დაავადებათა კონტროლის ცენტრისმონაცემებით, 2018 წელს, 1 მარტის მდგომარეობით, წითელას ვირუსით ინფიცირების 352 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 223 შემთხვევა აჭარის რეგიონში. ამ პერიოდში თბილისში წითელას ვირუსით ინფიცირებულია 37 ადამიანი. გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებელია ასევე სამეგრელოსა და იმერეთში. წითელას ეპიდემიის აფეთქება 2017 წლის ბოლოს დაიწყო და მთელი საქართველო მოიცვა. ერთადერთი რეგიონი, სადაც 2018 წელს წითელას შემთხვევა არ დაფიქსირებულა რაჭა-ლეჩხუმია.

ცხრილი 1:2018 წელს წითელას შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

აჭარა თბილისი ქვემო ქართლი შიდა ქართლი სამეგრელო მცხეთა-მთიანეთი იმერეთი გურია კახეთი სამცხე-ჯავახეთი
223 37 11 1 41 6 20 8 1 4

წყარო:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

წითელას გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, როგორც ბავშვებში, ასევე 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 1-4 წლამდე ბავშვებში და 20-დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ცხრილი 2:2018 წელს წითელათი ინფიცირების შემთხვევები ასაკობრივ ჭრილში

ასაკი 0-1 1-4 5-14 15-19 20-29 30-40 40-ზე მეტის
პროცენტული განაწილება 17% 21 % 19% 4% 21% 16% 2%

წყარო:დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერით გადადის და ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ დაავადებად ითვლება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, გამონაყარი, ხველა, რინიტი, კონუქტივიტი. წითელამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა ყურის ანთება, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება).

დაავადებათა კონტროლის ცენტრისმონაცემებით, 1990 წლის შემდეგ, წითელას ეპიდემია დაფიქსირდა 2004-2005 წლებში, ამ პერიოდში 8 391 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გარდაცვალების 9 შემთხვევა. წითელას შემდეგი დიდი აფეთქება იყო 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000-ზე მეტი ადამიანი, აქედან 4 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, „წითელას ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამის და 2008 წელს წითელას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ მოსახლეობაში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირები, რომლებიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ, მეორე მხრივ კი არაიმუნური ფენის დაგროვებას უმცროსი ასაკის ბავშვებში გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვის გამო“.

წითელა, როგორც წესი, ბავშვთა დაავადებად ითვლება, თუმცა წითელათი ინფიცირების რისკ ჯგუფში არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც წითელას ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვს (გადატანილი არ აქვს წითელა ან ინფექციის საწინაღმდეგო აცრა არ აქვს გაკეთებული).

როგორ ვებრძოლოთ წითელას?

ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელას ვაქცინაცია ითვალისწინებს პროფილაქტიკურ აცრებს, ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვა და პროფილაქტიკური აცრები, მათ შორის წითელას საწინააღმდეგო აცრა, არის უფასო, მის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს. პროფილაქტიკური აცრები ნებაყოფლობითია, თუმცა აუცილებელიც, რადგან ის იცავს ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს დაავდებით ინფიცირებისგან და მისგან გამოწვეული მთელი რიგი გართულებებისაგან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდემიაა დამოუწოდებსდაუყოვნებლივ ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი