საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ ბრძანება 2011 წლის 14 ივლისს იქნა გამოცემული, ზურაბ ადეიშვილის მიერ. ბრძანება ადგენს პირადობის მოწმობაში ინდივიდუალური ნომრის აუცილებელ მახასიათებლებს, რომლის მიხედვითაც, პირადი ნომრის ბოლო ხუთ ციფრში შესაძლებელია გამოყენებული იყოს რიგითი ნომრების ნებისმიერი კომბინაცია 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგ. 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.
ანალიზი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა:„პირადობის მოწმობიდან სერია 666 ამოღებული იქნა 2011 წელს. ამოიღო მისმა [ოთარ კახიძის] მოსაწონმა მინისტრმა, ადეიშვილმა. რატომ არის ეს ცუდი გადაწყვეტილება, არ ვიცი. მოქალაქეებს არ მოსწონთ 666 და ადეიშვილმა ერთხელ დაუჯერა საკუთარ მოქალაქეებს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ ბრძანებაიუსტიციის მინისტრმა 2011 წლის 14 ივლისს გამოსცა. ბრძანების მე-4 მუხლში გაწერილია აუცილებელი მახასიათებლები მოწმობის ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაციის შესახებ და აღნიშნულია, რომ მოწმობის ინდივიდუალურ ნომერში გამოყენებული უნდა იყოს 9 ნიშნა რიცხვი. ამასთან, წარმოდგენილია ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: 00IA00001, სადაც პირველი ორი ციფრი გამოშვების წელის აღმნიშვნელია, შემდეგი ორი სიმბოლო კი, ასოების კომბინაცია (PR და TR-ს გარდა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ასოების კომბინაციის გამოყენება). რაც შეეხება შემდეგ ხუთ ციფრს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რიგითი ნომერი 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგ. 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XXX666.
ამავე ბრძანების თანახმად, ინდივიდუალური ნომრის სპეციფიკაციის იგივე მახასიათებლები ვრცელდება საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ფორმასა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებაც. თუმცა, ერთი განსხვავებით - მუდმივი ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში, ინდივიდუალური ნომრის ორ სიმბოლოს წარმოადგენს ასოების კომბინაცია - PR, ხოლო დროებითი ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში - TR. შეზღუდვა ბოლო 5 ციფრის შემადგენლობაში 666-ის კომბინაციის შესახებ ორივე შემთხვევაში ერთნაირად ვრცელდება.
აღნიშნულ ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.