საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროების 2017 წლის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით განაცხადა: „პრაქტიკულად ყველა სამინისტროში სახელფასო ანაზღაურება შემცირებულია, გარდა შსს-სი. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში თითქმის 15%-ით არის შემცირებული აპარატი...“
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ცხრილი 1:
შრომის ანაზღაურება სამინისტროებში 2016-2017 წლებში (11 თვის შესრულება), ათასი ლარი
სამინისტროები | შრომის ანაზღაურება 2016 წელი (11 თვე) | შრომის ანაზღაურება 2017 წელი (11 თვე) | სხვაობა |
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატი | 1 416 | 1 278 | 137 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 667 | 618 | 49 |
ფინანსთა სამინისტრო | 57 371 | 49 779 | 7 592 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 13 041 | 11 016 | 2 025 |
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 7 394 | 6 731 | 663 |
იუსტიციის სამინისტრო | 33 319 | 30 900 | 2 419 |
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო | 60 427 | 58 107 | 2 320 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 7 041 | 7 000 | 41 |
თავდაცვის სამინისტრო | 372 535 | 336 866 | 35 669 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 358 867 | 358 867 | - |
განათლების და მეცნიერების სამინისტრო | 23 679 | 18 281 | 5 398 |
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | 50 341 | 50 444 | -103 |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო | 4 253 | 4 081 | 172 |
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო | 30 | 28 042 | 1 958 |
ენერგეტიკის სამინისტრო | 2 434 | 2 224 | 210 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 18 773 | 19 477 | -704 |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | 18 663 | 17 376 | 1 287 |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | 4 189 | 3 704 | 485 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს (11 თვის შესრულება) შრომის ანაზღაურების მუხლი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სამინისტროში შემცირებულია, გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება ზუსტად იგივეა. შრომის ანაზღაურება გაზრდილია კულტურის და ძეგლთა დაცვის (103 000 ლარით) და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში (704 000 ლარით). ამ სამინისტროებში მომუშავეთა რიცხოვნობაც გაზრდილია, კერძოდ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 1 014 კაცით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი - 145 კაცით. 2017
წელს სამინისტროებში შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯამში 60 მლნ ლარით არის შემცირებული.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს შრომის ანაზღაურებას, 2017 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება ამავე სამინისტროში აპარატის შემცირებას, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით უცვლელია და 4 785 კაცს შეადგენს.
დასკვნა 2017
წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების მიხედვით, სამინისტროების შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 60 მილიონი ლარით არის შემცირებული. შრომის ანაზღაურება შემცირებულია თითქმის ყველა სამინისტროში, გამონაკლისია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურია, ასევე შრომის ანაზღაურება გაზრდილია კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს აპარატის 15%-ით შემცირებას, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმაში ასახული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნულ სამინისტროშიც შრომის ანაზღაურება 7.5 მილიონი ლარით (13%-ით) არის შემცირებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.