რეზიუმე: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის მდივანი.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეიცვალა, თუ - არა აჭარის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციებისა და კომისიების (კომიტეტების) თავმჯდომარეების, ასევე დეპუტატების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ანაზღაურებასთან შედარებით.

როგორც კვლევამ აჩვენა, 2012-დან 2018 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, როგორც თანამდებობის პირთა რაოდენობამ, ისე მათზე გაცემულმა შრომის ანაზღაურების მოცულობამ თავის მაქსიმუმს 2016 წელს მიაღწია. ამ წელს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე, თანამდებობრივ სარგოს 19 ადამიანი იღებდა. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს რეგიონის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ახალი შემადგენლობით შეუდგა. აღნიშნულ წელს, ანაზღაურების სახით, ჯამში 1 027 870 ლარი გაიცა. 2017 წელს ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები - 778 893 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის განმავლობაში თანამდებობის პირები თანამდებობრივი სარგოს სახით (უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაცია 2018 წლიდან აღარ გაიცემა) 894 000 ლარს, შარშანდელთან შედარებით, 115 107 ლარით მეტს აიღებენ.

ანალიზი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო აირჩევა ოთხი წლის ვადით და შედგება 21 წევრისგან, რომელთა შორის 15 არჩეულია პროპორციული საარჩევნო სისტემით და 6 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

აჭარის ა/რ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირები არიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის (2018 წლის 25 მაისის #32 ბრძანებით, კომისიამ კომიტეტის უფლებამოსილება შეიძინა) თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის, მოადგილე და ფრაქციის მდივანი. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირია ასევე აპარატის უფროსი.

რეგიონის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში ექვსი კომისია (კომიტეტი) ფუნქციონირებს: აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა; ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა; ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა.

2012 – 2013 წლებში უმაღლეს საბჭოში ხუთი ფრაქცია იყო. 2014 – 2016 წლებში ფრაქციების რაოდენობა შვიდ ერთეულს შეადგენდა. 2016 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში უკვე ოთხი ფრაქცია ფიქსირდება. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია 2017 და 2018 წლებშიც. დროის ამ მონაკვეთში იცვლებოდა თანამდებობრივი სარგოს მიმღებ წევრთა რაოდენობა.

გრაფიკი 1: აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში თანამდებობრივი სარგოს მიმღებ წევრთა რაოდენობა 2012-2018 წლებში[1]

image001

წყარო: იხ. ბმული 1; ბმული 2

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, შრომის ანაზღაურების სახით, ჯამში 126 639 ლარი აიღეს. 2013-დან 2018 წლამდე პერიოდში იცვლებოდა თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოსა და უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაციის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაც.

გრაფიკი 2: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირებზე გაცემული თანამდებობრივი სარგოსა და უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაციის ჯამური ოდენობა

image003

წყარო: იხ. ბმული 1; ბმული 2

2016 წელს თანამდებობრივი სარგოსა და კომპენსაციის სახით თანამდებობის პირებმა 1 027 870 ლარი აიღეს. ინფორმაციისთვის, ამ წელს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. ამიტომ ანაზღაურება 20 ნოემბრამდე 19 თანამდებობის პირზე გაიცა, ხოლო 20 ნოემბრიდან - 14 თანამდებობის პირზე.

2018 წლიდან უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაცია აღარ გაიცემა. აჭარის ა/რ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრი მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს იღებს. მიმდინარე წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირებმა ჯამში 894 000 ლარი უნდა აიღონ.

გრაფიკი 3: უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა 2013-2018 წლების მიხედვით

image005

წყარო: იხ. ბმული 1; ბმული 2

როგორც კვლევამ აჩვენა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2016 წელს. ამ წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამის შემდეგ, 2017 წელს, თანამდებობის პირებმა ყველა შესადარებელ წელთან მიმართებით ნაკლები ანაზღაურება აიღეს, თუმცა მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურება, შარშანდელთან შედარებით, 115 107 ლარით იზრდება. 2018 წლიდან შეიცვალა ანაზღაურების გაცემის პრინციპი. 2017 წლის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოს წევრები იღებდნენ როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაციას. ახალი წესით, მხოლოდ თანამდებობრივი სარგო გაიცემა. თანამდებობის პირის ანაზღაურება უკვე მოიცავს როგორც თანამდებობრივი სარგოსთვის, ისე კომპენსაციისთვის განკუთვნილ თანხებს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მიხედვით, თანამდებობის პირია უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსიც. 2012 წლიდან (არასრული წელი) მიმდინარე წლის 1 ივნისის ჩათვლით, აპარატის უფროსის შრომის ანაზღაურებისთვის გაცემულია ჯამში 243 829 ლარი. 2018 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ თანამდებობრივი სარგო გაიცემა. ხუთ თვეში აპარატის უფროსის ანაზღაურებამ ჯამში 18 500 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ თვეში მისი ხელფასი 3 700 ლარია, წლის განმავლობაში კი - 44 400 ლარი.

გრაფიკი 4:აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის შრომის ანაზღაურების მოცულობა 2013-2018 წლებში

image007

როგორც გრაფიკიდან ჩანს, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ანაზღაურება ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო. მომდევნო წელს ანაზღაურების მოცულობამ მოიკლო, შემდეგ კი, 2014-თან შედარებით, ზრდა განიცადა. წელს აპარატის უფროსის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა შარშანდელ მაჩვენებელს 1 155 ლარით აღემატება, ხოლო საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს - 2 865 ლარით.

[1] 2018 წლის მაჩვენებელი მოიცავს 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდს

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი