ვერდიქტი: დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სხვადასხვა მიზეზის გამო მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ისე კლებისკენ. 2014-2017 წლების ყოველთვიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის, ასევე ოჯახების რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება. ხშირად, წინა თვესთან შედარებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდის ან კლების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტის ჩათვლით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ცვლილება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს არ აღემატება. თუმცა, მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგ პერიოდზე საუბრობს.
ანალიზი საინფორმაციო სააგენტო BM.GE-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2018 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 8 294-ით გაზირადა. BM.GE-სთან საუბარში დავით სერგეენკომ განმარტა: „თუ არ მივიღებთ მხედველობაში დიდ მერყეობებს, რომელიც 2013 წლის დასაწყისში იყო, შემწეობის მიმღებების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია და თვეში, დაახლოებით, პლუს-მინუს 5 ათასით იცვლება ხოლმე. ეს ცვლილება ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ ტენდენცია არის გამოკვეთილი. ჩვენ უნდა შევხედოთ მაჩვენებლებს თვეების მიხედვით, და მე ვფიქრობ, ეს იქნება იგივე ფლუქტუაციის, პლუს-მინუს 5 ათასის ფარგლებში”. 2018 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს, რომ ზრდის ტენდენცია გამოკვეთილია. ამ კონტექსტში დავით სერგეენკოს არგუმენტი სწორია. ყოველთვიურ სტატისტიკას (წინა თვეებთან შედარებით) თუ შევხედავთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო პერიოდში არათუ იზრდება, არამედ, პირიქით, მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და 2018 წლის ბოლო (მარტის) მონაცემებით, ჯამში 8 240 ადამინით შემცირდა. ამ პერიოდში (2017 წლის სექტემბრიდან დღემდე) დახმარების მიმღებთა რაოდენობის მცირედით ზრდა მხოლოდ 2018 წლის იანვარში დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური ცვლილების მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს არ აღემატება. თუმცა, მინისტრი ცალსახად გრძელვადიან პერიოდზე საუბრობს, ის ხაზგასმით აღნიშანავს, რომ 2013 წლის დაფიქსირეულ მერყეობას თუ არ ჩავთვლით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის თანაბარია და ყოველთვიური ცვლილების მაჩვენებელი პლუს-მინუს 5 ათასია. ფაქტ-მეტრმა 2014-2017 წლების ყოველთვიური სტატისტიკა გააანალიზა. 2018 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 821-ით გაიზარდა. თებერვალში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 2 785-ით შემცირდა, ასევე შემცირდა მარტში - 743 ადამიანით. 2016-2017 წლების ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არის პერიოდები, როდესაც ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება. 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა და ზრდის საკმაოდ მაღლი მაჩვენებლებიც დაფიქსირდა. მაგალითად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14 718 ადამიანით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობა გაიზარდა: მარტში 13 951-ით, აპრილიში 10 629-ით, მაისში 10 637-ით, ივნისში 12 351-ით. 2016 წლის ნოემბრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყოველთვიური შემცირება დაიწყო, რაც 2017 წლის მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში დაფიქსირებული შემცირების მაჩვენებლები ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებულ მაჩვენებელს. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 7 ათასზე მეტით შემცირდა. 2017 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6 811-ით, თებერვალში 23 718-ით, მარტში 9 547-ით შემცირდა. 2017 წლის მაისში კი ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 12 573-ით გაიზარდა, ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნის-ივლისშიც.
გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2016-2017 წლებში წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილების მაღალი მაჩვენებლები 2015 წელსაც დაფიქსირდა. მაგალითად, 2015 წლის ივნისში დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 26 648 ადამიანით, ხოლო ივლისში 60 518 ადამიანით შემცირდა. თუმცა, 2015 წელს დახმარების მიმღებთა მკვეთრად შემცირება და შემდგომ მკვეთრი ზრდა მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება. 2014 წლის ყოველთვიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, აქაც აღმოვაჩენთ დახმარების მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას. მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა სია 20 844 ადამიანით შემცირდა. ყოველთვიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ნამდვილად არ არის თანაბარი და ხშირად რაოდენობის ცვლილებების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული პლუს-მინუს 5 ათასი. ჩვენ ასევე გავაანალიზეთ ყოველწლიური მონაცემები და წლის ბოლოს, დეკემბერში არსებულ მაჩვენებლები ერთმანეთს შევადარეთ. როგორც გრაფიკ 2-ზეა ნაჩვენები, 2014-2017 წლებში დახმარების მიმღები ოჯახების და მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა.
გრაფიკი 2: 2014-2018 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და ოჯახების რაოდენობა (წლის ბოლო მონაცემებით) წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ და მას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც. საარსებო შემწეობის მკვეთრ ცვლილებას იწვევს მეთოდოლოგიის ცვლილებაც. შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა ხშირად წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება. თუმცა, ფაქტია, რომ სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა არ არის თანაბარი და საკმაოდ დიდი მერყეობებით ხასიათდება.