საპარლამენტო უმცირესობების ფრაქციის სხდომაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ, განაცხადა: „ცხოვრების დონე 40-50%-ით არის გაძვირებული“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქვეყანაში ცხოვრების დონის დადგენის ერთ-ერთ ინდიკატორს შინამეურნეობების საშუალო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი წარმოადგენს. ოჯახისგან განსხვავებით, შინამეურნეობა არის ყველა იმ ადამიანის ერთობა, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ, მიუხედავად მათი ნათესაური კავშირისა. შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავალი წარმოადგენს საქართველოს შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების ჯამის განაყოფს შინამეურნეობების რაოდენობაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შინამეურნეობების საშუალო შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკი 1: შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლები 2012-2016 წლებში წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ზემოთ მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს, რომ 2012 წელს, ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიური შემოსავალი 788.4 ლარს, ხოლო 2016 წელს - 1042.2 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება საშუალო თვიურ შემოსავლებს ერთ სულზე, აღნიშნული მონაცემი 2012 წელს 218.4 ლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს - 294.2-ს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2012-დან 2016 წლამდე, საშუალო თვიური შემოსავალი ერთ შინამეურნეობაზე 32%-ით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ხარჯებს, ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯი 2012 წელს 766.1 ლარს, ხოლო 2016 წელს 1 026.3 ლარს შეადგენდა. საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე კი - 2012 წელს 212.2 ლარით, ხოლო 2016 წელს 289.7 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობასა და ერთ სულზე 2012-დან 2016 წლამდე შესაბამისად - 34%-ითა და 36%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 2: შინამეურნეობების საშუალო თვიური ხარჯები 2012-დან 2016 წლამდე წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასიც. აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელს 712.5, ხოლო 2016 წელს 940 ლარს შეადგენდა, ანუ 32%-ით გაიზარდა. ადამიანების შემოსავლის ზრდა პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული მათი ხარჯების ზრდასთან, ვინაიდან შემოსავლის ზრდასთან ერთად ავტომატურად იზრდება მოთხოვნა სხვადასხვა სახის საქონლისა თუ მომსახურების მისაღებად. როდესაც ცხოვრების დონის გაძვირებაზეა საუბარი, მხვედველობაში უნდა მივიღოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება. სამომხმარებლო ფასების ინდექსი ქვეყანაში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირება/გაიაფებას უჩვენებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 2017 წლის დეკემბერში, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით დაახლოებით 19%-ით არის გაზრდილი. 2012 წლის დეკემბრის 100 ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 118.95 ლარს (იხ. სამომხმარებლო ფასების ინდექსის კალკულატორი). ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0%-მდე შემცირებას. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრება ეკონომიკის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს შეადგენდა, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6% შეადგინა.
ცხრილი 1: ინფლაცია სამომხმარებლო ფასების ინდექსით
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
წლიური წინა წლის წლიურთან | -0.9% | -0.5% | 3.1% | 4% | 2.1% | 6% |
დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან | -1.4% | 2.4% | 2.0% | 4.9% | 1.8% | 6.7% |
ასევე აღსანიშნავია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რომელიც მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, 2012 წლიდან 2017 წლამდე დაახლოებით 16%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 149, ხოლო 2017 წლის დეკემბერში - 173 ლარი იყო. აღნიშნული ცვლილების განმაპირობებელ ფაქტორს ინფლაციის დონის პროცენტული ცვლილება წარმოადგენს. ცხოვრების დონეზე საუბრისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სიღარიბის მაჩვენებლებზე. აღსანიშნავია, რომ სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლის კლების ტენდენცია 2011 წლიდან იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს 2016 წელი, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. თუმცა, საქსტატის სტატისტიკის მიხედვით, საერთო ჯამში, მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
გრაფიკი 3: მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (%) წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დასკვნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი 35%-ით, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები 36%-ით გაიზარდა. 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, 32%-იანი ზრდით ხასიათდება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი. მიუხედავად შინამეურნეობების საშუალო ხარჯების ზრდისა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას შემოსავლის ზრდის დადებითი ტენდენციაც. მოსახლეობის შემოსავლის ზრდა ავტომატურად იწვევს მოთხოვნის ზრდას სხვადასხვა სახის საქონელსა და მომსახურებაზე, რაც თავის მხრივ გაწეული ხარჯების ზრდას განაპირობებს. რაც შეეხება ინფლაციას, ანუ ცხოვრების გაძვირებას პირდაპირი გაგებით, საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, 2017 წლის დეკემბერში ინფლაციამ დაახლოებით 19% შეადგინა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2012 წელთან შედარებით 16 %-ით არის გაზრდილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამავდროულად მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ ფინანსურად მოწყვლადი კატეგორია, 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
თეგები: