21 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „საქართველოს მაჩვენებლები კორუფციის აღქმის ინდექსში ყველა ინსტიტუციაში არის გაუმჯობესებული. ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, მსოფლიო ბანკი, ჰერითიჯ ფაუნდეიშენი. სამი ძალიან მსხვილი საერთაშირისო ინსტიტუცია, რომელიც აფასებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებლებს და ყველა მიმართულებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს გაუმჯობესება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის 2016 წლის კვლევაში 176 ქვეყნის კორუფციის მაჩვენებლებია ასახული. ქვეყნები შეფასებულნი არიან 100 ქულიანი შკალით (0 - მაღალი კორუფცია, 100 -კორუფციისგან თავისუფალი). საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილს იკავებს 57 ქულით, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის - 21-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, 2013-ში - 49, 2014-სა და 2015-ში კვლავ 52, ხოლო 2016 წელს - 57. 2017 წლის კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
რუკა 1: საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, 2016 წელი წყარო: Transparency International
The Heritage Foundation-ის 2017 წლის ანგარიში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, ანალიზისას ეყრდნობა კორუფციის მაჩვენებელს ამა თუ იმ ქვეყანაში. აღნიშნულ ინდექსში ცალკე არ არის გამოყოფილი კორუფციის აღქმის ქულა, მაგრამ ორ მაჩვენებელზე - საკუთრების დაცვასა და სასამართლოს ეფექტურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. კვლევაში ქვეყნები შეფასებულნი არიან 100 ქულიანი შკალით (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების უმაღლესი დონე). 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის საქართველო 76 ქულით მე-13, ხოლო რეგიონის (ევროპის) მასშტაბით მე-5 ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემი 2016 წელთან შედარებით 3.4 ქულით არის გაუმჯობესებული. საკუთრების დაცვის კუთხით საქართველო 77-ე, ხოლო სასამართლოს ეფექტურობის მხრივ 34-ე ადგილზეა.
გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2012-დან 2017 წლამდე წყარო: Heritage Foundation (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3)
გარდა ამისა, საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსის სტატისტიკა ასახულია მსოფლიო ბანკის მონაცემებში - მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების შესახებ, სადაც ერთ-ერთ ცვლადს წარმოადგენს კორუფციის კონტროლის შეფასება. ამ უკანასკნელის მიხედვით, ქვეყნები -2.5-დან 2.5-მდე (კორუფციის ყველაზე ეფექტური კონტროლი) ქულით ფასდებიან. 2012 წელს საქართველოში კორუფციის კონტროლი შეფასდა 0.40 ქულით და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზე იყო. 2016 წელს საქართველოს ქულა 0.67 იყო და მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ქულათა მინიჭება ხდება საწარმოებსა და მოქალაქეებს შორის ჩატარებული კვლევების საფუძველზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურეების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. მათგან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით, როდესაც ის 4%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, 2016 წელს საჯარო სერვისის მისაღებად ქრთამის გადახდის მაჩვენებელი რუსეთში 27%-ს, უკრაინაში 23%-ს, სომხეთში 19%-ს, აზერბაიჯანში 15%-ს, თურქეთში კი 8%-ს შეადგენს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილს იკავებს. 2016-17 წლის ანგარიშის მიხედვით, ის 59-ე ადგილზე იყო. აღნიშნული კვლევის თანახმად (სხვა ინდიკატორებთან ერთად), გაუარესებულია მდგომარეობა შემდეგ საკითხთან მიმართებით: ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში, ამ კუთხით საქართველომ ცვლილება -12 პოზიციით განიცადა, და ქრთამის აღება, ამ კუთხით საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუარესდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).
დასკვნა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2016 წლის კვლევაში, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ, მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ადგილს იკავებს, 57 ქულით. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა, 2013-ში - 49, 2014-სა და 2015-ში 52. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ (რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა კორუფციის აღქმის ინდექსსაც) Heritage Foundation-ის 2017 წლის ანგარიშში მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის საქართველო 76 ქულით მე-13 ადგილზეა. კორუფციის დონეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორ მაჩვენებელზე - საკუთრების დაცვასა და სასამართლოს ეფექტურობაზე. საკუთრების დაცვით საქართველო 77-ე ადგილზეა, ხოლო სასამართლოს ეფექტურობით 35-ე ადგილზე. რაც შეეხება მსოფლიო ბანკის მონაცემებს, 2012 წელს საქართველოში კორუფციის კონტროლი შეფასდა 0.40 ქულით და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზე იყო. 2016 წელს საქართველოს ქულა 0.67 იყო და მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებდა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულ ინდექსებში წინსვლისა, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს. კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, 2013 წელთან შედარებით ქრთამის აღების მაჩვენებელი 3%-ით არის გაზრდილი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით კი, ქრთამის აღებისა და მთავრობის გადაწყვეტილებებში ფავორიტიზმის კუთხით, საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.