საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ დანელიამ ყურადღება ქართული ღვინის გაზრდილ ექსპორტზე გაამახვილა და განაცხადა: „ ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია პოლონეთში 20%-ით, გერმანიაში - 57%-ით, აშშ-ში 68%-ით. საქართველოს ისტორიის მანძილზე ამ რაოდენობის ღვინის ექსპორტი არ განხორციელებულა. საერთო ჯამში, 61 მილიონ ბოთლზე მეტის ექსპორტი განხორციელდა“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 59%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში 134.6 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი შემდეგ ქვეყნებშია გაზრდილი: ჩინეთი - 41% (6 086 733), რუსეთი - 87% (38 355 125), უკრაინა - 48% (6 237 652), პოლონეთი - 18% (2 151 342), ლატვია - 31% (1 279 718), ბელორუსი - 42% (1 318 852), აშშ - 68% (394 464), გერმანია - 57% (367 342), ისრაელი - 149% (180 824), საფრანგეთი - 187% (98 194), აზერბაიჯანი - 76% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (38 355 125 ბოთლი - მთლიანი ექსპორტის 63%), უკრაინა (6 237 652 ბოთლი - 10.2%), ჩინეთი (6 087 733 ბოთლი - 9.9%), ყაზახეთი (2 671 845 ბოთლი - 4.3%) და პოლონეთი (2 151 342 ბოთლი - 3.5%).
რაც შეეხება ღვინის ექსპორტს ბოლო წლების განმავლობაში, ის შემდეგნაირია:
ცხრილი 1:ღვინის ექსპორტი 2010-2017 წლებში, ბოთლი
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2016(ოქტ. ჩთ.) | 2017(ოქტ. ჩთ.) |
ღვინის რაოდ. | 15 მლნ | 19 მლნ | 23 მლნ | 46 მლნ | 59 მლნ | 36 მლნ | 50 მლნ | 25 მლნ | 61 მლნ |
ღვინის ექსპორტი 2007-2017 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
როგორც ღვინის ექსპორტის სტატისტიკიდან ჩანს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტმა მართლაც ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმს (61 მლნ ბოთლი) მიაღწია. მიმდინარე წელს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ყველაზე მსხვილ საექსპორტო ქვეყნად კვლავ რუსეთი რჩება (მიმდინარე წლის სამ კვარტალში მთლიანი ექსპორტის 63%). ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. ასე მოხდა 2013-2014 წლებში, როდესაც ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ რუსეთმა 2013 წლის ივნისში ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო გააუქმა. 2014 წელს რუსეთში 37 615 052 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 63% იყო. 2015 წელს ასევე რუსეთის ფაქტორმა განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის კლება (36 მლნ ბოთლი). რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა სერიოზულად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე. 2015 წელს რუსეთში ექსპორტი 51%-ით, უკრაინაში კი 56%-ით შემცირდა, რამაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია.
ბოლო წლების დადებითი მოვლენაა ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, თუმცა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კვლავ მეტი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში უძველესი ღვინო სწორედ საქართველოში აღმოაჩინეს. დასკვნამიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 59%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 134.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტის მაქსიმალური ოდენობა 2014 წელს დაფიქსირდა (59 მილიონი ბოთლი), მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტის მოცულობა (61 მილიონი ბოთლი) აღნიშნულ მონაცემს უკვე აღემატება. გამომდინარე იქიდან, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა, ცხადია, რომ 2017 წელს ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.