"ევროპული საქართველო“ თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარე კომპანია BitFury-ს დატა ცენტრისთვის ელექტროენერგიის შეღავათიან ტარიფებს აპროტესტებს. მათი თქმით, აღნიშნული დატა ცენტრი, რომლის სიმძლავრეც 40 მგვტ-ია, ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და იწვევს დენის ტარფის გაძვირებას.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „BitFury-სთვის დენის ტარიფი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსახლეობისათვის“.
„ევროპული საქართველოს“ ბრალდებას უკვე უპასუხა BitFury ჯგუფმა. „კომპანიას საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია არანაირი შეღავათით ელექტროენერგიის ტარიფთან მიმართებით და ყოველთვის ვიხდიდით ბაზარზე არსებულ/დადგენილ ტარიფს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მსგავსად სხვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია BitFury ჯგუფის განცხადებაში.
უფრო გასაგები, რომ იყოს მკითხველისთვის, აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული განცხადება არ ნიშნავს რომ BitFury ელექტოენერგიის შეღავათიანი ტარიფებით არ სარგებლობს. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საწარმო გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ). შესაბამისად, რადგან BitFury-ს დატა ცენტრი თიზის ტერიტორიაზეა განთავსებული, ის გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და ელექტროენერგიის საფასაურსაც დღგ-ს გარეშე იხდის.
გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. თიზ-ის ტერიტორიაზე მოქმედებეს საგადასახადო და სხვა დამატებითი შეღავათები. თიზ-ის შექმნის მიზანი ინვესტორების და კაპიტალის მოზიდვაა. საქართველოში სულ 4 თიზ ფუნქციონირებს: ფოთის; ქუთაისის; ქუთაისის ჰუალინგის და თბილისის.
საქართველომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ კანონი 2007 წელს მიიღო. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას საქართელოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიებისა), რომლის ფართობიც მინიმუმ 10 ჰა უნდა იყოს. თიზ-ის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. ის შეიძლება შეიქმნას მთავრობის ინიციატივით ან ორგანიზატორის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) მოთხოვნით.
საგადასახადო შეღავათები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში:
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან;
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან;
- უცხოური საქონლის ან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან;
- უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით;
- ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
დასკვნა მტკიცება, რომ BitFury-სთვის დენის ტარიფი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსახლეობისათვის, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოები დღგ-სგან გათავისუფლებულები არიან და ელექტროენერგიის საფსაურსაც დღგ-ს გარეშე იხდიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც BitFury იქნებოდა, რადგან ის თიზ-ის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, აკაკი ბობოხიძის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.