რეზიუმე: 2018 წლის მარტის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7.2 ლარით (4.24%), საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 6.4 ლარით (4.26%), ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 12 ლარით (4.23%) გაიზარდა.
საარსებო მინიმუმის ზრდას, ძირითადად, ინფლაციის დონის ზრდა განაპირობებს. 2017 წელს ინფლაციის დონე 6.7% იყო, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა. 2018 წელს ინფლაციის დონე, ჯერჯერობით, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია.
ანალიზი
18 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „2018 წლის მარტში, 2017 წლის მარტთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კიდევ 12 ლარით გაიზარდა. ყოველთვიურად, ყოველწლიურად, ძვირდება ქვეყანაში ცხოვრება“.
საარსებო მინიმუმი თვეში შემოსავლების იმ მინიმალურ ოდენობას აჩვენებს, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის. საარსებო მინიმუმი, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების (ჯანდაცვა, განათლება, კომუნალურები, ტრანსპორტი და ა.შ.) წილი კი 30%-ია. აღსანიშნავია, რომ როგორც ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია.
მიუხედავად იმისა, რამდენად რეალურია არსებული საარსებო მინიმუმი (თვეში დაახლოებით 177 ლარი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის), საარსებო მინიმუმის ზრდა ცხოვრების გაძვირებაზე მიუთითებს. საარსებო მინიმუმის ყოველთვიურ მაჩვენებელს საქსტატი აქვეყნებს. 2018 წლის მარტის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 176.9 ლარს, საშუალო მომხმარებლისთვის 156.7 ლარს, საშუალო ოჯახისთვის კი 296 ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელიწადში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 7.2 ლარით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 6.4 ლარით, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 12 ლარით გაიზარდა.
გრაფიკი 1:საარსებო მინიმუმი, ბოლო ერთ წლის მაჩვენებელები
წყარო: საქსტატი
საარსებო მინიმუმი, ძირითად შემთხვევაში, ყოველთვიურად იზრდება. საარსებო მინიმუმის ზრდას ინფლაციის დონის ზრდა განაპირობებს. ცხოვრების გაძვირებას ყველაზე კარგად სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება (ინფლაცია) აჩვენებს. მაღალი და სტაბილური ეკონომიკის ზრდის მისაღწევად ფასების სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა, ფასების სატბილურება არ ნიშნავს ინფლაციის 0%-მდე შემცირებას. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც ოპტიმალური იქნება ეკონომიკის განვითრების არსებულ ეტაპზე. 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ით განისაზღვრა, თუმცა წლიურმა ინფლაციამ რეალურად 6.7% შეადგინა. 2018 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. წლიური ინფლაცია 2018 წლის იანვარში 4.3%, თებერვალში 2.7%, მარტში 2.8%, ხოლო აპრილში 2.5% იყო. საერთო ჯამში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია.
ცხრილი 1:წლიური ინფლაციის დონე, 2013-2018 წლებში (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან)
2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი | 2018 წლის აპრილი |
2.4% | 2% | 4.9% | 1.8 | 6.7% | 2.5% |
წყარო: საქსტატი