წლებში აბორტების რაოდენობა, მათ შორის ხელოვნური აბორტების შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, აბორტის 10 505-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ამ პერიოდში ასევე შემცირდა 1 000 ცოცხალშობილზე ხელოვნური აბორტების მაჩვენებელი. თუმცა, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, აბორტების რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალია.
დიმიტრი ხუნდაძე აბორტების შემცირებას მოქმედი ხელისუფლების მიერ შემოღებულ ინიციატივებთან (მათ შორის ჯანდაცვის პროგრამებთან) და საკანონმდებლო რეგულაციებთან აკავშირებს, რასაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონოდა აბორტების რაოდენობის შემცირებაზე. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ აბორტების შემცირების ძირითადი მიზეზი კონტრაცეპტივების გამოყენების ზრდაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით (კონტრაცეპცია) ძირითადად არასამთავრობო სექტორი მუშაობდა. თუმცა, უხალოეს მომავალში ცენტრი ოჯახის დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
ანალიზი 4აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „2012 წელს აბორტების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა, დღეს მასთან შედარებით 10 ათასით არის შემცირებული აბორტების რიცხვი. ეს არის სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე საკანონმდებლო რეგულაციებთან, რომელიც იყო შემოტანილი 2013-2014 წლებში“.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებებზე დაყრდნობით გადავამოწმეთ. 2008-2016წლების სტატისტიკის მიხედვით, აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 39 225 შემთხვევა 2012 წელს დაფიქსირდა. 2013 წლიდან აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, აბორტების 28 720 შემთხვევა დაფიქსირდა.
აბორტი შეიძლება იყოს ხელოვნური (ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა) ან თვითნებური (მუცლის თვითნებური მოშლა). ხელოვნური აბორტის შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ასევე 2012 წელს დაფიქსირდა, 2013 წლიდან კი ეს რიცხვიც მცირდება. თუმცა, 2012 წლის შემდეგ გაზრდილია თვითნებური აბორტების რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელი ლელა შენგელია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ 2012 წელს აბორტების რაოდენობის მკვეთრი მატება გამოიწვია აბორტების რეგისტრაციის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, „ერთის მხრივ კერძო სექტორმა გააუმჯობესა აბორტების აღრიცხვიანობა და მეორეს მხრივ დაავდებათა კონტროლის ცენტრი ვითხოვდით სრულყოფილ მონაცემებს აბორტებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია 2012 წელს აბორტების სტატისტიკის მკვეთრი ზრდა“.
გრაფიკი 1:აბორტების საერთო რაოდენობა 2012-2016 წლებში
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
აბორტების რაოდენობა ასევე შემცირებულია ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებითაც. 2012 წელს 1 000 ცოცხალშობილზე 689.5 აბორტი დაფიქსირდა, 2016 წელს კი 511.7.
გრაფიკი 2:
ხელოვნური აბორტების მაჩვენებელი 1 000 ცოცხალშობილზე, 2012-2016 წლები
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის
თანახმად, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა, საქართველოში ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებით აბორტების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის რეგიონში, დსთ-სა და ევროკავშირში.
მართალია, აბორტების საერთო რაოდენობა, მათ შორის ხელოვნური აბორტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა ხელოვნური აბორტის ჯამური კოეფიციენტი (TIAR), რომელიც გვიჩვენებს აბორტების რაოდენობას, რომელიც ქალს შეიძლებოდა გაეკეთებინა სიცოცხლის განმავლობაში, შობადობის არსებული ასაკობრივი კოეფიციენტის გათვალისწინებით. ხელოვნური აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტი 2012 წელს 0.9 იყო, 2013 წელს 0.7 მდე შემცირდა. 2014-2015 წელს 1-ის ფარგლებში იყო, ხოლო 2016 წელს 1.1-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელი ლელა შენგელია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ხელოვნური აბორტის ჯამობრივი კოეფიციენტის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება და სტაბილურად 1-ის ფარგლებშია. ფორმულაში გათვალისწინებულია რეპროდუქციული ასაკის ქალთა რაოდენობაც, რაც კოეფიციენტის მცირედით ცვლილებაზე გავლენას ახდენს“.
აბორტების შემცირების მთავარი მიზეზი კონტრაცეპციაა 2014წელს სახელმწიფოს მხრიდან აბორტების წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: აიკრძალა სელექციური აბორტები (ბავშვის სქესის მიხედვით), რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვის სქესის გაგება იმ ვადამდე აიკრძალა, სადამდეც კანონით აბორტი დასაშვებია (აბორტი დასაშვებია ორსულობის 12 კვირამდე). ამასთან, აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5-დღემდე გაიზარდა. 2014 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკანონო აბორტზე სანქციები გამკაცრდა.
საკანონმდებლო შეზღუდვები, ასევე ორსულობისთვის ჯანდაცვის უფასო პროგრამა და მშობიარობის დაფინანსება, აბორტების რაოდენობის შემცირებაზე ალბათ დადებითად აისახა. თუმცა, ამას ცალსახად ვერც დავამტკიცებთ და ვერც ვუარყოფთ. როგორც წესი, ხელოვნური აბორტი ეს არის არასასურველი ფეხმძიმობის შეწყვეტა და ამ გადაწყვეტილების შეცვლა კანონის გამკაცრებით რთულია.
გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის კვლევაშივკითხულობთ, „აბორტის გაკეთების შესახებ ქალის გადაწყვეტილებაზე აბორტის ლეგალურ სტატუსს გავლენა არ აქვს, მაგრამ იგი პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით “აბორტის საკანონმდებლო შეზღუდვის თუ მისი არარსებობის შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ქალს ექნება დაუგეგმავი ორსულობა და იგი მიმართავს სამედიცინო სერვისებს ორსულობის შესაწყვეტად, პრაქტიკულად თანაბარია“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, აბორტების შემცირების რეალური გზა ოჯახის დაგეგმვის სერვისების გაძლიერებაა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელი ლელა შენგელია აცხადებს, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, შეიქმნა სამედიცინო გაიდლაინები აბორტთან დაკავშირებით. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, მისი თქმით, „აბორტების რაოდენობის შემცირება ცალსახად კავშირშია კონტრაცეპტივების გამოყენების ზრდასთან“.ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ოჯახის დაგეგვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით რა ქმედით ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო.
„დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მოსახლეობის განათლება/ინფორმირებულობაზე ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ჩვენ, ამჟამად, ვმუშაობთ ვებსაიტზე, აპლიკაციაზე - „მშობელთა სკოლა“, რომელთა დიდი ნაწილი იქნება რეპროდუქციულ საკითხებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, ჩვენ უახლოეს დღეებში შევხვდებით რეპროდუქციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავროებს და შეიქმნება საკომუნიკაციო სტრატეგია, თუ როგორ უნდა გავზარდოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა რეპროდუქციულ საკითხებთან, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლელა შენგელია. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის სახელმწიფოს ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, თუ არ ჩავთვლით ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა ინფორმაციას.
„სამწუხაროდ, ბევრმა დონორმა დატოვა ქვეყანა, რომელიც მუშაობდნენ კონტრაცეპციის ხელმისაწვდომობაზე, და ამიტომ სახელმწიფო იღებს ნელ-ნელა ამ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელი.