რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2009 წლიდან ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენდა. 2009-2012 წლებში ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობასთან ერთად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2012 წლიდან, როდესაც ტურზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი შენელდა, ყველაზე დაბალი ზრდა 2014 წელს დაფიქსირდა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ქვეყანაში ახალი სავიზო რეგულაციების შემოღებამ შეიტანა. 2014 წელს საქართველომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 24 ქვეყანასთან გააუქმა, რამაც თავის მხრივ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც იქონია გავლენა. აღნიშნულის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმული). სავიზო რეგულაციების გამკაცრებიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აღიარა დაშვებული შეცდომა და მკაცრი სავიზო რეჟიმის უარყოფითი გავლენის შესარბილებლად სავიზო რეგულაციები გაამარტივა (იხ. ბმული).აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი იმავე წელსვე აისახა ტურიზმის სექტორზე და ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი კვლავ დაუბრუნდა მზარდ ტენდენციას. 2015 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.3%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 11.9%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.
გრაფიკი 1:
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2010-2016 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით ქვეყანამ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინა, რაც 26%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს , რომელიც ტურიზმის სექტორისთვის ყველაზე აქტიურ პერიოდად ითვლება და შესაბამისად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ყველაზე მაღალია, ამ ეტაპზე აღნიშნული პერიოდისთვის მონაცემები არ არის გამოქვეყნებული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობასთან, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია მოვახდინოთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დაანგარიშება.
გრაფიკი 2:
საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2009-2016 წლებში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 6 955 ათასი კაცი შეადგინა, რაც 18%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს. საერთაშორისო ვიზიტორთა შორის ტურისტების წილი 46.6%-ს შეადგენს (3 244 ათასი კაცი). იანვარი-ნოემბრის პერიოდში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 701 ათასი კაცით (26.1%-ით) არის გაზრდილი.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2016 წელს საშუალოდ ერთი ვიზიტორის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა 340 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, თუ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას მათ მიერ საშუალოდ დახარჯულ თანხაზე გადავამრავლებთ, წარმოდგენა შეგვექმნება იანვარი-ნოემბრის განმავლობაში ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ. რადგან მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის განმავლობაში ქვეყანაში 6 954 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რიცხვი დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დაანგარიშება შესაძლებელია ვიზიტორთა ზრდის ტემპის მიხედვითაც. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზიტორთა ზრდის ტემპი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი ახლოს არის ერთმანეთთან. მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად თუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაც აღნიშნული მაჩვენებლის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. 2016 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ამდენად 18%-იანი ზრდის შემთხვევაში მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში უნდა იყოს.
ტურიზმის სექტორის განვითარება შესაბამის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზეც ახდენს გავლენას. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის წილი 2010-2016 წლებში 6.8%-დან 7.2%-მდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რიცხვიც.
გრაფიკი 3:
ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა წილი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა გასული ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა, ხოლო აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში 3.4%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით სასტუმროებსა და რესტორნებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 32 570 ადამიანს შეადგენს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტურიზმის სექტორი მოიცავს არა მხოლოდ სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობას, არამედ ტურ-ოპერატორების, სატრანსპორტო და სხვა სახის მომსახურებებსაც. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
დასკვნამიმდინარე წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 26%-ით არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი ემთხვევა საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის ტემპს და ამასთან მხედველობაში მივიღებთ ერთი ვიზიტორის მიერ ქვეყანაში საშუალოდ დახარჯული თანხის მოცულობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ აშშ დოლარს.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.