რეზიუმე:
საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ინდექსის დაანგარიშების მიზანს, ცალკეულ ქვეყნებში საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის შეფასება წარმოადგენს. კვლევაში გამოყენებულია 109 განსხვავებული ინდიკატორი, რომლის საფუძველზეც შეფასებულია ერთი მხრივ რამდენად დროულად ქვეყნდება საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტები, ხოლო მეორე მხრივ, რამდენად სრულყოფილია აღნიშნულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია. საბიუჯეტო პარტნიორობის ინდექსის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ღია ბიუჯეტის კუთხით, საქართველომ 82 ქულით (100 შესაძლებლიდან) მე-5 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, შვედეთსა და ნორვეგიას ჩამორჩა. 2015 წელთან შედარებით (წინა ანგარიში), წინსვლამ რეიტინგში 11 ადგილი შეადგინა, თავად ინდექსი კი 16 პუნქტით გაუმჯობესდა. მოცემული კვლევის ფარგლებში, 2006 წლიდან დღემდე, როგორც საქართველოს სარეიტინგო ქულა, ისე ადგილი რეიტინგში, პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება.
ანალიზი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,
რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზე იმყოფება.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის გლობალური ანგარიში 115 ქვეყნის საბიუჯეტო გამჭვირვალობის შეფასებას მოიცავს. საქართველოს შემთხვევაში კვლევითი სამუშაოები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომჩაატარა. ღია ბიუჯეტის ინდექსის დაანგარიშებაში 109 განსხვავებული ინდიკატორია გამოყენებული. კვლევის მიზანს წარმოადგენს შეფასდეს რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის (ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები; სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი; მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი; სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები; სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში; სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ) დროულ გამოქვეყნებას და არის თუ არა მათში ასახული ინფორმაცია სრულყოფილი.
2017წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელმა 100 შესაძლებლიდან 82 ქულა შეადგინა და 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.
ცხრილი 1:
ღია ბიუჯეტის ინდექსი, 2006-2017 წლები
2006 | 2008 | 2010 | 2012 | 2015 | 2017 | |
საქართველოს ინდექსი | 34 | 53 | 55 | 55 | 66 | 82 |
საქართველოს ადგილი რეიტინგში | 30 | 28 | 34 | 33 | 16 | 5 |
ქვეყნების რაოდენობა რეიტინგში | 40 | 77 | 93 | 100 | 102 | 115 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს შემთხვევაში თავისთავად ინდექსის შესაბამისი ქულა გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება მთელ პერიოდზე და 2006-2017 წლების მანძილზე 34-დან 82 ქულამდე გაიზარდა. შესაბამისად, პოზიტიურია რეიტინგში ადგილის ცვლილების ტენდენციაც, 2006 წელს საქართველო მოცემული პარამეტრით 40 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებდა, 2017 წლის მონაცემებით კი 115 ტერიტორიულ ერთეულს შორის მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, შვედეთსა და ნორვეგიას ჩამორჩება.
ღია ბიუჯეტის ინდექსის ნაწილი არ არის, თუმცა მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხები. საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ნაწილში საქართველომ 22 ქულა მიიღო 100 შესაძლებლიდან, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74, რაც, შესაბამისად, მე-17 და მე-18 ადგილებს შეესაბამება.