რეზიუმე:
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველთვიური დაფინანსება 4 300 ლარს შეადგენს, შესაბამისად, 2017 წელს ბიუროსთვის გამოყოფილი ფონდი 51 600 ლარით განისაზღვრა.
2016წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიურომ 2017 წელს 905 მოქალაქე მიიღო. სიტყვიერი კონსულტაცია კი 540 მოქალაქეს გაუწია.
ანალიზი გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის განცხადებით, ამჟამად ბიუროს ხარჯები თვის განმავლობაში დაახლოებით 4 200 ლარს შეადგენს. „ბიუროს ყოველთვიური ხარჯი 4 200 ლარია, წლიური კი 50 400 ლარს შეადგენს. ხარჯების ძირითადი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ“- განაცხადა
მაკრახიძემ.
იოსებ მაკრახიძე ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. ამ პერიოდიდან გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან 4 300 ლარს იღებს. საჯარო ინფორმაციისმიხედვით, 3 380 ლარი ბიუროს თანამშრომელთა ხელფასებში ნაწილდება. დანარჩენი 920 ლარი კი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ხმარდება.
რაც შეეხება გასულ წლებში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსებას, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 31 იანვრის №5683 დადგენილებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფოდა 534 ლარი (01.01.2008-დან), ხოლო 2008 წლის 1 სექტემბრიდან − 1 070 ლარი (01.01.2009-მდე). საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატის ბიუროებს, 2009 წლის იანვრიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან, გორის და ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოთ 1 070 ლარი და გორის მაჟორიტარ დეპუტატის ბიუროს ყოველთვიურმა დაფინანსებამ შეადგინა 2 140 ლარი. შესაბამისად, 2009-2010 წლებში გორის მაჟორიტარის ბიუროს წლიურმა დაფინანსებამ შეადგინა 25 680 ლარი. ხოლო, 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 14 სექტემბრამდე − 19 260 ლარი. ამის შემდეგ, პარლამენტის ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გორს მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ჰყოლია, რადგან პარლამენტარი გიორგი ტატიშვილი გუბერნატორად გადაიყვანეს. 2012 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გორის მაჟორიტარი დეპუტატის (მალხაზ ვახტანგაშვილი) ბიუროს ფონდმა 2 340 ლარი შეადგინა. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით,მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ყოველთვიური ფონდი 5 000 ლარით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, 2013-2015 წლებში ბიუროს წლიურმა დაფინანსებამ 60 000 ლარი შეადგინა.
2016წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში ორი მაჟორიტარის ბიურო მუშაობს (ქალაქისა და თემის), შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან თანხები, მესამე წელია, ორი ბიუროსთვის ცალ-ცალკე ირიცხება.
ცხრილი 1:
გორის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება (ლარი)
01.01.2008 -01.09.2008 | 01.09.2008-01.01.2009 | 2009-2010 | 2011.01.01-14.09 | 18.11-31.12.2012 | 2013-2015 | 1.01-19.11.2016 | 2017 | 2018 (5 თვე) |
4 272 | 4 280 | 25 680 | 19 260 | 2 340 | 60 000 | 53 333 | 51 600 | 21 500 |
ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, მაკრახიძე პირადად შეხვდა 145 მოქალაქეს, 905 მოქალაქეს გაეწია სიტყვიერი კონსულტაცია, ხოლო 220 მოქალაქეს ბიუროს თანამშრომლები ინდივიდუალურად ხვდებოდნენ. ხოლო ბიურომ სხვადასხვა სტრუქტურასთან შუამდგომლობის 97 წერილი გაგზავნა. აქედან, 54 დაკმაყოფილდა.