რეზიუმე:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება მძღოლების, პედაგოგების და სხვა პერსონალის თანამდებობის განსაზღვრა და მათი სარგოების ოდენობის დადგენა (მერიის თანამდებობის პირებისა და საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოხელეების გარდა). აღნიშნული პირების შრომის ანაზღაურების განსაზღვრა მუნიციპალიტეტის მერის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საშტატო განრიგი სამი თვის მანძილზე ვერ დამტკიცდა, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მძღოლებისა თუ პედაგოგების ხელფასებზე.
ბორჯომის საკრებულოსთვის წარდგენილი დადგენილების პროექტით, მერი მერიის რიგითი მოხელეების სარგოების 230, 130 და 80 ლარით გაზრდას ითხოვდა, მაგრამ, ამავდროულად, ორჯერ მეტი ოდენობით თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაც იყო მოთხოვნილი. წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვერსიით, მერის თანამდებობრივი სარგო 850 ლარით, ხოლო მოადგილეების - 600 და 500 ლარით იზრდებოდა.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა გამოვეხმაურო ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს და მინდა მარტივად ვთქვა რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ტყუილია, თითქოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” ბორჯომში ხელფასების გაზრდას ითხოვს. სინამდვილეში, ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვს რიგითი მოხელეებისთვის, ტრანსპორტის მძღოლებისთვის, პედაგოგებისთვის, დამლაგებლებისთვის, რომელთაც ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციის გაჯიუტების თუ დესტრუქციის გამო სამი თვის განმავლობაში არ მიუღიათ ხელფასი, მიიღონ ხელფასები”, - განაცხადა გაბუნიამ.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის (34-ე მუხლი) ამოქმედებასთან ერთად, საჯარო ადმინისტრაციებს 2018 წლის 20 იანვრამდე ხელახლა უნდა განესაზღვრათ საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით (24-ე, 53-ე და 54-ე მუხლები), მერიის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტში, თანამდებობრივი სარგოების ხელახლა განსაზღვრის შემდეგ, მერებისა და მათი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოები გაიზარდა. მსგავსად სხვა მერებისა, 16 იანვარს ბორჯომის მერმა საკრებულოს თანამდებობრივი სარგოები დასამტკიცებლად გაზრდილი სახით წარუდგინა, მაგრამ საკრებულომ წარმოდგენილი სახით არ დაამტკიცა მერის მიერ მომზადებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების პროექტი. სწორედ ეს გახდა ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის საკრებულო ის ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები უმიცრესობაში იმყოფებიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 28 წევრია. მათ შორის, „ქართული ოცნება“ - 13 წევრი, „პატრიოტთა ალიანსი“ - 11 წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2 წევრი, ხოლო „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტებს“ თითო წევრი ჰყავთ.რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე უარყოფს მერიის თანამდებობის პირების სარგოების ზრდის მოთხოვნას და სხვა პირების ხელფასებზე საუბრობს.
ზაზა გაბუნიას მიერ დასახელებული პირების არამარტო თანამდებობრივი სარგოების, არამედ იმ იურიდიული პირების, სადაც ეს პირები შეიძლება იყვნენ დასაქმებულები, საშტატო ნუსხის დამტკიცებაც არ განეკუთვნება საკრებულოს კომპეტენციას. სკოლამდელი განათლება თვითმმართველობის უფლებამოსილებაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი კერძო სამართლის იურიდიული პირების საშუალებით ახორციელებს. ამრიგად, ბაღის მასწავლებლები არ არიან მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები, რომელთა თანამდებობრივ სარგოს საკრებულო ადგენს. მათი შრომის ანაზღაურების საკითხზე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში იღებს ა(ა)იპ -ის ხელმძღვანელი, მერთან შეთანხმებით. რაც შეეხება სკოლის პერდაგოგებს - ზოგადი განათლება ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება და არა თვითმმართველობის. მსგავსი მდგომარეობაა მძღოლებთან და დასუფთავების პერსონალთან მიმართებაშიც. ბაღის პედაგოგების მსგავსად, ეს პირებიც კერძო სამართლის იურიდიულ პირებში არიან დასაქმებული და მათი თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა საკრებულოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება (მუხლი 106.1). შესაბამისად, ამ ადამიანებს აღნიშნული საშტატო ნუსხის დაუმტკიცებლობის გამო ხელფასების მიღების პრობლემა არ შექმნიათ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ დადგენილების პროექტი საკრებულოს ოთხჯერ წარუდგინა, ოთხივე წარდგენისას განსხვავებული სარგოების ოდენობით. სწორედ ამიტომ, მერიის თანამდებობის პირების სარგოების პროექტის ოთხივე ვარიანტი უნდა შევადაროთ მანამდე არსებულს.
ცხრილი 1:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სარგოების დაგეგმილი ოდენობა
პირები | არს. | 16 იან | I | 29 იან | II | 09თებ | III | 05 მარ | IV |
მერი | 2 650 | 3 450 | 800 | 2 650 | 0 | 3 500 | 850 | 2 650 | 0 |
I მოადგილე | 2 000 | 2 400 | 400 | 2 400 | 400 | 2 600 | 600 | 2 600 | 600 |
მოადგილე | 2 000 | 2 300 | 300 | 2 300 | 300 | 2 500 | 500 | 2 500 | 500 |
სამსახურის უფროსი | 1 550 | 2 000 | 450 | 2 000 | 450 | 2 000 | 450 | 2 000 | 450 |
მერის მიერ 16 იანვარს წარდგენილ პროექტში მისი ხელფასი არსებულთან შედარებით 800 ლარით მეტი იყო, ხოლო მოადგილეების კი - 400 და 300 ლარით გაზრდილი. ასევე, 450 ლარით იზრდებოდა სამსახურის უფროსის სარგოს ოდენობა. საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილების პროექტით, თანამდებობების პირების სარგოები იმავე მოცულობით აღემატებოდა არსებულს, გარდა მერის სარგოს ოდენობისა, რომელიც 2 650 ლარს შეადგენდა. მესამე წარდგენისას მერის სარგო 850 ლარით გაზრდილი, მისი მაოდგილეების კი - 600 და 500 ლარით გაზრდილი იყო, რაც პირველად წარდგენილ ოდენობებსაც კი აღემატებოდა. საკრებულომ აღნიშნული სახით ისევ არ დაამტკიცა თანამდებობრივი სარგოები, რასაც დაპირისპირება მოყვა. ამის შემდეგ, 5 მარტს მერმა ხელახლა წარუდგინა საკრებულოს მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილების პროექტი, სადაც მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ აღემატება მანამდე არსებულს, ხოლო მოადგილეების კი - 600 და 500 ლარითაა გაზრდილი. წინა სამი წარდგენის მსგავსად, სამსახურის უფროსის სარგოს ოდენობა ამ დოკუმენტშიც 450 ლარით მეტია.
რაც შეეხება სხვა საჯარო მოხეელებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 1 250 ლარია, რაც ოთხივე წარდგენისას 1 600 ლარამდეა გაზრდილი. საკრებულოში დადგენილების პროექტის ოთხივე წარდგენისას მათ სარგოების ოდენობა 350 ლარით იყო გაზრდილი.
ბორჯომის მერის მიერ საკრებულოსთვის მეოთხედ წარდგენილი დადგენილების პროექტი 9 მარტს უნდა განეხილათ, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიაში განხილვის შემდეგ წადგენილი დადგენილების პროექტი მერიას უკან დაუბრუნდა. ამის შემდეგ, საკრებულოსთვის კიდევ ერთხელ, 16 მარტს მოხდა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების პროექტის წარდგენა, თუმცა საკრებულომ ის კვლავ არ განიხილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 28 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგშიც საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივ სარგოების განხილვასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის (პატრიოტთა ალიანსი) გადაყენებაც იქნება. მისი გადაყენების მოთხოვნის შესახებ საკრებულოს 15 წევრის ხელმოწერა არსებობს.