რეზიუმე:
საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს დაამტკიცა „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“, რის საფუძველზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ.
2014-2017წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის 3 595 აფხაზეთიდან იყო, სამაჩაბლოდან კი - 2 650. შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (9 759 689 ლარი), ვიდრე სამაჩაბლოდან გადმოსულ პაციენტებზე (8 098 078 ლარი). ჯამში, ეს რიცხვი 17 857 767 ლარია. ამდენად, 17 მლნ ლარი, როგორც ვახტანგაშვილი აცხადებს, ჯამში, საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულ პაციენტებზე დაიხარჯა. თუმცა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის კონტექსტი, რომ აღნიშნული პროგრამით საკმაოდ ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლა, სწორია.
ანალიზი კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ამჟამად „შენების მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა შეაფასა. განხორციელებული პროექტებიდან მას ყველაზე მნიშვნელოვნად „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ მიაჩნია. „დაახლოებით 17 მლნ ლარი არის დახარჯული არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად ოს ადამიანებზე, საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებებში. ზუსტი რიცხვია ეს, 17 მლნ-მდეა დაახლოებით ამ წლების განმავლობაში მათთვის დახარჯული“, - განაცხადა
ვახტანგაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ 2010 წელს დაამტკიცა, რის საფუძველზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება მიეცათ (საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად).
ფაქტ-მეტრმა ვახტანგაშვილთან დააზუსტა, კონკრეტულად რა პერიოდს გულისხმობდა „ბოლო წლებში“. „შენების მოძრაობის“ წევრმა IDFI-ის კვლევადაასახელა, რომელიც 2014-2017 წლებს მიმოიხილავს. თავის მხრივ, IDFI-მ აღნიშნული მონაცემები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.
ზემოაღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტების მკურნალობისთვის 2014-2017 წლებში გახარჯულმა თანხამ 17 857 766 ლარი შეადგინა. ეს რიცხვი ყოფილმა პარლამენტარმა მხოლოდ სამაჩაბლოდან გადმოსული პაციენტებისთვის დახარჯულ თანხად დაასახელა. რეალურად, ოკუპირებული სამაჩაბლოდან გადმოსული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ 2014-2017 წლებში 8 098 077 ლარი დახარჯა.
გრაფიკი 1:
აფხაზ და ოს პაციენტებზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის დახარჯული თანხა (ლარი) 2014-2017 წლებში
სამედიცინო მომსახურება სულ 6 188 პაციენტმა მიიღო. აქედან, 2 650 სამაჩაბლოს მკვიდრი იყო, 3 595 კი - აფხაზეთის. იმავე კვლევის თანახმად, 2014-2017 წლებში, ჯამში, სამედიცინო მომსახურება გაეწია 829 ბავშვს, რაზეც დაიხარჯა 2 298 246 ლარი და 5 415 ზრდასრულს, რაზეც 14 245 470 ლარი დაიხარჯა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადებების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცხინვალელი და აფხაზი პაციენტების რიცხვი, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ, ექვსჯერ გაიზარდა. გაზრდილ სტატისტიკაზე მიუთითებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევიც და ამბობს, რომ ადგილზე შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ცხინვალიდან სამკურნალოდ ქართულ მხარეს ზოგჯერ დღეში 2-3 პაციენტიც კი გადმოდის. ამ თემაზე გასულ წელს ფაქტ-მეტრიც წერდა. სამშვიდობო მიმართულებით, აღნიშნული პროგრამის წარმატებულად განხორციელებაზეა საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშში (გვ. 13).