წლიდან შობადობა ყოველწლიურად მცირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა. ამდენად, პოლიტიკოსის განცხადების ეს ნაწილი მცდარია.
მოქმედი ხელისუფლების პერიოდში შობადობის წახალისებისთვის კონკრეტული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა - ამოქმედდა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა. ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსდება მშობიარობა და საკეისრო კვეთა. ამოქმედდა ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. 2014 წლიდან გაიზარდა დეკრეტული შვებულების დღეები და ანაზღაურება. რომ არა შობადობის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები, შესაძლოა შობადობა კიდევ უფრო შემცირებულიყო.
დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება ოჯახში რიგით მესამე და შემდგომი ბავშვების დაფინანსების პროგრამაზე გაამახვილა. დაბადების მაჩვენებელში რიგითი მესამე და შემდგომი ბავშვის წილი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რიგით მესამე და შემდგომი ბავშვის რიცხოვნობა პროგრამის ამოქმედებამდეც იზრდებოდა. აქვე აღსანიშნავია პატრიარქის როლიც, 2008 წლიდან პატრიარქი ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს ნათლავს.
ანალიზი 4
აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. "ამოქმედდა ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო შობადობის გაზრდას ქვეყანაში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
2014 წელს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაამოქმედდა, რომელიც შობადობის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებულ ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორი წლის ასაკამდე, გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150 ლარის, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ვრცელდება იმ რეგიონებზე, სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებლები არ დაფიქსირდა. კერძოდ, 2014 წლიდან პროგრამა შემდეგ რეგიონებს შეეხო: გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2017 წლის 1 იანვრიდან კი, პროგრამაში სამცხე-ჯავახეთიც ჩაერთო.
სახელმწიფოს მხრიდან შობადობის წამახალისებელი სხვა კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. კერძოდ, მშობიარობის დაფინანსება - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარის, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარის ფარგლებში.
2014 წელს ასევე ამოქმედდა ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა,რომელიც ორსულის ფოლიუმის მჟავით და საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
2014 წლის 1 იანვრიდან შრომის კოდექსშიშევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც დეკრეტული შვებულება 477 დღიდან 730 კალენდარულ დღემდე გაიზარდა, აქედან ანაზღაურებადი შვებულება 126 დღიდან 183 დღემდე გაიზარდა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების თანხა 600 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა, შობადობა არ გაზრდილა. საქსტატის მონაცემებით, 2014წლის შემდეგ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა ყოველწლიურად მცირდება (იხ. გრაფიკი 1). აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა.
გრაფიკი 1:
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2012-2017 წლებში
წყარო: საქსტატი
შობადობა ასევე შემცირებულია იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა გავრცელდა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
შობადობის მაჩვენებელი იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება
რეგიონი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
გურია | 1 575 | 1 577 | 1 559 | 1 535 | 1 471 |
იმერეთი | 8 496 | 8 593 | 8 515 | 7 784 | 7 574 |
კახეთი | 5 014 | 5 261 | 5 212 | 4 870 | 4 722 |
მცხეთა-მთიანეთი | 1 279 | 1 329 | 1 280 | 1 180 | 1 205 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 342 | 379 | 367 | 327 | 341 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 5 066 | 5 200 | 4 998 | 4 797 | 4 436 |
სამცხე-ჯავახეთი | 2 394 | 2 315 | 2 268 | 2 349 | 2 178 |
რადგან დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა რიგით მესამე და შემდგომი ბავშვის ფულად დახმარებას გულისხმობს, ჩვენ ვნახეთ ცოცხლად დაბადებულთა გადანაწილება ოჯახში რიგითობის მიხედვით. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან (გრაფიკი 2) ჩანს, დაბადების მაჩვენებელში რიგით I და II ბავშვის წილი მცირდება, ხოლო III და შემდგომი ბავშვის წილი გაზრდილია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო პროგრამას გარკვეული დადებითი ეფექტი აქვს. თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რიგით მესამე და შემდგომი ბავშვის რიცხოვნობა პროგრამის ამოქმედებამდეც იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან რიგით მესამე და შემდგომ ბავშვს პატრიარქი ნათლავს, რაც მესამე და შემდგომი ბავშვის დაბადების ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორია.
გრაფიკი 2:
დაბადების მაჩვენებელი ოჯახში რიგითობის მიხედვით
წყარო: საქსტატი