სიღარიბის მაჩვენებლებიც.
ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, უბავშვო ოჯახების 14%, ერთი ან ორბავშვიანი ოჯახების 20%, ხოლო სამ ან მეტ ბავშვიანი ოჯახების 24% ცხოვრობს სიღარიბეში.
ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლით, სამ ან მეტ ბავშვიანი ოჯახების თითქმის 32% ცხოვრობს სიღარიბეში. ეს მაჩვენებელი ერთ ან ორბავშვიან ოჯახების შემთხვევაში 24.5%-ია, ხოლო უბავშვო ოჯახებში 18%.
ანალიზი 16მაისს, პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, ერთ ან ორ ბავშვიანი ოჯახების 24.5% სიღარიბეშია, ხოლო სამი ან მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში თითქმის 32%-ს აღწევს სიღარიბე“.
გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობას საქართველოში“ ორ წელიწადში ერთხელ იკვლევს. „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობის“ ბოლო კვლევა 2016 წელს გამოქვეყნდა, სადაც 2015 წლის მაჩვენებლებია ასახული. 2017 წლის კვლევა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
კვლევაში გამოყენებული სიღარიბის სამი ზღვარი: უკიდურესი, ზოგადი და ფარდობითი. სიღარიბის მაჩვენებლები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით განისაზღვრება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში ერთი ადამიანის დღიური მოხმარება 2.5 დოლარზე ნაკლებია. ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს მთლიანი მოსახლეობის საშუალო დანახარჯების 60%-ზე ნაკლებს.
იუნისეფის კვლევააჩვენებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი, მათ შორის ბავშვებში, მცირდება. თუმცა, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები (იმ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც ღარიბ შინამეურნეობებში ცხოვრობენ) კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების.
ცხრილი 1:
სიღარიბის მაჩვენებლები 2013 და 2015 წლებში
სიღარიბის ზღვარი | უკიდურესი | ზოგადი | ფარდობითი | |||
წელი | 2013 | 2015 | 2013 | 2015 | 2013 | 2015 |
ბავშვები | 6% | 2.5% | 28.4% | 21.7% | 27.1% | 26.8% |
პენსიონერები | 1.9% | 1.7% | 20.6% | 15% | 21.3% | 19.3% |
მოსახლეობა | 3.9% | 2.1% | 24.6% | 18.4% | 22.9% | 23.1% |
იუნისეფის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიღარიბის ყველა დონეზე, ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. შინამეურნეობებში ბავშვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ზოგადი და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც.
ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლით, ერთ ან ორბავშვიან ოჯახების 20% ცხოვრობს სიღარიბეში. ეს მაჩვენებელი სამ ან მეტ ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში 24%-ს აჭარბებს. უბავშვო ოჯახებში კი ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 14%-მდეა.
ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, იმ შინამეურნეობებში, სადაც ცხოვრობს ერთ ან ორი ბავშვი 24.5%-ია. სამ ან მეტ ბავშვიანი ოჯახების თითქმის 32% ცხოვრობს სიღარიბეში. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი უბავშვო ოჯახებში დაახლოებით 18%-ია.
უკიდურესი სიღარიბეში ცხოვრობს ერთ ან ორ ბავშვიან ოჯახების 2.5%, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია 3 და მეტ ბავშვიან ოჯახებში. თუმცა, საერთო ჯამში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვიან ოჯახებში უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში.
ცხრილი 2:
სიღარიბის მაჩვენებლები, შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობის მიხედვით, 2015 წელი
შინამეურნეობების ტიპები | უკიდურესი სიღიარიბე (შინამეურნეობების %) | ზოგადი სიღარიბე (შინამეურნეობების %) | ფარდობითი სიღარიბე (შინამეურნეობების %) |
ბავშვების გარეშე | 1.3 | 13.8 | 17.7 |
ბავშვიანი ოჯახები | 2.4 | 20.5 | 25.5 |
1 ან 2 ბავშვიანი ოჯახები | 2.5 | 20 | 24.5 |
ოჯახები 3 ან მეტი ბავშვით | 1.2 | 24.3 | 31.7 |
სულ | 1.7 | 16.4 | 20.7 |
[i]
შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ საერთო საცხოვრებელი და საერთო ბიუჯეტი. მათი კავშირი შეიძლება იყოს ნათესაური ან/და არანათესაური (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც).
[ii]ზოგადი სიღარიბე - როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.
[iii] ფარდობითი სიღარიბე - ეს ინდიკატორი აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს მთლიანი მოსახლეობის საშუალო დანახარჯების 60%-ზე ნაკლებს.