„ცვლილებების მიღების შემდეგ, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც უსაფრთხოების საბჭო, როგორ მაკოორდინირებელი ორგანო, არ ექნება. ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უსაფრთხო არიან: ლატვია, მოლდოვა, ხორვატია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქეთი - ასეთი საბჭო გააჩნია“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. როგორც წარმოდგენილი პროექტის განმარტებითი ბარათიდანდა მომხსენებლების სიტყვით გამოსვლიდან ჩანს, მისი მიზანია უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. 2017 წლის 7 დეკემბერს პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ახალი კანონის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და მისი აპარატის უფლებამონაცვლედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გვევლინება (უკვე არსებულ საგანგებო სიტუაციების სააგენტოსშეერწყმება კრიზისების საბჭოს ფუნქციებიც), რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისმიხედვით, ქვყენის „თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებისთვის, აუცილებელია, კოორდინაცია უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის ... უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია კრიზისების მართვის ერთიანი, მოქნილი, მუდმივმოქმედი და ეფექტიანი სისტემის არსებობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყოფს მოსალოდნელი კრიზისის პროგნოზირებას და თავიდან აცილებას, ხოლო კრიზისის წარმოქმნის შემთხვევაში - მის და მისი ნეგატიური შედეგების უმოკლეს დროში ლიკვიდაციას ან მინიმუმამდე შემცირებას“.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ე.წ. ინსტიტუციური მეხსიერებაც, რაც გულისხმობს წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ დაგროვებულ ცოდნას და შესაბამის მასალებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უსაფრთხოების მიმართულებით და რასაც უნდა ინახავდეს უშიშროებისა თუ უსაფრთხოების საბჭოს შესაბამისი სტრუქტურები.
მიღებული ცვლილებებით, მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანო საქართველოს აღარ ექნება. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ვერსიით, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (მუხლი 19, პუნქტი 3). საკონსტიტუციო ცვლილებებით, უშიშროების საბჭოც უქმდება და, როგორც უკვე აღინიშნა, კრიზისების მართვის საბჭოც. კოორდინაციის წესის კანონში კი შედის ცვლილება და მიეთითებამხოლოდ საქართველოს მთავრობა.
საინტერესოა, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა უსაფრთხოების მაკოორდინირებელ და გარანტორ საბჭოებზე:
თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-2 თავის 118-ე მუხლის მიხედვით, ქვეყანაში ფუნქციონირებს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მყარი გარანტი. საბჭოს წესდებისმიხედვით, ის არის უმაღლესი მაკოორდინირებელი ინსტიტუტი, რომელიც განიხილავს და წყვეტს ქვეყნის ყველაზე რთულ გამოწვევებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აყალიბებს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სწორედ, უსაფრთხოების საბჭოზე მიიღება, მისი მონაწილეობით იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტი ქმნის და ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს. ამ ორგანოს მიერ არის შემუშავებული სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია. საბჭო ოთხი ძირითადი სტრუქტურისგანშედგება, მათგან პირველი არის უმაღლესი სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების კოორდინაციაზე.
უკრაინის კონსტიტუციის 107-ე მუხლის მიხედვით, ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო,რომელიც კოორდინაციას უწევს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების შეკრებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზებას. საბჭო პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა.
რუსეთის ფედერაციასაც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო რომელიც, აგრეთვე, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და პასუხისმგებელია ყველა სახის უსაფრთხოებაზე (საჯარო, სოციალურ-ეკონომიკური, საინფორმაციო, ბირთვული, სამხედრო, საგარეო). უშიშროების საბჭოს არსებობის საფუძველი კონსტიტუციის 83-ე მუხლი და უსაფრთხოების შესახებ ფედერალური კანონია.
მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოა უშიშროების უმაღლესი საბჭო, რომელსაც, აგრეთვე, ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. საბჭო იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიას, იკრიბება, როგორც პერმანენტულად, ისე კრიზისული სიტუაციების დროს. ესტონეთის რესპუბლიკაში ქვეყნის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უმაღლესი ორგანო არის მთავრობის უსაფრთხოების კომიტეტი. კომიტეტი პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომელიც მუშაობს საგარეო თუ საშინაო გამოწვევებზედა აერთიანებს უსაფრთხოების სხვადასხვა სააგენტოებს.
ლატვიის რესპუბლიკის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოა ეროვნული უშიშროების საბჭო,მას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეპტუალურ საკითხებს. მისი არსებობა გამყარებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონით.
ხორვატიის რესპუბლიკას აქვს, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭო, ისე უსაფრთხების კოორდინაციისა და დაზვერვის საბჭო.უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო კოორდინაციის საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პირველი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკას, მეორე კი მისი აღსრულების მექანიზმს განკარგავს.
ბულგარეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოა სახელმწიფო უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭო,რომელსაც ასევე, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. იგი უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას, ისე აღსრულებას ეროვნულ დონეზე.
ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოსპრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო შეიმუშავებს და აღასრულებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი - ხელმძღვანელი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი.
დასკვნა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში გაუქმდება როგორც ეროვნული უშიშროების საბჭო, ისე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანო აღარ იქნება და კანონში პირდაპირ საქართველოს მთავრობა ჩაიწერება, რაც, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას,რომელიც უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.
საქართველოსგან განსხვავებულია როგორც კავკასიის რეგიონში არსებული სხვა ქვეყნების, ისე შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა. თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, მოლდოვას, უკრაინას, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ხორვატიას, ჩეხეთს უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოები აქვთ და მათი არსებობის გარანტი არის ამ ქვეყნების კონსტიტუცია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე.