2013 წლის 17 ოქტომბრის საპრეზიდენტო დებატებისას, კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა: „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კოეფიციენტი 40, [უფრო სწორად] 40-ზე მაღალი, დოვლათის, ანუ ქვეყნის შიგნით არსებული დოვლათის ადამიანებზე გადანაწილების თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე ცუდი კოეფიციენტი მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადების ფაქტობრივი სიზუსტით და აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გადაამოწმა.

გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ეკონომიკური დოვლათის უთანასწორო გადანაწილებას უსვავს ხაზს, მას მხედველობაში ჯინის კოეფიციენტი აქვს. ჯინის კოეფიციენტი (ინდექსი) შემოსავლების (ან სამომხმარებლო ხარჯების) უთანასწორო განაწილების ყველაზე ფართოდ გამოყენებად საზომს წარმოადგენს. ჯინის კოეფიციენტი 0-სა და 1-ს შორის მერყეობს. თუ ჯინის კოეფიციენტი 0-ს უდრის, ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების გადანაწილება ქვეყანაში სრულიად თანაბარია. ხოლო, თუ ჯინის კოეფიციენტი 1-ს უდრის, ეს ნიშნავს შემოსავლების (ან სამომხმარებლო ხარჯების) სრულიად უთანასწორო გადანაწილებას (ფაქტიურად ერთი ადამიანის ხელშია მთელი შემოსავლები). ზოგჯერ ჯინის კოეფიციენტს 100-ზე ამრავლებენ, შესაბამისად კოეფიციენტი მერყეობს 0-სა და 100-ს შორის (მსგავს ტექნიკას იყენებს მსოფლიო ბანკიც). შესაბამისად, რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო თანაბარია შემოსავლების (ან სამომხმარებლო ხარჯების) გადანაწილება ქვეყანაში და მაჩვენებელიც მით უფრო პოზიტიურია.

მკვლევართა აზრით, ჯინის ინდექსი მჭიდრო კავშირშია საზოგადოების მღელვარებასთან [social unrest]. კოეფიციენტი 40 და უფრო მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს შემოსავლების ისეთ უთანასწორო გადანაწილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს და ძირითადად ახასიათებთ განვითარებად და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების ჯინის კოეფიციენტი [დათვლილი მხოლოდ ხელფასების (და არა საბოლოო შემოსავლების) უთანასწორობის მხრივ] 40-ზე მაღალია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ფულად ტრანსფერებს [შემოსავლის შემდგომ გადანაწილებას მოსახლეობაში (income redistribution)], რომლებსაც შეერთებული შტატების მოქალაქეები იღებენ, ეს კოეფიციენტი დაახლოებით 37-მდე მცირდება, რაც კვლავ საკმაოდ მაღალია განვითარებული ქვეყნებისთვის.

ჯინის კოეფიციენტი ქვეყნებს შორის 25-დან 70-მდე მერყეობს. ხოლო განვითარებული ქვეყნების უმეტესობის კოეფიციენტი დაახლოებით 25-დან 35-მდე შუალედშია. ჯინის კოეფიციენტი მხოლოდ შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობას ზომავს, მაგრამ არაფერს ამბობს ქვეყანაში შემოსავლების სიდიდეზე, ამიტომაც კონკრეტული ქვეყნის ჯინის კოეფიციენტის 25-დან 35-მდე შუალედში ყოფნა [რომელშიც საკმაოდ ბევრი განვითარებადი თუ ნაკლებ განვითარებული ქვეყანაა მოხვედრილი] ცალსახად არაფერს ნიშნავს შემოსავლების (ანდაც სამომხმარებლო ხარჯების) სიდიდის თვალსაზრისით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტები შემოსავლებისა და სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

11

მსოფლიო ბანკის მონაცემებს თუ შევხედავთ (ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჯინის კოეფიციენტები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში), საქართველოს ჯინის კოეფიციენტი უდაოდ ყველაზე მაღალია, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების/სამომხმარებლო ხარჯების მოსახლეობაში გადანაწილება ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უთანასწოროა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილი ჯინის კოეფიციენტები სხვადასხვა წელს არის დათვლილი, მსოფლიო ბანკის მიხედვით, აღნიშნული მის ხელთ არსებულ ყველაზე ბოლო მონაცემს წარმოადგენს.

224

ესტონეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ჯინის კოეფიციენტების დაანგარიშებიდან 10 წელზე მეტია გასული და შესაძლოა ამ 10 წელიწადში მათი ჯინის კოეფიციენტები მნიშვნელოვნად შეცვლილიყო. მონაცემთა დათვლის წლების განსხვავების გამო, ზემოთმოყვანილი მონაცემები სრულ სურათს ვერ იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენად ლიდერობს საქართველო ამჟამად ჯინის კოეფიციენტის სიდიდის თვალსაზრისით. თუმცა, რადგან საქართველოს კოეფიციენტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ საქართველოს შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობის მხრივ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია უკავია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას.

დასკვნა

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი (42), ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაჟღერებული მონაცემი დასტურდება „საქსტატისა“ და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს კოეფიციენტი 40, [უფრო სწორად] 40-ზე მაღალი, დოვლათის, ანუ ქვეყნის შიგნით არსებული დოვლათის ადამიანებზე გადანაწილების თვალსაზრისით. რაც არის ყველაზე ცუდი კოეფიციენტი მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით“, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი