27 სექტემბერს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით, საქართველო 59-ე ადგილზე იყო. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ის ისევ 4.3-ია, თუმცა, სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო რეიტინგში პოზიცია გაგვიუარესდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, წელს პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნულ რეიტინგში საქართველო წინსვლის ნაცვლად ჩამოქვეითდა.

გრაფიკი 1: საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, 2007-2017 წლები Screenshot from 2017-10-01 15-11-11

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი მაიკლ პორტერი პროდუქტიულობას ხსნის, როგორც ბუნებრივი რესურსების, შრომის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტიანობის დონეს - რესურსებიდან მიღებული შემოსავლის სიჭარბეს ხარჯებთან მიმართებით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, კონკურენტუნარიანობა არის ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნის შესაბამისი საქონელი და მომსახურება და, ამავე დროს, სტაბილურად გაზარდოს მოსახლეობის რეალური შემოსავალი გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარული ორგანიზაციაა. ის კონკურენტუნარიანობის ანგარიშებს 1979 წლიდან  აქვეყნებს. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2017-2018 წლების ანგარიში 2016 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 114 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის კი, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალის და განათლების დონე და სხვა (ჯამში 114-დან 85 კრიტერიუმი), ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნლოვანია, თუ როგორ აფასებს თავად ბიზნესი საქართველოს ბიზნეს გარემოს. 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასების კრიტერიუმებიდან 54-ის ქულა გაუარესდა, 28-ის უცვლელი დარჩა, ხოლო 32-ის გაუმჯობესდა. ძირითადად გაუარესდა ის კომპონენტები, რომელთა შეფასების წყარო ბიზნეს სუბიექტების გამოკითხვაა. პოზიციის მიხედვით, ყველაზე დიდი უკუსვლა ფიქსირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (მინუს 39 პოზიცია), დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჩარჩო (-26 პოზიცია), სასამართლოს დამოუკიდებლობა (-25 პოზიცია), ფასიანი ქაღალდების რეგულირება (-21 პოზიცია), ბიუჯეტის დეფიციტი (-16 პოზიცია), სასკოლო განათლების ხარისხი (-13 პოზიცია), ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში (-12 პოზიცია), ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურობა (-10 პოზიცია), ქრთამის აღება (-7 პოზიცია). მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა შემდეგ კრიტერიუმებში: ინფლაციის დონე (ასახავს 2015 წლის მდგომარეობას; +79 პოზიცია), საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა (+19 პოზიცია), ვენჩურული (ბიზნესის დაწყებისთვის) კაპიტალი (+14 პოზიცია) და ინვესტორთა დაცვა (+13 პოზიცია).

ცხრილი 1: საქართველოს ქულის და პოზიციის ცვლილება შეფასების კრიტერიუმების მიხედვით
ინდექსის შეფასების კრიტერიუმები ქულა

პოზიციის ცვლილება

2016 2017
სოფლის მეურნეობის პოლიტიკა 3.8 3.3

-39

დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჩარჩო 4 3.5

-26

სასამართლოს დამოუკიდებლობა 4 3.6

-25

მთლიანი ეროვნული დანაზოგი 21.7 19.4

-22

ფასიანი ქაღალდების რეგულაციები 4.1 3.8

-21

ანაზღაურება და პროდუქტიულობა 3.9 3.6

-20

ბიუჯეტის დეფიციტი (მშპ-ის %) -1.2 -1.6

-16

ქვეყნის შიდა კონკურენცია 5 4.8

-16

სასკოლო განათლების ხარისხი 3.4 3.1

-13

ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში 3.5 3.3

-12

ორგანიზებული დანაშაული 5.8 5.4

-12

განათლების სისტემის ხარისხი 3.3 3

-12

ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურობა 3.2 3

-10

ქრთამის აღება 5.6 5.4

-7

ინფლაცია 4 2.1

79

საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა 4 4.3

19

ვენჩურული (ბიზნესის დაწყებისთვის) კაპიტალი 2.6 2.7

14

ინვესტორთა დაცვა 6.8 7.7

13

როგორც ქვემოთ მოცემული სტატისტიკიდან (იხ. ცხრილი 2) ჩანს, საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტულია დაწყებითი და უმაღლესი განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ინფრასტრუქტურის და ბაზრის ზომის კუთხით.

ცხრილი 2: საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის ქვეჯგუფების მიხედვით
კრიტერიუმები ჯგუფების მიხედვით პოზიცია მსოფლიოში ქულა  (მაქსიმუმ 7)
საბაზისო მოთხოვნები 54 4.8
ინსტიტუტები 50 4.2
ინფრასტრუქტურა 69 4.2
მაკროეკონომიკური გარემო 48 5.1
ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება 69 5.8
ეფექტიანობის მასტიმულირებელი 75 4.1
უმაღლესი განათლება და ტრენინგები 87 4.1
საქონლის ბაზრის ეფექტიანობა 50 4.6
შრომის ბაზრის ეფექტიანობა 53 4.5
ფინანსური ბაზრის განვითარება 63 4.2
ტექნოლოგიური მზადყოფნა 70 4.2
ბაზრის ზომა 100 3
ინოვაციები და სოფისტიკაციის ფაქტორები 112 3.2
ბიზნესის სოფისტიკაცია 99 3.6
ინოვაციები 118 2.8

საქართველოს მთავრობა საკუთარი საქმიანობის შესაფასებლად სხვადასხვა რეიტინგს ხშირად ეყრდნობა (განსხვავებით მისი მმართველობის პირველი წლებისგან) და ეს მართებულიცაა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში როგორც წარმატებების, ისე წარუმატებლობების ყველაზე კომპლექსურ სურათს იძლევა და მისი გაანალიზება დაეხმარება პოლიტიკოსებს იმის დანახვაში, თუ რას აღიქვამენ ქართული კომპანიები პრობლემებად და რამდენად მწვავეა ეს პრობლემები სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციასთან შედარებით. 28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ახალ ანგარიშთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეცადა მხოლოდ პოზიტივზე გაემახვილებინა ყურადღება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეფასების 8 კომპონენტით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულშია (წინა წელსაც იგივე იყო). სამინისტრო არაფერს ამბობს გაუარესებულ კომპონენტებზე, რაც წარუმატებლობის წარმატებად „გასაღების“ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ფაქტ-მეტრი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება პრობლემების არსებობას და რიგ მნიშვნელოვან საკითხებში ვითარების გაუარესებას სათანადოდ გაანალიზებს და ამ ხარვეზების გამოსწორებას შესაბამის ძალისხმევას დაუთმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია, ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა, განათლება და ა.შ. აღნიშნულ ანგარიშს ამზადებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია, მის შედეგებს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები ყურადღებას აქცევენ და ითვალისწინებენ.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი