რომ რეორგანიზაციისას კონკურსის ჩატარებას კანონი ავალდებულებთ და უკვე დასაქმებულ პირებსაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.
"მთავარი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას იქნება პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება, პატიოსნება. რაც შეეხება ზოგადად კონკურსებს, ამას კანონი გვავალდებულებს და ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კონკურსი შეეხება ყველას. მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ აუცილებლად მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება".
შესაძლოა, კახა კალაძემ მისი განცხადების პირველ ნაწილში ახალი თანაშრომლების კონკურსის საფუძველზე მიღების შესახებ კანონით განსაზღვრული ვალდებულება იგულისხმა, რასაც კანონი ნამდვილად ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას და ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ცნობილია. თუმცა, მერმა ასევე აღნიშნა, რომ მერიაში უკვე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებსაც მოუწევთ გამოცდის ხელახლა ჩაბარება. ფაქტ-მეტრი სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა.
თბილისის მერი რეორგანიზაციის შემდეგ მერიის სტრუქტურის კონკურსის წესით დაკომპლექტებაზე საუბრობს. საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციის საკითხებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის XI თავი აწესრიგებს. ამ კანონით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის დაწესებულების სტრუქტურის ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვლა, რომლის მიზანი ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა უნდა იყოს. ასევე, დაწესებულების რეორგანიზაციად ითვლება შტატების გადაადგილება ან შემცირება. აღნიშნული პროცესი არ იწვევს მოხელის სტატუსის შეწყვეტას. იმ შემთხვევაში, როდესაც რეორგანიზაციის შედეგად შტატების რაოდენობა მცირდება, საჯარო ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა ხელი შეუწყოს მოხელეების მობილობას.ამ დროს მოხელის გადაყვანა ხდება კონკურსის გარეშე იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, ტოლფას თანამდებობაზე ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. თავის მხრივ, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა ის საჯარო სამსახურის რეზერვში ირიცხება.
ზოგადად, საჯარო სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის დანიშვნა კონკურსის წესით ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვაკანტური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მოხელის გადაყვანის ან მობილობის წესით. ამდენად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დროს ამა თუ იმ ვაკანტური თანამდებობის დაკავება კონკურსის გარეშე, მობილობით ხდება.
რაც შეეხება მოხელის მიერ გამოცდის ჩაბარებას, 1997 წელს მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ მოხელის ატესტაციას, რომლის მიზანი მოხელის ამა თუ იმ თანამდებობაზე საჭირო პროფესიული უნარებისა და კვალიფიკაციის დადგენა იყო. ასევე, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირებისას დაწესებულების ხელმძღვანელს ატესტაციის შედეგების გათვალისწინების უფლებამოსილება გააჩნდა. მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული (რომელიც სრულად 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა) მოხელის ატესტაცია გაუქმდა და მის ნაცვლად შემოღებულ იქნა მოხელის შეფასება,რომელსაც ახორციელებს მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, წელიწადში ერთხელ. მოხელის შეფასებას საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მოხელის შეფასება ხდება მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებით, რაც მოიცავს დოკუმენტური მასალის შეფასებასა და მოხელესთან გასაუბრებას. ამრიგად, არსებითად განსხვავდება მოხელის ატესტაცია და მოქმედი მოხელის შეფასების მექანიზმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოხელის შეფასება არ უკავშირდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის პროცესს და ის მუდმივი ხასიათისაა. არც იმ შემთხვევაში, როცა რეორგანიზაციის შედეგად შტატები მცირდება, კანონში არ არის პირდაპირი მითითება იმისა, რომ მოხელის შეფასების შედეგები იქნას გათვალისწინებული. თუმცა, ასეთ დროს დაწესებულების მიერ შეფასების შედეგების გათვალისწინება საჯარო სამსახურის პრინციპების შესაბამისი იქნება.
როგორც აღვნიშნეთ, არსებული კანონმდებლობით რეორგანიზაციის პროცესში მერს გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება არ აქვს. ამდენად, საჯარო სამსახურის პრინციპებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ახალდშექმნილ სტრუქტურაში შექმნილი შტატის დასაკავებლად არსებობდეს მისთვის საჭირო უნარების სამართლიანი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შერჩევის მექანიზმი და სწორედ ამ მექანიზმის შესაბამისად მოხდეს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა ხელახალი დანიშვნა.
დასკვნაახალი საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მოხელის ატესტაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კანონით არც რეორგანიზაციის დროს კონკურსის ჩატარების ვალდებულება არსებობს. პირიქით, იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის შედეგად შტატები შემცირდა, ამ თანამდებობაზე მყოფი პირების მობილობა ხდება ამავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში კონკურსის გარეშე. ასევე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ სამართლებრივ ურთიერთობისას არანაირი კავშირი არ აქვს 1997 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის ატესტაციას. თუმცა, ამჟამად ის მოქმედი არ არის. ერთადერთი კრიტერიუმი, რაც ამჟამად შეიძლება რეორგანიზაციის (რომელიც შტატების შემცირებას იწვევს) დროს შტატების ხელახლა დასაკომპლექტებლად იქნას გამოყენებული, ამ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებაა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მცდარი.