობილ სუფრაზე დახარჯა. 12 მარტს ინდ. მეწარმე თეიმურაზ სულაქველიძესთან 900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო, თუმცა 28 მარტს, კვების პროდუქტებისათვის, მხოლოდ, 100 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის აპრილში, ზესტაფონის მერიამ, ორჯერ დადო ხელშეკრულება შპს „ძირულასთან“. 11-15 აპრილს, რესტორანს კრივის ჩემპიონატში მონაწილე 50 კაცის მასპინძლობა და მათთვის 1 292 ლარის ღირებულების იმერული სუფრის გაწყობა დაევალა. 21-22 აპრილს კი, შპს „ძირულას“, საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი, 70 ადამიანზე გათვლილი, სუფრის გაწყობა დაევალა. ეს შესყიდვა მუნიციპალიტეტს 1 808 ლარი დაუჯდა. იგივე ფესტივალის სტუმრებისათვის, გათვალისწინებულ მსუბუქ კვებაზე, მერიამ 222.50 ლარი დახარჯა. ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა გიგა გაბრიჭიძის კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ზესტაფონის მერის, კახაბერ მახათაძის მიერ საბიუჯეტო სახსრების საკუთარ რესტორანში გადარიცხვას შეეხებოდა. რესტორანი „ძირულა“, რომელთანაც ზესტაფონის მერიამ ორჯერ დადო ხელშეკრულება, 2016 წლის 28 მარტის მონაცემებით, მამუკა მახათაძეს, გიორგი კაკოჩაშვილსა და თეიმურაზ კოპალიანს ეკუთვნით. როგორც გიგა გაბრიჭიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, შესაძლოა, მამუკა და კახაბერ მახათაძეებს ნათესაობა აკავშირებდეთ. თუმცა, ფაქტ-მეტრისთვის ცალსახად დადასტურება ან უარყოფა იმისა, რომ ზესტაფონის მერს რესტორანთან რაიმე სახის კავშირი აქვს, შეუძლებელია. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილ თანხას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2016 და 2017 წლების ბიუჯეტში, მხედველობით პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე თვიურად 40 ლარი იყო გამოყოფილი. 2017 წელს ასეთი 200 ბენეფიციარია. თვეში 30 ლარია გამოყოფილი, ამავე წლებში, 80 პირზე, რომელთაც მხედველობის სხვადასხვა პრობლემები ჰქონდათ. 2018 წელს, ასევე, 40 ლარით განისაზღვრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 პირველი ჯგუფის უსინათლოს დახმარება, თუმცა შემწეობის მიმღებთა სიაში ვეღარ მოხვდნენ პირები, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული მეორე ან მესამე ჯგუფის შეზღუდვა ჰქონდათ და გასულ წლებში 30 ლარიან დახმარებას იღებდნენ. ჯამში, ამ ადამიანების შემწეობა 2017 წელს 28 800 ლარს შეადგენდა. გიგა გაბრიჭიძის განცხადების საპასუხოდ, ზესტაფონის მერიაში განაცხადეს,რომ მხედველობის ნაწილობრივი შეზღუდვა ან მცირე პრობლემები მუნიციპალიტეტში შესაძლოა ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს, ბიუჯეტს კი არ გააჩნია შესაბამისი სახსრები, რომ ყველას დაეხმაროს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 30 ლარიანი დახმარების მიმღები დაახლოებით 80 პირი მიმდინარე წელს ამ დახმარების გარეშე დარჩა.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებული წყაროები იხილეთ ამ ბმულზე.