მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით ბიუჯეტის შემოსულობები გეგმაზე 120 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და ათვისების მხრივაც კარგი მდგომარეობაა.
ფაქტ-მეტრმა მამუკა ბახტაძის განცხადება გადაამოწმა.
2017წლის ბიუჯეტში 1 დეკემბერს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი გაიზარდა. სტატიაში სწორედ შეცვლილი ბიუჯეტის მიმართ შესრულებას გადავამოწმებთ და არა თავდაპირველად არსებული ბიუჯეტის მიმართ.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები შემოსავლებს, არაფინანსური (პრივატიზაცია) და ფინანსური აქტივების კლებასა და ვალდებულებების ზრდას მოიცავს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2017წლის ბიუჯეტის შემოსულობებმა 11 619 მლნ ლარი შეადგინა და გეგმას 131.5 მლნ ლარით გადააჭარბა. ბიუჯეტის შემოსულობები 101.1%-ით შესრულდა.
ცხრილი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებლები (მლნ ლარი)
2016 | 2017 | |||||
გეგმა | ფაქტი | % | გეგმა | ფაქტი | % | |
შემოსულობები | 10317,9 | 10374 | 100.5 | 11487,1 | 11618,6 | 101.1 |
შემოსავლები | 8546,8 | 8580 | 100.4 | 9696,1 | 9750,3 | 100.1 |
არაფინ. აქტივების კლება | 225 | 246,2 | 109.5 | 90 | 97,6 | 108.5 |
ფინ. აქტივების კლება | 90 | 88,7 | 98.6 | 85 | 119,1 | 140.1 |
ვალდებულებების ზრდა | 1456,1 | 1458,9 | 100.2 | 1616 | 1651,6 | 102.2 |
მთლიანი შემოსულობების 84% შემოსავლებზე მოდის, რომელიც 9 696 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, თუმცა შესრულებამ 54 მლნ ლარით მეტი - 9 750 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 100.1%-ით შესრულდა. გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა ბიუჯეტში 8 991.3 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ყველაზე დიდი მოცულობის 4 123 მლნ ლარი დღგ-ს გადასახადიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც გეგმასთან მიმართებაში 102.6 მლნ ლარით მეტია (ცხრილი 2).
ცხრილი 2:
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებლები გადასახადების ტიპების მიხედვით (მლნ ლარი)
2016 | 2017 | |||||
გეგმა | ფაქტი | % | გეგმა | ფაქტი | % | |
საშემოსავლო | 2086 | 1978,1 | 94.8 | 2570 | 2525,9 | 98.3 |
მოგების | 980 | 1055,9 | 107.7 | 740 | 756,5 | 102.2 |
დღგ | 3802 | 3286,3 | 86.4 | 4020 | 4122,6 | 102.6 |
აქციზის | 1012 | 1069,6 | 105.7 | 1435 | 1450,9 | 101.1 |
იმპორტის | 75 | 70 | 93.4 | 65 | 71,6 | 110.2 |
2017
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 8.2%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი. წინსწარი მონაცმებით, გასულ წელს ნომინალური მშპ მინიმუმ 11%-ით გაიზარდა. სწორედ ეს გარემოებაა ბიუჯეტის შემოსულობების გადაჭარბებით შესრულების მთავარი მიზეზი. ნომინალური მშპ-ის დაგეგემილზე მეტად ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპის და ინფლაციის მატებამ განაპირობა. რეალური ეკონომიკური ზრდა 4%-ზე იყო პროგნოზირებული, თუმცა იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ზრდა 4.8% იყო, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია. მშპ-ის დეფლატორი (ინფლაცია) 4%-ზე იყო პროგნოზირებული, თუმცა ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. ინფლაცია ზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, მაგრამ ამავე დროს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივების ზრდის და ვალდებულების კლების ჯამია. გასული წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 11 765 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან შედარებით 44.4 მლნ ლარით მეტია.
ცხრილი 3:
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მაჩვენებელი (მლნ ლარი)
2016 | 2017 | |||||
გეგმა | ფაქტი | % | გეგმა | ფაქტი | % | |
სულ გადასახდელები | 10298 | 10292 | 99.9 | 11720 | 11765 | 100.4 |
ხარჯები | 8721,8 | 8741,8 | 100.2 | 9333,3 | 9372 | 100.4 |
არაფინ. აქტივების ზრდა | 666,5 | 662,4 | 99.4 | 956,5 | 971,7 | 101.6 |
ფინ. აქტივების ზრდა | 512 | 495,5 | 96.8 | 908,8 | 905,6 | 99.6 |
ვალდებულებების კლება | 397,4 | 392,4 | 98.7 | 521,6 | 515,3 | 98.8 |
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 9 333 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, ხოლო შესრულებამ 9 372 მლნ ლარი შეადგინა, რაც 100.4%-იანი შესრულებაა. სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები (არაფინანსური აქტივების ზრდა) 101.6%-ით შესრულდა, ჯამში 971.7 მლნ ლარი დაიხარჯა. 2017 წლის სახლემწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები (შრომის ანაზღაურება და საქონლის და მომსახურების შესყიდვა) ჯამში 2 608 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, რაც 101%-ით შესრულდა და 2 634 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე დაგეგმილთან შედარებით 0.9 მლნ ლარით მეტი, 1 385.3 მლნ ლარი დაიხარჯა. თუმცა, ბიუჯეტის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 8 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება დეკემბერში დაფიქსირებულმა მაღალმა ხარჯვამ განაპირობა. მთავრობა 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) მონაცემებით საშუალოდ თვეში 910 მლნ ლარს ხარჯავდა, ხოლო დეკემბერში მან საშუალოზე 844.7 მლნ ლარით მეტი, 1 754.7 ლარი დახარჯა. აქედან, მილიარდ ლარზე მეტი დეკემბრის მეორე ნახევარში დაიხარჯა. ბიუჯეტის შესრულების მიზნით, წლის ბოლოს ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდა მთავრობის მიერ დამკვიდრებული ცუდი პრაქტიკაა, რაც ლარის კურსის მოკლევადიანი რყევების ზრდას უწყობს ხელს და ამასთან, ხარჯვის არაეფექტიანობაზე მიანიშნებს. საქართველოს პროგრამული ბიუჯეტი აქვს, რომელიც გულისხმობს, რომ მიზანი არა გამოყოფილი თანხების 100%-ით ათვისება, არამედ დასახული მიზნების ეფექტიანად მიღწევაა.
დასკვნამიუხედავად იმისა, რომ 1 დეკემბერს ბიუჯეტის გეგმები ზრდის მიმართულებით შეიცვალა, ის მაინც გადაჭარბებით შესრულდა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 101.1%-ით შესრულდა და დაგეგმილ მაჩვენებელს 131.5 მლნ ლარით გადააჭარბა. ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას ეკონომიკური ზრდის ტემპის და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. ბიუჯეტის შევსებაში პოზიტიური როლის მიუხედავად, ინფლაცია ქვეყნის მოსახლეობას აზარალებს.
ბიუჯეტის გადასახდელები 100.4%-ით შესრულდა. გადასახდელების შესრულებაში დიდი როლი დეკემბრის მეორე ნახევარში დაფიქსირებულმა მილიარდ ლარზე მეტმა ხარჯვამ ითამაშა, რაც ცუდი პრაქტიკაა.
ამრიგად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.