საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 2017

წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, რაც საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე ორჯერ მეტია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო სამი წლის მანძილზე მთლიანი რეგიონში (31 ქვეყანა) ლიდერი ქვეყანა იქნება.

ფაქტ-მეტრი მამუკა ბახტაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2016 წელს ზრდა 2.8% იყო.

გრაფიკი 1:

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, %

image001 შენიშვნა: *2017 წლის წინასწარი მონაცემები

2017

წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებაზე დადებითი გავლენა ჰქონდა ექსპორტის (მათ შორის, ტურიზმის) და მთავრობის საინვესტიციო ხარჯების ზრდას. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომაროებითაც არის განპირობებული. რაც შეეხება სამთავრობო ინვესტიციებს, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს 20%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ჩვენ სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, ის ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირია.

რუსეთი - 2017

წლის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში რეალური მშპ-ის 1.6%-იანი ზრდაა. წინა წლებში რუსეთის ეკონომიკა არ იზრდებოდა. 2016 წელს მშპ-ს 0.2%-იანი, ხოლო 2015 წელს მშპ-ს 2.8%-იანი კლება იყო.

თურქეთი - 2016

წელს თურქეთის ეკონომიკურმა ზრდამ 3.3% შეადგინა. ხოლო, 2017 წელს, წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მშპ 6.6%-ით გაიზარდა.

სომხეთი - 2017

წლის წინასწარი მოანცემებით სომხეთის მშპ-ის ზრდა 3.5%-ია, რაც 2016 წელს 0.2%-ს შეადგენდა.

აზერბაიჯანი -

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მშპ-ს ზრდა -0.1%-ია. ხოლო, 2016 წელს ასევე 3.1%-იანი კლება იყო.

როგორც ჩანს, საქართველოს მსგავსად, მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იანი ზრდისა, ის მხოლოდ რუსეთსა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზეა ორჯერ მეტი, ხოლო თურქეთის მშპ-ის ზრდაზე 1.8% პუნქტით ნაკლებია.

თავის მხირივ, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანში ეკონომიკური რეცესიის ძირითადი მიზეზი 2014 წლიდან ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნაა, რომელსაც 2017 წელს ზრდის ტრენდი ახასიათებდა. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანაში წინა წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდა გაუმჯობესებულია.

მამუკა ბახტაძის განცხადების მეორე ნაწილი მომდევნო სამი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეხება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2018 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.2%-ია, 2019 წელს - 4.5% და 2020 წელს - 5%.

გრაფიკი 2:

საქართველოს მშპ-ის ზრდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

image003 შენიშვნა: *საპროგნოზო მაჩვენებელი

რადგან მამუკა ბახტაძე რეგიონის 31 ქვეყანაზე საუბრობს, ჩვენ რეგიონად განვიხილეთ მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფი - ევროპისა და ცენტრალური აზიის (24 ქვეყანა), სადაც საქართველოც შედის. ეს რეგიონი მინისტრის მიერ დასახელებულ რაოდენობასთან მიახლოებულია. იმისთვის, რომ განცხადების მეორე ნაწილი გადავამოწმოთ, საჭიროა აღნიშნული რეგიონებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შედარება საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო  რეგოიონის 24 ქვეყნიდან მე-4 ადგილს (4.2%) იკავებს. მის წინა პოზიციებზე თურქმენეთი (6.3%), უზბეკეთი (6%) და რუმინეთია (4.4%). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემდეგი ორი წელი, საქართველოსგან განსხვავებით, თურქმენეთსა და რუმინეთში მშპ-ის ზრდის პროგნოზის ტემპი კლებადია, ხოლო უზბეკეთში იმავე მაჩვნებლით არის ნავარაუდები. 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო რეგიონში კვლავ მე-4 პოზიციაზე (4.5%) იქნება, გვისწრებს უზბეკეთი (6%), ყირგიზეთი (5.2%) და თურქმენეთი (5.1%). პროგნოზის თანახმად, 2020 წელს რეგიონში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდება.

ცხრილი 1:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამი წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი

ქვეყანა 2018 2019 2020 საშუალო
1 უზბეკეთი 6,00% 6,00% 6,00% 6,00%
2 თურქმენეთი 6,30% 5,10% 5,00% 5,47%
3 ყირგიზეთი 3,80% 5,20% 5,00% 4,67%
4 საქართველო 4,20% 4,50% 5,00% 4,57%
5 ტაჯიკეთი 4,00% 4,00% 4,00% 4,00%
6 რუმინეთი 4,40% 3,80% 3,30% 3,83%
7 ალბანეთი 3,70% 3,80% 3,90% 3,80%
8 მოლდოვა 3,70% 3,80% 3,80% 3,77%
9 სერბეთი 3,50% 3,50% 4,00% 3,67%
10 კოსოვო[1] 3,50% 3,60% 3,70% 3,60%
11 თურქეთი 3,50% 3,50% 3,50% 3,50%
12 უკრაინა 3,20% 3,50% 3,70% 3,47%
13 მაკედონია 3,20% 3,40% 3,60% 3,40%
14 პოლონეთი 3,30% 3,00% 2,80% 3,03%
15 სომხეთი 2,90% 3,00% 3,10% 3,00%
16 ყაზახეთი 2,80% 2,80% 3,20% 2,93%
17 ბულგარეთი 3,20% 2,90% 2,70% 2,93%
18 უნგრეთი 3,40% 2,80% 2,60% 2,93%
19 ბოსნია და ჰერცოგოვინა 2,60% 2,70% 2,70% 2,67%
20 მონტენეგრო 2,80% 2,70% 2,20% 2,57%
21 ხორვატია 2,70% 2,50% 2,30% 2,50%
22 აზერბაიჯანი 1,30% 3,00% 2,60% 2,30%
23 რუსეთი 1,60% 1,50% 1,50% 1,53%
24 ბელარუსი 0,70% 0,90% 1,60% 1,07%

დასკვნა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.8%-ს შეადგენს, რაც თურქეთში არსებულ ზრდის მაჩვენებელს 1.8% პუნქტით ჩამორჩება, ხოლო სომხეთს 1.3% პუნქტით აღემატება. ის მხოლოდ აზერბაიჯანის და რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს აღემატება ორჯერ და მეტადაც. ამ ქვეყნებში დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი კი ნავთობის ფასის ვარდნა და რუსეთზე დაწესებული სანქციებია.

მსოფლიო ბანკის მიერ დაჯგუფებულ ქვეყნებში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის 24 ქვეყანას შორის არის, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომდევნო სამი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლით მე-4 ადგილს იკავებს. ამ წლების საშუალო ზრდის მაჩვენებლით ჩვენ წინ მდგომი ქვეყნებია - უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

[1] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი