საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შესახებ". კანონპროექტი გულისხმობს 32-ე და 38-ე მუხლების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თანამდებობის პირების ჩამონათვალი იზრდება და ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეები ეყოლება.

ინიცირებული კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებისას რამდენჯერმე შეიცვალა. მეორე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი, სრულიად განსხვავებული სახე მიიღო - განხილვისას თავად კანონპროექტის ავტორის მიერ გამოითქვა შენიშვნები ცვლილებების პროექტზე და კანონპროექტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: საკრებულოს ნებისმიერ ფრაქციას ჰყავს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობაცხრა ან მეტია, უფლებამოსილია ჰყავდეს მეორე მოადგილე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კი, ყველა ფრაქციას ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და ყოველ ცხრა წევრზე თითო მოადგილე, რომელთა რაოდენობა ჯამში სამს არ უნდა აღემატებოდეს. ამ დათქმით, ოპოზიციურ ფრაქციებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჰყავდეთ მოადგილე.

დღეს მოქმედი კანონით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის შექმნა შესაძლებელია არანაკლებ სამი წევრით (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 30.4 -ე მუხლი). ფრაქციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირია, საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა კი ანაზღაურებადია. გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე(ები) და კომისიის თავმჯდომარეები (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; 32 -ე მუხლი). აღნიშნული პირები იღებენ შრომის ანაზღაურებას, განსხვავებით საკრებულოს სხვა წევრებისგან.

ახალი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზეზს წარმოადგენს ფრაქციის მუშაობის შეფერხების ობიექტური რისკი, რადგან ფრაქციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად წარმართავს ფრაქციის საქმიანობას და რადგან მას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა უწევს, ამ დროს შეიძლება შეფერხდეს ფრაქციის მუშაობა. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესი, ხოლო ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საქმიანობა, რითაც, თავად ამავე ფრაქციას, საკუთარი წესდებით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოსფუნქციები ფრაქციის წევრებს შორის, ან ფრაქციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განსაზღვროს მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი წევრი. შესაბამისად, ფრაქციის მუშაობის შეფერხების საშიშროება არ დგას.

იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ პარლამენტში განსახილველი კანონპროექტი, უპრიანი იქნება თუ მისი განხილვის ეტაპზებს ქრონოლოგიურად მიმოვიხილავთ.

I მოსმენა

კანონპროექტის თავდაპირველი ინიცირებული ვერსია გულისხმობდა, რომ ფრაქციას ყოველ ხუთ წევრზე შეიძლებოდა ერთი მოადგილე ყოლოდა, მაგრამ, ჯამში არაუმეტეს ოთხი. თუმცა, ცვლილების პროექტის I მოსმენისასგათვალისწინებული იქნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების მაქსიმალური რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდა. მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვრისდაწევის შემდეგ, განმარტებითი ბარათის მიხედვით, 64 მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ხარჯებს თვეში დაახლოებით 226 600 ლარით გაზრდიდა. I მოსმენის ეტაპზე არსებული ვარიანტით, 53 მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გარდა სხვა პარტიებს არ ჰყავდათ ხუთ წევრიანი ფრაქცია, რაც მათ ანაზღაურებადი მოადგილეების ყოლის შესაძლებლობას არ აძლევდათ.

ფაქტ-მეტრისდათვლით, მსგავსი სახით კანონპროექტის მიღებასაშუალოდ, წელიწადში (63 მუნიციპალიტეტში - გარდა, თბილისისა), შრომის ანაზღაურების ხარჯებს 3 326400 - 4 158000 ლარით გაზრდიდა.

II მოსმენა

II მოსმენისას კანონპროექტი არსებითად შეიცვალა, პროექტისა და ამავე მოსმენაზე შენიშვნების ავტორის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, "ეს იყო გარკვეული მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება".

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეცვლილი ვარიანტი ითვალისწინებს ყველა ფრაქციაში ერთი მოადგილის თანამდებობას, ხოლო ცხრა ან მეტწევრიანფრაქციაში კი - მეორე ანაზღაურებადი მოადგილის შტატის არსებობას.

თავის მხრივ, ყველა მუნიციპალიტეტში "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მინიმუმ ცხრა წევრი ჰყავს, რადგან პროპორციული სიით საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15-ია და საშუალოდ, ყველა მუნიციპალიტეტში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 55.8% -ია.ამრიგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი წევრების რაოდენობა (მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული პირების), მინიმუმ ცხრა წევრია. ამასთან, ყველა საკრებულოში ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავს მინიმუმ ერთი ფრაქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე 63-ვე (თბილისის გარდა) საკრებულოში მინიმუმ სამი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება. კანონპროექტის მსგავსი რედაქციით, ჯამში, 63 მუნიციპალიტეტში, წლიურად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების შრომის ანაზღაურება გამოიწვევს მინიმუმ2 494800 -3 118500 ლარით ზრდას.

თუმცა, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო პირობების გათვალისწინებით და წევრების რაოდენობით, "ქართული ოცნების" სიით გასულ საკრებულოს წევრებს შეუძლიათ რამდენიმე ფრაქცია შექმნან, რაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების შრომის ანაზღაურების ხარჯებს მინიმუმ გააორმაგებს და დაახლოებით, ჯამში, 63 მუნიციპალიტეტის ხარჯებს 4 989 600 - 6 237 000 ლარით გაზრდის. მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია წარმოდგენილია ცხრა ან ათი წევრით, ერთი ფრაქციის პირობებში დამატებით ორი ანაზღაურებადი მოადგილე ეყოლება, ხოლო თუ შექმნის ორ ფრაქციას, მაშინ ნაცვლად ორი მოადგილისა, შესაძლებლობა აქვს ოთხი ანაზღაურებადი მოადგილის ყოლის. ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, როცა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარდგინებით საკრებულოში არჩეულმა წევრებმა ცალკე ფრაქცია "კონსერვატორები" შექმნეს. იგივე მდგომარეობაა ქუთაისის საკრებულოში, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარდგინებით არჩეული წევრებით დაკომპლექტებულ 19 წევრიან ფრაქციას გამოეყო წევრები, რომლებმაც შექმნეს ორი ფრაქცია - "ქართული ოცნება - მრეწველები" და"ქართული ოცნება - კონსერვატორები".

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის არა მარტო შრომის ანზღაურების ხარჯების ზრდას გამოიწვევს, არამედ, წაახალისებს ერთგვარი ფორმალური ხასიათის ფრაქციების შექმნას, რაც საკრებულოს მუშაობის ეფექტურობაზე ვერ აისახება.

თეგები: