მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ამჟამად უკვე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში სოციალური უთანაბრობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველო სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლით ლიდერია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სოციალური უთანასწორობის ერთ-ერთი სტატისტიკური საზომი არის ჯინის ინდექსი, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილების დონეს ზომავს. ჯინის კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს, თუ ჯინის კოეფიციენტი 1-თან ახლოსაა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობას შორის შემოსავლების გადანაწილების მიხედვით უთანასწორობა მაღალია, ხოლო კოეფიციენტის დაბალი მნიშვნელობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში შემოსავლები შედარებით თანაბრად არის გადანაწილებული. ამ კოეფიციენტის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვის ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონის შესაბამისად დამახასიათებელია შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება, რაც სოციალური უთანასწორობის ინდექსს სხვადასხვა ნიშნულზე ამყოფებს. როგორც წესი, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის სოციალური უთანასწორობის ინდექსი გაცილებით დაბალია, ხოლო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ჯინის ინდექსი შედარებით მაღალია. გაეროს მონაცემებით, ყველაზე დაბალი ჯინის კოეფიციენტი სკანდინავიის ქვეყნებისთვის (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია) არის დამახასიათებელი. რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მოსახლეობას შორის შემოსავლების მიხედვით უთანაბრობა დაბალია.

საქართველოში ჯინის კოეფიციენტი შედარებით მაღალია, თუმცა, წლების განმავლობაში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჯინის კოეფიციენტი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში სოციალური უთანასწორობის ინდექსი 2011-2015 წლებში მცირდებოდა. მაგრამ, მიუხედავად კლების ტენდენციისა, ჯინის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ხოლო 2016 წელს 0.01 პუნქტით გაიზარდა.

გრაფიკი 1:

ჯინის კოეფიციენტი საქართველოსთვის

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ჯინის ინდექსი ზომავს შემოსავლების გადანაწილებას მოსახლეობას შორის და არა მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. შესაძლებელია ინდექსის კლებადობა მოსახლეობის მდიდარი ნაწილის გაღარიბებით და ამავდროულად ღარიბი ნაწილის შემოსავლების ზრდით იყოს გამოწვეული. მაგალითისთვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შემოსავლები თანაბრად იყო განაწილებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების დონე მაღალი იყო.

გრაფიკი 2:

ჯინის კოეფიციენტი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

image002 წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია [1]

გაეროს მონაცემებით, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის შემდეგ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ჯინის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს, რაც ნიშნავს რომ სოციალური უთანასწორობა გაცილებით მაღალია. საქართველოს შემდეგ სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე არის ლიტვა.

დასკვნა

გასული წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური უთანასწორობის კოეფიციენტი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა აღნიშნული შემცირება არ იყო მაღალი. 2016 წლის მონაცემებით საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 0.01 პუნქტით გაიზარდა და 0.40 შეადგინა.

საქართველო ჯინის ინდექსის მიხედვით პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

შესაბამისად, ნინო ლომჯარიას განცხადება არის სიმართლე.

[1] მოცემულია 2015 წლის მონაცემები

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი