რეზიუმე:
მიმდინარე წლის დასაწყისში ქუთაისის მერიამ ახალი ინიციატივა გააჟღერა - მდინარე რიონის პირას მდებარე, მე-19 საუკუნის სახლების რეაბილიტაცია. სახლები ქუთაისის უძველეს, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარეობს და უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ლარია.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სახლები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს 2008 წლის ივლისიდან ატარებენ, ცნობები ამ შენობების რეაბილიტაციაზე სააგენტოს არქივში მხოლოდ 2009 წლიდან ინახება. სააგენტოში ადასტურებენ, რომ 2009 წლიდან დღემდე დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია არასდროს მომხდარა.
რაც შეეხება უფრო ადრეულ პერიოდს, ამ სახლების მასშტაბურ და ორგანიზებულ რეაბილიტაციაზე ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ჩხიკვაძე და ქალაქის უხუცესი არქიტექტორი, გივი თოდაძე. ჩვენ ვერ შევძელით რაიმე ოფიციალური დოკუმენტების მოძიება, სადაც საუბარი იქნებოდა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე სახლების სისტემურ და მასშტაბურ რეაბილიტაციაზე.
როდის დაიწყება და დასრულდება ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ჯერ კიდევ თანხების მოძიების პროცესი მიმდინარეობს. ფაქტ-მეტრი ქუთაისის მერის დაპირების შესრულების პროცესს დააკვირდება და მკითხველს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.
ანალიზი მიმდინარე წელს, ქუთაისის თვითმმართველობამ ქალაქის ცენტრში, მდინარე რიონის პირას მდებარე მე-19 საუკუნის შენობების რეაბილიტაციის იდეა გააჟღერა. ამ საკითხზე საუბრისას ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა:
„ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის“.
მე-19 საუკუნეში აგებული, ხის აივნებიანი სახლები წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთს მოიცავს. ეს ტერიტორია დღევანდელი უქიმერიონის მუნიციპალიტეტში შედის და ქუთაისის უძველესი, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩის ნაწილია.მდინარე რიონის არაერთხელ ადიდების შედეგად შენობების უმრავლესობის საყრდენი დაზიანებული ან თითქმის გამოცლილია. ტერიტორია 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაშია და სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს არქიტექტორმა გივი გოგრიჭიანმა წარმოადგინა. 2018 წლის აპრილის დასაწყისში კი ქუთაისის მერიამ შპს „ისტორიული ქუთაისის“ მიერ 35 წლის წინ მიღებული პროექტიგანიხილა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 70 სახლი აღდგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ან დასრულდება სახლების რეაბილიტაცია. მერიაში აცხადებენ, რომ ამ იდეასთან დაკავშირებით მოლარაკებები მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და მუნიციპალური განვითარების ფონდთან. პროექტს, სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი დააფინანსებს.
ჩვენ დავინტერესდით, თუ როდის მოხდა ბოლოს დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე სახლების რეაბილიტაცია. შესაბამისი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაგან გამოვითხოვეთ. სააგენტოს პასუხის მიხედვით, ოფიციალური ნებართვა აღნიშნული შენობების რეკონსტრუქციაზე 2009 წლიდან დღემდე არ გაცემულა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ შესაბამისი მონაცემები მხოლოდ 2009 წლიდან აქვთ, ვინაიდან შენობები მათ ბალანსზე 2008 წლის 16 ივლისს გადავიდა.ფაქტ-მეტრი ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ჩხიკვაძეს დაუკავშირდა. ჩხიკვაძის განცხადებით პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე წარუდგინეს. მუშაობის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც აქტიურად ჩაერთვება. ქალაქის მთავარი არქიტექტორის თქმით, გარდა სიძველისა, რიონისპირა შენობები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მე-19 საუკუნის იმერეთის მხარისათვის დამახასიათებელ ქართული ხუროთმოძღვრების ნიშნებს შეიცავს. ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობების რესტავრაციის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში არსებობდა, თუმცა არცერთ ხელისუფლებას სისრულეში არ მოუყვანია.
ჩხიკვაძის განცხადებას ქალაქის უხუცესი არქიტექტორი გივი თოდაძე ადასტურებს. მისი თქმით, ოფიციალური, მასშტაბური რესტავრაცია დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე სახლებს არ ჩატარებიათ, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ საკუთრებაში არსებული შენობების განახლებას, დროდადრო, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.