საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „შემცირებულია ჩვენი დამოკიდებულება [რუსეთიდან] ფულად გზავნილებზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თუ 2012 წელს ფულადი გზავნილების თითქმის 60% მოდიოდა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, დღეს ამ ქვეყნის წილი ფულად გზავნილებში მხოლოდ 32%-ია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში ფულადი გზავნილების სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში გადმორიცხული თანხების ჯამური მოცულობა 1.2 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 200 მლნ დოლარით აღემატება. 2012-2017 წლებში ფულადი გზავნილების ყველაზე მაღალი მონაცემი (11 თვეში) საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს კი ქვეყანაში გზავნილის სახით 978 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 1:საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკა 11 თვის მონაცემებით, მლნ დოლარი
წყარო: ეროვნული ბანკი
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან იგზავნება. 2017 წლის 11 თვეში რუსეთიდან 410 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც როგორც 2014, ისე 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად ამისა, გადმორიცხვების საერთო მოცულობაში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილი 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიური ტენდენციის გამომხატველია. კერძოდ, რუსეთის წილი ჯამურ ფულად გზავნილებში, 11 თვის მონაცემებით, 2012 წელს 56% იყო, 2017 წელს კი 33%-ია.
ცხრილი 1: 11თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა მლნ დოლარებში და ჯამური მოცულობის წილი
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
რუსეთი | 672.5 | 718.8 | 662.3 | 392.2 | 352.9 | 410.3 |
56% | 54% | 50% | 40% | 34% | 33% | |
აშშ | 67.4 | 67.7 | 73.5 | 89.9 | 113.6 | 128.8 |
6% | 5% | 6% | 9% | 11% | 10% | |
იტალია | 92.8 | 99.1 | 110.3 | 98.2 | 109 | 127.5 |
8% | 7% | 8% | 10% | 11% | 10% | |
საბერძნეთი | 142.9 | 177.9 | 186.8 | 108.1 | 112.7 | 126.1 |
12% | 13% | 14% | 11% | 11% | 10% | |
ისრაელი | 14.4 | 18 | 21 | 29.2 | 53.6 | 106.7 |
1% | 1% | 2% | 3% | 5% | 9% |
გარდა რუსეთისა, საქართველოში ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წილი იტალიაზე, საბერძნეთზე, ისრაელსა და აშშ-ზე მოდის. 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა საბერძნეთიდან გამოგზავნილი თანხების მოცულობა, ხოლო საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა აშშ-ზე დამოკიდებულება. მიმდინარე წელს, 2012 წელთან შედარებით, აშშ-დან მიღებული ფულადი გზავნილების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ხუთწლიან პერიოდში რეკორდულად იმატა ისრაელიდან მიღებულმა ფულადი ტრანსფერების რაოდენობამ, 2017 წლის მაჩვენებელი 2012 წლის ნიშნულს 7.5-ჯერ, ხოლო გასული წლის მონაცემს ორჯერ აღემატება.
დასკვნამამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაზე საუბრობს განცხადებაში. მიუხედავად ამისა, პროცენტული მაჩვენებლებით ცხადია, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციაზე. საქართველოში 2017 წლის პირველ 11 თვეში რუსეთიდან 410 მლნ დოლარის ღირებულების ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც ჯამური მოცულობის 33%-ს შეადგენს. აღნიშნული შეფარდება უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათება. 2017 წლის მაჩვენებელი 2012 წლის ნიშნულთან შედარებით 23 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის სიმართლე.