იტვირთება

ვერდიქტი: ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის საქმეში  კომპლექსური პრობლემების არსებობის გამო, სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, ზედამხედველობის გაძლიერებულ პროცედურას დაექვემდებარება. როგორც წესი, გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა სტანდარტული პროცედურით მიმდინარეობს და მინისტრთა კომიტეტი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (საქმეში კომპლექსური პრობლემის არსებობა გაძლიერებული პროცედურის გამოყენების ავტომატური საფუძველია) მიმართავს გაძლიერებულ პროცედურას, რაც საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭებასა და აღსურლების პროცესში უფრო აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

  ანალიზი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ევროპული საქართველო - მოძარობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ოთარ კახიძემ ივანე (ვანო) მერაბიშვილის საქმეზე სტარსბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებზე ისაუბრა. მისი განცხადებით,

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით აღსრულდეს მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. მსგავსი რამ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი: 1. სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები და 2. საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან“.

2017 წლის 28 ნოემბერს ევროსასამართლოს დიდმა პალატამ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (5§1-თან ერთობლიობაში) დაადგინა

და სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა დასაწყისში ლეგიტიმური იყო, 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (პატიმრის ციხიდან გაყვანა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე ინფორმაციის გამჟღავნების სანაცვლოდ გათავისუფლების დაპირება) 2013 წლის 25 სექტემბრიდან მან არალეგიტიმური სახე მიიღო, რადგან თავდაპირველი მიზნის კონვენციასთან შეუსაბამო მიზნით ჩანაცვლება მოხდა, რაც კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

2018 წლის 13-15 მარტს გამართულ რიგით 1310-ე შეხვედრაზე მინისტთა კომიტეტმა ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, კომპლექსური პრობლემის არსებობის გათვალისწინებით, აღსრულების ზედამხედველობა გაძლიერებული პროცედურით გადაწყვიტა. „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 44(1)-ე მუხლის მიხედვით, დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კონვენციის თანახმად, გადაწყვეტილების საბოლოოდ ცნობის შემდეგ, იწყება აღსრულების პროცედურა, რომელსაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს (46-ე მუხლი). როდესაც საქმე ეხება სათანადო კომპენსაციის გადახდას, მისი აღსრულების შესახებ, ხშირად, სასამართლოს გადაწყვეტილებაშივეა მოცემული (საბოლოო ვადა, მიმღები, ვალუტა და ა.შ.). თუმცა, როგორც წესი, სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით (რაც გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით კომპენსაციის პარალელურად უნდა გატარდეს) სასამართლო ხშირად დუმს და მათ შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში პირდაპირ მითითებებს არ აკეთებს. როგორც სასამართლომ არაერთ შემთხვევაში განმარტა (

გვ. 24), ამ ღონისძიებების (როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ღონისძიებები) განსაზღვრა რესპონდენტ ქვეყანას, მინისტრთა კომიტეტის ზედახმედველობის ქვეშ, თავად ევალება. ღონისძიებების განსაზღვრისას სახელმწიფოებმა შეიძლება იხელმძღვანელონ როგორც სხვა ქვეყნების მიერ  წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, ასევე მინისტრთა კომიტეტის შესაბამის  რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ  გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიბების განსაზღვრისა და მათი ეფექტიანად აღსრულების პროცესში, მინისტრთა კომიტეტის როლი ძალიან დიდია. ზედამხედველობას კომიტეტი მის მიერ 2006 წელს დადგენილი წესების თანახმად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პროცესის მეტი ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის იანვრიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის ახალი სისტემა

ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კომიტეტი აღსრულებაზე ზედამხედველობას ორი სახის პროცედურის (twin-track supervision system) შესაბამისად ახორციელებს. ესენია: ზედამხედველობის სტანდარტული და გაძლიერებული პროცედურები.

როგორც წესი, ყველა საქმე ზედამხედველობის სტანდარტულ პროცედურას ექვემდებარება,  რომლის ფარგლებშიც მინისტრთა კომიტეტის მონაწილეობა საკმაოდ შეზღუდულია (

გვ. 254) და მხოლოდ შესრულების გეგმისა და ანგარიშის წარდგენის ვადების განსაზღვრითა და მათი გაცნობით შემოიფარგლება.

რაც შეეხება გაძლიერებულ პროცედურას (როგორც ეს მერაბიშვილის საქმის შემთხვევაშია), ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, როცა მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს,

რომ  საქმე მისი სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროებს კომიტეტის უფრო აქტიურ მონაწილეობას და პრიორიტეტულ განხილვას.

ამასთან, გარკვეული კატეგორიის საქმეები (Interlaken Declaration-

ის თანახმად) ავტომატურად გაძლიერებულ პროცედურას ექვემდებარება. ესენია:

  1. გადაწყვეტილება, რომლებიც სასწრაფო ინდივიდუალური ღონისძიებების გატარებას საჭროებს;
  2. ე.წ. პილოტური გადაწყვეტილება;
  3. გადაწყვეტილებები, რომლებშიც სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტის მოსაზრებით, სტრუქტურული ან/და კომპლექსური პრობლემა იკვეთება;
  4. სახელმწიფოთაშორის საქმეზე;

გარდა ამისა, კონკრეტულ საქმეზე,  გაძლიერებული ზედამხედველობის განხორციელება შეიძლება ნებისმიერ დროს  მოითხოვოს სახელმწიფომ ან მინისტრთა კომიტეტის სამდივნომ.

გაძლიერებული ზედამხევდელობის პროცედურის ფარგლებში, უზრუნველყოფილია აღსრულების პროცესში მინისტრთა კომიტეტის უფრო მჭიდრო მონაწილეობა (

გვ. 254) და აღსრულების მაქსიმალური ხელშეწყობა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს, სპეციალური გადაწყვეტილებებისა თუ  შუალედური რეზოლუციების მიღებაში (რომელიც შეიძლება გამოხატავდეს კმაყოფილებას, შეშფოთებას ან შეთავაზებას) და აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემაში.

კომიტეტის მხრიდან ჩარევა შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს. კერძოდ, შესაძლოა კომიტეტმა სამდივნოს  სახელმწიფოს წარმომადგენლებთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა მოსთხოვოს (

პარ. 20), რაც შეიძლება გამოიხატებოდეს, სამოქმედო გეგმების მომზადებასა ან/და იმპლიმენტაციის ეტაპზე დახმარებაში, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეხვედრების გამართვაში (მაგ. სემინარები, მრგვალი მაგიდები), საკონსულტაციო ვიზიტებსა და საკანონმდებლო ექსპერტიზაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Interlaken Declaration-ის მიხედვით (პარ. 11), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და ზედამხედველობისას პრიორიტეტი მიენიჭოს არა მხოლოდ იმ საქმეებს  რომელშიც სასწრაფო ინდივიდუალური ზომების მიღების საჭიროება ფიქსირდება, არამედ იმ საქმეებსაც სადაც სისტემური პრობლემის (

წესი 4)  არსებობა ვლინდება.

შესაბამისად, კომპლექსური პრობლემის დადგენითა და მასზე ზედამხედველობის გაძლიერებული პროცედურის გამოყენებით, მინისტრთა კომიტეტმა, მერაბიშვილის საქმეს განსაკუთრებული პრიორიტეტი მიანიჭა და გაძლიერებულ კონტროლზე აიყვანა.

აქვე საინტერესოა, მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოსაზრებაც. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, მერაბიშვილის მიმართ დარღვეული კონვენციური უფლებების აღდგენის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს (გვ. 94).
პერსონები

მსგავსი სიახლეები

2548 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
გაზეთი ფაქტ-მეტრი
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი