პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა:
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან სავალალო, ყველაზე უარესი დემოგრაფიული მაჩვენებლები გვაქვს, მათ შორის მიგრაციული სალდო. ეს არის შედეგი იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებდა“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლებია:მოსახლეობის რიცხოვნობა, შობადობა, მოკვდავობა, ბუნებრივი მატება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, საქალაქო და სასოფლო დასახლების რიცხოვნობა, ქორწინება და განქორწინება.
ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ ჭიაბერაშვილს იმის დასაზუსტებლად, თუ კონკრეტულად რომელ მაჩვენებელს გულისხმობდა განცხადებაში. მისი თქმით, ის საუბრობს შობადობაზე, გარდაცვალებასა და ბუნებრივ მატებაზე.
უკანასკნელი სრული (წლიური) ინფორმაცია, რომელიც ამ მიმართულებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდზეა განთავსებული, არის 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობის ამსახველი მონაცემები. რაც შეეხება 2017 წელს, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი 6 თვისმონაცემებია გამოქვეყნებული.
2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენდა, რაც 2007 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე 676 500-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მონაცემები მკვეთრად შეამცირა 2014 წლის საყოველთაო აღწერამ (გამომდინარე იქიდან, რომ 2014 წლამდე, ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა,მოსალოდნელი იყო საკმაოდ დიდი სხვაობა), შესაბამისად, 2014 წლამდე და მის შემდეგ მონაცემების შედარება არასწორია. უფრო ლოგიკურია სხვაობა, მაგალითად, 2017 წლის და 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებს შორის - 2 200 ადამიანი. დაახლოებით მსგავსია სხვაობები, 2014 წლის აღწერამდე არსებულ მონაცემებში. მაგალითად, 2009 წლის მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით მოსახლეობა 3 300 ადამიანით შემცირდა და ა.შ. (იხ. გრაფიკი 1). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას საქართველოში ერთი გამოკვეთილი ტენდენცია არ აქვს. რაოდენობა ზოგჯერ იკლებს (2008, 2013, 2015, 2017 წლის მონაცემები) ზოგჯერ კი იმატებს (2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2016 წლის მონაცემები).
გრაფიკი 1:
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრისთვის, ათასი კაცი
წყარო: საქსტატი
განცხადებაში მითითებული დემოგრაფიული მაჩვენებლები: შობადობა, გარდაცვალება და ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და გარდაცვალებას შორის) 2007 წლიდან განსხვავებულად იცვლება და ერთი გამოკვეთილი ტენდენცია არ აქვს (ცხრილი 1). ამ წლებში, ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა და შეადგენდა 63 377 ადამიანს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს - 49 178. რაც შეეხება 2017 წელს, საქსტატზე სრული მაჩვენებლები არ არის. პირველი 6 თვის მონაცემებით, ქვეყანაში არა ბუნებრივი მატება, არამედ კლებაა. თუმცა, ეს არ იძლევა იმის გადაჭრით თქმის საფუძველს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია. შესაძლოა, რომ მომდევნო 6 თვეში მონაცემები რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ არც ის არის გამორიცხული მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს. საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელიც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, თუმცა 2007-2016 წლის მონაცემებში არცერთ წელს არ აღემატებოდა შობადობის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატებაა 2016 წელს და შეადგენს 5 798-ს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ნახევარია.
ცხრილი 1:
დემოგრაფიული მაჩვენებლები - შობადობა, გარდაცვალება, ბუნებრივი მატება 1 000 კაცზე (2007-2017 წლები)
წელი (1 იანვრის მდგომ.) |
ცოცხლად დაბადება | გარდაცვალება | ბუნებრივი მატება |
2007 | 49 287 | 41 178 | 8 109 |
2008 | 56 565 | 43 011 | 13 554 |
2009 | 63 377 | 46 625 | 16 752 |
2010 | 62 585 | 47 864 | 14 721 |
2011 | 58 014 | 49 818 | 8 196 |
2012 | 57 031 | 49 348 | 7 683 |
2013 | 57 878 | 48 553 | 9 325 |
2014 | 60 635 | 49 087 | 11 548 |
2015 | 59 249 | 49 121 | 10 128 |
2016 | 56 569 | 50 771 | 5 798 |
2017 (6 თვე) | 25 430 | 26 540 | -411 |
აგრეთვე განსხვავებულია მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის) ცვლილებაც წლების მიხედვით (იხ. ცხრილი 2). 2007 წლიდან მიგრაციული სალდო, მხოლოდ 2009, 2010 და 2011 წლებში იყო დადებითი, სხვა შემთხვევაში ბოლო ათ წელში, ქვეყნიდან გადინება ყოველთვის აღემატებოდა ქვეყანაში შემოდინებას.
ცხრილი 2:მიგრაციული სალდო (2007-2016 წლები)
წელი | მიგრაციული სალდო (ათასი კაცი) |
2007 | -20.7 |
2008 | -10.2 |
2009 | 34.2 |
2010 | 18.1 |
2011 | 20.2 |
2012 | -21.5 |
2013 | -2.6 |
2014 | -6.5 |
2015 | -3.4 |
2016 | -8.1 |
საქსტატის დირექტორის მოადგილის თენგიზ ცეკვავას განცხადებით, 2017
წლის 6 თვის მონაცემებში ბუნებრივი კლება დაკავშირებულია 1990-იან წლებში შობადობის დაბალი მაჩვენებლით. მისი შეფასებით, სწორედ ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები შედიან ახლა ფერტილურობის (ნაყოფიერება) ასაკში, შესაბამისად მათი მცირე რიცხოვნობა არის შობადობის შემცირების მიზეზი. ცეკვავა საუბრობს ასევე, 1990-იან წლებში არსებულ მაღალი მიგრაციის დონეზე, რომელიც გავლენას ახდენს დღეს არსებულ ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ 1990-2000 წლებში, 10 წლის შუალედში, შობადობის მაჩვენებელი მართლაც ორჯერ შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საშუალო ფერტილურობის დონე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით 2.0-ია, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში, საშუალოდ, ერთ ქალზე 2 შვილი მოდის. ამ მონაცემით საქართველო განვითარებულ ქვეყნებს შორისაა. რაც შეეხება მიგრაციას, 1990-2000 წლებში საქართველოში ყველაზე მაღალი მიგრაციის სალდო დაფიქსირდა. 1990წელს უარყოფითი სალდო - 13 200 იყო, 1995 წელს - 127 000, ხოლო 2000 წელს - 35 200.
გარდა ამისა, მოსახლეობის შემცირება შეიძლება უკავშირდებოდეს კიდევ ერთ საკითხს, კერძოდ, 2006 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება საპენსიო ასაკის მოსახლეობის (ქალები - 60 წელი, კაცები - 65 წელი) რიცხვი. შესაბამისად, იზრდება მათი პროცენტული რაოდენობა ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ერი ბერდება, რაც, ლოგიკურად, სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის. საყურადღებოა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არ მომხდარა ისეთი მოვლენა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია დემოგრაფიული პრობლემები. მართალია, ჭიაბერაშვილი ამ ფაქტს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს, თუმცა, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში არ შემცირებულა ეკონომიკა და პირიქით იზრდება (შესაბამისად ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაიზარდა). ცალკე უნდა აღინიშნოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა შობადობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით, მაგალითად, 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობის (500 ლარი ლიმიტი) და საკეისრო კვეთის (800 ლარი ლიმიტი) საქართველოს ყველა მოქალაქეს უნაზღაურდება. 2014 წელს კი ხელისუფლებამ მიიღო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.თუმცა, კონკრეტულად რა შედეგი გამოიღო ამ პროგრამამ არ არის გააზრებული და დათვლილი.
ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდას შორის ცალსახა დადებითი ურთიერთდამოკიდებულება არ არის. მეტიც, ბევრ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, განსაკუთრებით ბუნებრივი მატების უარყოფითი სალდოს გამო. ამის მიზეზია ის, რომ დასავლეთის ქვეყნებში მრავალშვილიანობა ნაკლებად არის დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მშობლები ეკონომიკური მდგომარეობის გარდა სხვა ასპექტებსაც ითვალისწინებენ. მაგალითისთვის, საქართველო შეიძლება შევადაროთ პოსტ-საბჭოთა, ამჟამად განვითარებულ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეფექტიანი ეკონომიკუირი პოლიტიკა ჰქონდათ და მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბოლო 15 წელიწადში ესტონეთის მოსახლეობა 6%-ით, ლატვიას 16%-ით, ხოლო ლიტვის 17%-ით შემცირდა და კლებას განაგრძობს.საპირისპირო მდგომარეობაა აფრიკის და აზიის ბევრ ღარიბ ქვეყანაში, უკიდურესი სიღარიბის და ხშირ შემთხვევაში, სრულიად არარაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის მიუხედავად, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, მიზეზი მრავალშვილიანობაა.
დასკვნაზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უკანასკნელ 10 წელში ყველაზე მძიმე დემოგრაფიული მაჩვენებლები და მიგრაციული სალდო აქვს საქართველოს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. ფაქტ-მეტრმა გააანალიზა უკანასკნელი 10 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები: შობადობა, გარდაცვალება, ბუნებრივი მატება, ასევე, მიგრაციული სალდო. აღმოჩნდა, რომ 2006 წლიდან დღემდე აღნიშნული მაჩვენებლები მუდმივად იცვლება, თუმცა არა ერთი გამოკვეთილი ტენდენციით. 2016 წელს წინა წლებთან შედარებით, ძალიან დაბალი ბუნებრივი მატება იყო (თითქმის განახევრებული 2015 წელთან შედარებით), ხოლო 2017 წლის პირველ 6 თვეში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2016 წლის მიგრაციულ სალდოს, 2015 წელთან შედარებით იგი საკმაოდ გაზრდილია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლებში ერთ-ერთი ყველაზე არასახარბიელო დემოგრაფიული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
დემოგრაფიული საკითხებიდან ქვეყნის ეკონომიკის და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის გამორიცხვა, ცალსახად, არასწორია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა ისეთი მასშტაბის უარყოფითი ეკონომიკური ცვლილებები, რომელსაც დემოგრაფიაზე ასახვა შეეძლო. დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს 1990-2000 წლებში შობადობის მაჩვენებლის ვარდნასთან და ასევე, ერის დაბერების მაჩვენებლის ზრდასთან. რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებლის ზრდას, საქართველო ბოლო 5 წელში ვერანაირად ვერ მიაღწევდა ეკონომიკური განვითარების ისეთ დონეს, რომ მიგრაციული სალდო დადებითი გამხდარიყო, ამის მაგალითია საქართველოზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად განვითარებული ევროპის, განსაკუთრებით ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნები.
დემოგრაფიის მაჩვენებლების ცვლილება ძალიან რთული და მრავალმხრივი პროცესია, მასზე კულტურულ, მენტალურ და სხვა უამრავ ფაქტორს აქვს გავლენა. ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის რიცხვობნობის ზრდას შორის ცალსახა დადებითი კავშირი არ არსებობს. ერთი მხრივ, ამის მაგალითია ევროპის განვითარებული ქვეყნები (სადაც მოსახლეობა მცირდება) და აფრიკა-აზიის ღარიბი ქვეყნები (სადაც მოსახლეობა იზრდება).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.