იტვირთება

რეზიუმე: 2017 წელს მთავრობის ზომა (მთავრობის მიერ დახარჯული სახსრების წილი ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში) 34.6% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა. გარდა ამისა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები (საგადასახადო ტვირთი) მშპ-ს 25.7%-ს შეადგენს და 2016 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. წინა წლებთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

რაც შეეხება საჯარო სექტროში დასაქმებულთა რაოდენობას, 2017 წელს, როგორც რაოდენობრივი თვალსაზრისით, ისე მთლიან დასაქმებაში წილობრივად, ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 283.8 ათასი შეადგინა, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. 2016 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი 15.8% იყო.

ახალი პრემიერის განცხადებებით დასტურდება, რომ მცირე ზომის მთავრობის კონცეფციაში ის ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მოიაზრებს, რაც არ წარმოადგენს მთავრობის ზომის შემცირებას. მთავრობის ზომის შემცირებადმიჩნეულ უნდა იქნას არა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების კლება, არამედ მთლიანად ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობის შემცირება მშპ-სთან მიმართებაში. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა კი მსგავს გეგმას არ გულისხმობს. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის თქმით, შრომის ანაზღაურებიდან დაზოგილი თანხა სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება, რითაც, რეალურად, არც მიმდინარე ხარჯები შემცირდება, რადგან ორივე ბიუჯეტის გასაცემელი მთავრობის მიმდინარე ხარჯების ნაწილს წარმოადგენს.

ამრიგად, არსებული ინიციატივები არ გულისხმობს რეალურად მთავრობის ზომის შემცირებას და წარმოდგენილი 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამა ვერ იქნება მიჩნეული, როგორც მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება და მკითხველს შესაბამის განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას მამუკა ბახტაძემ რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა. ერთ-ერთი ინიციატივა მცირე ზომის მთავრობის იდეას უკავშირდება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებული 14 სამინისტროს 11-მდე (მათ შორის, ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი) შემცირება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბრამდე სამინისტროების რაოდენობა 17-სშეადგენდა, რაც სამი ერთეულით შემცირდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ შემცირებას სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია.

მცირე ზომის მთავრობის კონცეფციას საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამაც მოიცავს (გვ. 32). აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ახალი მთავრობა სამინისტროების გაერთიანება/ოპტიმიზაციასა და ფუნქციების გადანაწილებას გეგმავს. სამთავრობო პროგრამაში ნახსენებია ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების შემცირება და მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში შრომის ანაზღაურების მოცულობის 3.9%-მდე კლება.მთავრობისახალი ხელმძღვანელი მცირე ზომის მთავრობის კონცეფციად, მხოლოდ, მშპ-სთან შრომის ანაზღაურების წილის შემცირებას მოიაზრებს, რასაც სამთავრობო პროგრამა და მამუკა ბახტაძის განცხადებები ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ზომის ინდიკატორად ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებას მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში, მთავრობის ზომის საზომი ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების წილია მშპ-სთან მიმართებაში (იხ. ბმული: 1, 2, 3, 4).აღნიშნული გვიჩვენებს ქვეყნის მთლიან ეკონომიკის რა ნაწილია მთავრობის (ცენტრალური, ა/რ და ადგილობრივი თვითმმართველობა) მიერ განკარგული სახსრები.

2017 წლის წინასწარი მონაცემებით, მთავრობის ზომა (მთლიანი გადასახდელები) მშპ-ს 34.6%-ია, რაც უტოლდება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.ბოლო წლების მანძილზე, მთავრობის ზომა ყველაზე დაბალი 2013 წელს იყო და 29.3%-ს შეადგენდა. სახელმწიფო ფინანსების ანალიზის დოკუმენტში მოცემული მომდევნო წლების პროგნოზით, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, არსებითი ცვლილება არ იგეგმება.

გრაფიკი 1: ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების წილი მშპ-სთან მიმართებაში[1] (მთავრობის ზომა, %)

image001

წყარო: საქსტატი; ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა

გარდა ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების მოცულობისა, მნიშვნელოვანი მახასიათებელია ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ანალიზი. მიმდინარე ხარჯები მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ (შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება) ხარჯებს, ასევე, სუბსიდიებს/გრანტებს, პროცენტს, სოციალურ უზრუნველყოფას და სხვა ხარჯებს.2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებმა მშპ-ს 25.4% შეადგინა (საიდანაც შრომის ანაზღაურება 4.3%, ხოლო საქონელი და მომსახურეობის ხარჯი 4%-ია). აღნიშნული მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში 26%-ს აღემატებოდა, ხოლო ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წელს, 23.8%-ის ნიშნულზე ფიქსირდება. 2010-2017 წლებში ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება მშპ-სთან მიმართებაში, საშუალოდ, 5%, ხოლო საქონელი და მომსახურება კი - საშუალოდ, 4.4% იყო. ბოლო წლებში მთლიანად ადმინისტრაციულ ხარჯებს და მათ შორის, ცალ-ცალკე შრომის ანაზღაურებასა და საქონელი და მომსახურების ხარჯებს გამოკვეთილი, ყოველწლიური კლების ტენდენცია არ ახასიათებს.

გრაფიკი 2: ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში

image003

წყარო: საქსტატი; ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა

მამუკა ბახტაძის ინიციატივა ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ხარჯების მშპ-სთან მიმართებაში 3.9%-იანი წლის ფარგლებში არსებობას გულისხმობს, რაც არც მთავრობის ზომის და არც მიმდინარე ხარჯების შემცირებაში არ აისახება, რადგან შრომის ანაზღაურების ხარჯზე დაზოგილი თანხების სოციალური მიმართულების პროგრამაზე გადატანა იგეგმება. ეს უკანასკნელი კი მთავრობის მიმდინარე ხარჯებს წარმოადგენს და სოციალური უზრუნველყოფის მუხლის ნაწილია.

მეორე მხრივ, მთავრობის ზომის შემცირება თავისთავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გულისხმობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, 75% საგადასახადო შემოსავლებს უკავია. ამ მხრივ, საბიუჯეტო შემოსავლების ან საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე არც მამუკა ბახტაძეს უსაუბრია და არც სამთავრობო პროგრამაშია ნახსენები (გარდა, რძის ნაწარმის დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივისა). საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან შეფარდებით იზომება ქვეყნაში არსებული საგადასახადო ტვირთი, რომელის შემცირება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. აღნიშნული კი მთავრობის ზომასთანაა დაკავშირებული, რადგან გვიჩვენებს ეკონომიკიდან გადასახადის სახით რა ნაწილს იღებს მთავრობა.

გრაფიკი 3: საგადასახადო შემოსვალები მშპ-სთან მიმართებაში (%)

image005

წყარო: საქსტატი; ფინანსთა სამინისტრო; სახელმწიფო ხაზინა

ბოლო წლებში საგადასახადო ტვირთი საშუალოდ 25%-ია და ცვლილების ცალსახა ტენდენცია არ ახასიათებს. როგორც სხვა ზემოთ ნახსენებ მაჩვენებლებს, საგადასახადო ტვირთის მოცულობას გამოკვეთილი შემცირების ტენდენცია არ აქვს, პირიქით, 2014 წლიდან მისი პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ საჯარო სექტორში დასაქმებულთა კუთხით არსებული მდგომარეობა, რასაც მთავრობის ზომასთან კავშირი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საინტრესოა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა/კლების დინამიკა, რაც მოიცავს სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში, მათ საქვეუწყებო/დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობას.

გრაფიკი 4: საჯარო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი

image007

წყარო: საქსტატი

როგორც გრაფიკი 4-დან ჩანს, 2017 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მისი წილი მთლიან დასაქმებაში გაიზარდა წინ პერიოდთან მიმართებით. გარდა ამისა, 2013-2014 წლებში არსებული შემცირების შემდეგ, ეს მაჩვენებლები ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაზე სამთავრობო გეგმაში არ არის საუბარი, ასევე, ამაზე არც პრემიერ-მინისტრის უსაუბრია.

ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლების და მათი მშპ-სთან მიმართების წილის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

[1] 2017 წლის მაჩვენებლები მშპ-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით არის დათვლილი; 2018-2020 წლების მაჩვენებლები 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას არსებული საპროგნოზო მონაცემების მიხედვით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3062 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი