ტოვებს.
რეზიუმე:სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2006-2013 წლების ანგარიშებში, ციხეებში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, სახალხო დამცველი ყურადღებას არ ამახვილებს. მასზე აქტიური საუბარი მხოლოდ 2014 წლიდან განახლდა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშებიდან ირკვევა, ეს პრობლემა ციხეებში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. შესაბამისად, ცხრა წლის განმავლობაში, ომბუდსმენის მიერ კრიმინალური სუბკულტურის პირდაპირ მოუხსენებლობა, აღნიშნულ პერიოდში ციხეებში მისი არ არსებობის შესახებ ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.
ამდენად, ოთარ კახიძის განცხადება, რომ სახალო დამცველის ბოლო ანგარიშში ციხეში კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზეა საუბარი სიმართლეა, თუმცა სიტყვა „დაბრუნდა” („კრიმინალური სუბკულტურა დაბრუნდა“), რომელიც ამ განცხადებას ისეთ კონტექსტს სძენს, თითქოს, კრიმინალური სუბკულტურა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ აღარ არსებობდა და ახლა კვლავ აქტუალური გახდა, სადავოა.
ანალიზიგადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ, ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით: „სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ციხეში კრიმინალური სუბკულტურა დაბრუნდა“.
„საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კრიმინალური სუბკულტურა სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს და დღესაც, პენიტენციურ სისტემაში, გამოხატულია არაფორმალური მმართველობის ფორმით, იგი ემსახურება პრივილეგირებული პატიმრების გარკვეული ჯგუფის მიერ „წესრიგის“ შენარჩუნებას, რაც ხშირად პატიმართა შორის ძალადობას იწვევს და იმ პატიმრების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში გამოიხატება, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ ემორჩილებიან“ - ნათქვამია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში (იხ. ანგარიში;გვ. 49-50).
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში „კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა“ (გვ. 42). „სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არ შემუშავებულა კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია“ (გვ. 26).
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „კრიმინალურ სუბკულტურასთან“ დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღებას სახალხო დამცველი წლებია რაც ამახვილებს. მასზე მითითებას 2004 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც ვხვდებით, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ანგარიშებიდანყველაზე ძველია.
სახალხო დამცველის 2005 წლის ანგარიშის (გვ. 30) მიხედვით, კანონიერი ქურდები ტოტალურად აკონტროლებდნენ ციხეში მიმდინარე მოვლენებს და განუსაზღვრელი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ხოლო ის ვინც მათ წესებს არ ემორჩილებოდა, სასტიკად, ზოგჯერ კი სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ. თუმცა, ამ უკანასკნელის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა.
2006 წელს ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ 2005 წლის დეკემბრის ბოლოდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ქურდულ სამყაროსთან უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო, რასაც თან სდევდა კრიმინილაური სამყაროს გააფთრებული წინააღმდეგობა და პატიმართა ხშირი ამბოხი. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა ხშირად ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა (გვ. 34; ასევე, 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიშიგვ. 99).
სახალხო დამცველი 2006-2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, ციხეებში „კრიმინალური სუბკულტურაზე“, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევაზე ყურადღებას არ ამახვილებს. აღნიშნულ საკითხი აქტუალური მხოლოდ 2014 წლიდან ხდება, თუმცა ომბუდსმენი მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება. 2014 წლის ანგარიშის თანახმად, „პატიმართა შორის ძალადობის მაღალი რისკფაქტორების არსებობა და ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“ (გვ. 21).
უცნობია, თუ რატომ აღარ ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში (2005-2013 წლები) სახალხო დამცველის ანგარიშებში ციხეებში „კრიმინალური სუბკულტურის“ არსებობაზე ხაზგასმა. კერძოდ, 2005 წლიდან მართლაც გამოსწორდა თუ არა ამ მხრივ ვითარება, თუ უბრალოდ სახალხო დამცველის მხრიდან ამ საკითხის იგნორირება ხდებოდა. აქვე აღსანიაშნავია, რომ როგორც 2015 წლის ანგარიშიდანირკვევა, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური წესები ათწლეულებია რაც მოქმედებს (გვ. 23). შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცხრა წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარებულა.
აღსანიშნავია, რომ ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურის არსებობასთან დაკავშირებით 2015-2016 წლების ანგარიშები განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა.
კერძოდ, 2015 წლის ანგარიშის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს კომპლექსური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის აღმოფხვრის მიზნით“ (გვ. 27).
გამომდინარე იქიდან, რომ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციები დაინტერესებული არიან შეინარჩუნონ წესრიგი, არსებობს ცდუნება, რომ გარკვეულწილად დაუშვან და მეტიც, ხელი შეუწყონ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის არსებობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2015 წელს N 17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის მიმართ პრივილეგირებული პატიმრების მხრიდან განხორციელდა ძალადობა, რაც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა წამებად. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი დაწესებულების დირექტორი სამსახურეობრვი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც გამოიხატა ღამის საათებში დაწესებულების ტერიტორიაზე პრივილეგირებული პატიმრებისთვის შეუზღუდავი გადაადგილების უფლების მიცემაში. სწორედ აღნიშნულმა პრივილეგირებულმა პატიმრებმა აწამეს მსხვერპლი ღამის საათებში“ - ვკითხულობთ 2016 წლის ანგარიშში (გვ. 50).
ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობას არც თავად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი უარყობს. ერთ-ერთ ინტერვიუში კახა კახიშვილმა განაცხადა:„კრიმინალური სუბკულტურა ეს არის გამოწვევა და ის რომ ციხეში არ არსებობდეს, მე მგონი ასეთ ციხეს, ციხესაც არ დაუძახებდნენ. ბუნებრივია, კრიმინალური სუბკულტურა ნებისმიერ ციხეში არსებობს. სხვა საკითხია როგორ უნდა მოვახდინოთ ფილტრაცია და მენეჯმენტი ისე, რომ მან სხვა დამნაშავეებზე არ მოახდინოს გავლენა. სწორედ ამისთვის, ჩვენ, რისკების კლასიფიკაცია მოვახდინეთ“.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივლისში გამოიცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ხდება მსჯავრდებულთა რისკების შეფასება და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენა, რასაც შეიძლება მათი სხვა დაწესებულებაში გადაყვანაც მოჰყვეს. რისკების შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება მსჯავრდებულის კრიმინალური ბუნება და აღნიშნულ სუბკულტურასთან მისი შესაძლო კავშირის დადგენაა.