რეზიუმე:
ხონის რაიონში 12 ადმინისტრაციული ერთეულია. რაიონი ჯამში 39 სოფელს აერთიანებს. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე, გაზსადენი აიგო 35 სოფელში. ამათგან, გაზგამანაწილებელი ქსელი გაყვანილია 22 სოფელში და ბუნებრივი აირი მოსახლოების დიდ ნაწილს მიეწოდება. ხონის მერის პირველი მოადგილის, გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, 13 სოფელში გაზგამანაწილებელი ქსელის აგების სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. გაზსადენი მილის და, შესაბამისად, ბუნებრივი აირის გარეშე, 2018 წელსაც რჩება შემდეგი სოფლები: გორდი და კინჩხა, ასევე, ძეძილეთისა და დედალაურის ნაწილი. ჩოგოვაძის ინფორმაციას, ძირითადად, ადასტურებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“.
ფაქტ-მეტრი ხონის გაზიფიცირების საკითხს წლის ბოლოს კვლავ დაუბრუნდება.
ანალიზი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხონისა და ვანის ამჟამად უკვე მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა:
„ხონში წელს მთავრდება თითქმის ყველა სოფლის გაზიფიკაცია. რჩება მხოლოდ მთის ოთხი სოფელი, რომელთა გაზიფიკაცია დაიწყება 2019 წელს“.
ხონის რაიონი 12 ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. მათგან ერთი ქალაქია, ხოლო 39 სოფელი. რაიონის გაზიფიცირება 2015 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით,ხონი ერთ-ერთი იმ რაიონთაგანი გახლდათ, რომელიც იმ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე იყო.
გაზიფიკაციის პროგრამას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სოფლებში გაზსადენი მილის აშენება, გაზგამანაწილებელი ქსელის გაყვანა და გამრიცხველიანება, ანუ ბუნებრივი აირის უშუალოდ ოჯახებში შეყვანა. სოფელი გაზიფიცირებულად მაშინ ითვლება, თუ იქ სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი ჩატარებულია. გაზსადენი ეწოდება მილს, რომელიც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოპოვების ადგილიდან მიწოდების ადგილამდე ახდენს. გაზგამანაწილებელი ქსელი შედარებით მცირე ზომის მილებისგან შედგება, ისინი გაზსადენი მილებიდან ბუნებრივი აირის კონკრეტულ ობიექტებამდე მიყვანისათვის არის საჭირო. გაზგამანაწილებელი ქსელის აგების შემდგომ, ტარდება ბუნებრივი აღრიცხვის კვანძების დამონტაჟების სამუშაო, რის შედეგადაც, აირი, უშუალოდ, აბონენტებს მიეწოდება.
ჩვენ ხონის რაიონის გაზიფიცირების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ხონის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. უწყების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2015-2016წლებში, გაზსადენი მილი და გაზგამანაწილებელი ქსელი დამონტაჟდა შემდეგ სოფლებში: გოჩა ჯიხაიში - 174 აბონენტი, გუბი - 1 აბონენტი, მათხოჯი - 340 აბონენტი, დიდი კუხი - 285 აბონენტი, პატარა ჯიხაიში - 170 აბონენტი, საწულუკიძეო - 1 აბონენტი, ქუტირი - 2 აბონენტი.
2017წელს გაზსადენი ქსელი აშენდა 8 სოფელში, 2 839 ოჯახისათვის (ახალშენი, გვაზაური, გუბი, ივანდიდი, კონტუათი, ნახახულევი, საწულუკიძეო, ქუტირი). ბუნებრივი აირი ოჯახებში შევიდა სოფელ ახალშენში, გაზი მიეწოდა სოფელ გოჩა ჯიხაიშში 4 აბონენტს, კუხის დარჩენილი მოსახლეობას, 1 აბონენტს სოფელ ივანდიდში, მათხოჯსა და ქუტირში დარჩენილ აბონენტებს და ასევე, სოფელ ნახახულევს.
2018წელს სამუშაოები რაიონის შვიდ სოფელში მიმდინარეობს. წლის მანძილზე შესასრულებელი გეგმა ასეთია: ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს სოფელ ახალშენში - 91 აბონენტს, სოფელ დედალაურში - 49 აბონენტს, სოფელ კონტუათში - 101 აბონენტს, სოფელ დიდ კუხში - 1 აბონენტს, სოფელ ნახახულევში - 2 აბონენტს, სოფელ საწულუკიძეოში - 144 აბონენტს, სოფელ ქუტირში - 244 ბონენტს. სოფლებში დამონტაჟებულია გაზსადენი მილი, აგებულია გაზგამანაწილებელი ქსელი და დარჩენილია მხოლოდ, უშუალოდ, აბონენტების გამრიცხვლიანებისათვის საჭირო სამუშაოები.
ხონის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს მუნიციპალიტეტში დარჩენილი სოფლების გაზიფიცირების საკითხი განხილვის პროცესშია. თუმცა, მერიას ოფიციალურ წერილში არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი სოფელია ამ ეტაპზე დარჩენილი გაზმომარაგების გარეშე.
ხონის რაიონის გაზიფიცირების საკითხის დასაკონკრეტებლად, ფაქტ-მეტრი ხონის მერის პირველ მოადგილეს, გელა ჩოგოვაძეს ესაუბრა. სატელეფონო ინტერვიუს დროს, ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ გაზსადენი მილი რაიონის ყველა სოფელშია დამონტაჟებული, გარდა ოთხისა. გაზგამანაწილებელი ქსელის აგების სამუშაოები წელს 13 სოფელში ჩატარდება. ჩოგოვაძე აცხადებს, რომ სოფლებში: ივანდიდი, ნახახულევი, კუხი, საწულუკიძეო, გოჩა ჯიხაიში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ჩატარებულია ყველა საჭირო სამუშაო, აირის ოჯახებამდე მიყვანა კი მხოლოდ მოსახლოებაზეა დამოკიდებული. მიმდინარე წლის 27 აპრილს, პროგრამის ფარგლებში 500 ოჯახს მიეწოდა ბუნბრივი აირი გუბში. ხონის მერის მოადგილის თქმით, 2018 წელს გაზსადენი მილის გარეშე ძეძილეთი, გორდი, კინჩხა რჩება. რაც შეეხება დედალაურის ნაწილს, სოფელში გაზგამანაწილებელი სისტემის სრულად დამონტაჟებას 2019 წლისთვის ელოდებიან.
ხონის გაზიფიცირების საკითხზე ფაქტ-მეტრი „სოკარ ჯორჯია გაზსაც“ ესაუბრა. კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს მოხდება რაიონში დარჩენილ თითქმის ყველა სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ მოესწრება სოფლებში კინჩხა, გორდი და ძეძილეთი გაზსადენისა და გაზგამანაწილებელი ქსელის აგება, ასევე დედალაურში გაზგამანაწილებელი ქსელის სრულად მოწყობა. წლევანდელი გეგმის მიხედვით, 2018 წლის ბოლომდე გაზგამანაწილებელი ქსელი რაიონის ცამეტ სოფელში უნდა აიგოს. ამავდროულად, მოხდება სოფლებში ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძების, მრიცხველების დაყენება.