2014

წლიდან საქართველოში მუნიციპალიტეტის მერს/გამგებელს პირდაპირი წესით მოსახლეობა ირჩევს, რომელსაც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავდა და საკრებულოს თანხმობით ათავისუფლებდა. მერის/გამგებლის პირდაპირი წესით არჩევის შემდეგ, ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარისა, ის მუნიციპალიტეტის უმაღლესი აღმასრულებელი თანამდებობის პირი გახდა, ხოლო მერია/გამგეობა მას დაქვემდებარებული დაწესებულება, რომლის საშუალებითაც მერი/გამგებელი უზრუნვეყლოფს აღამსრულებელ საქმიანობას.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩვნებამდე 7 თვითმმართველ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოერთვა და მუნიციპალიტეტების რაოდენობაც შემცირდა. გარდა ამისა, შეიცვალა თვითმმართველი თემის უმაღლესი თანამდებობისა და აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდება. როგორც თვითმმართველ ქალაქში, ასევე თემში, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს და მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებას მერი/მერია ეწოდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და არ არის დაკავშირებული უფლებამოსილებებთან. აღნიშნულ ცვლილებამდე მერსაც და გამგებელსაც ერთი და იგივე კომპეტენციები გააჩნდათ. გარდა ამისა, მერი როგორც პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი, დამოუკიდებლად ნიშნავს

მერიის თანამდებობის პირებს (მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის უფროსები).

21

ოქტომბრის არჩევნებამდე, როცა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების საკითხი განიხილებოდა, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში სხვა სახის ცვლილებებიც დააანონსა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქების შემცირების შესახებ, პარლამენტში კოდექსის ცვლილების კიდევ ერთი, ახალი პროექტი შევიდა.

ახალი კანონპროექტი მერისთვის მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირების (თანამდებობის პირები) დანიშვნისათვის საკრებულოს თანხმობის საჭიროებას გულისხმობს. ასევე, იქმნება ახალი აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო  - მმართველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში საკრებულოს თანხმობით დანიშნული მერიის თანამდებობის პირები: მერი, მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის უფროსები შედიან. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია

მითითებული, საბჭოს შექმნის მიზეზს პირდაპირი წესით არჩეული, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ „ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებების აღმოფხვრა“ წარმოადგენს.

ამჟამად, მერის უფლებამოსილება საქმიანობის სფეროების  მიხედვით შემდეგია:

ორგანიზაციულ სფეროში - საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულებასა და მერიის საშტატო ნუსხას. საკრებულოს მიერ განსაზღვრულ თანამდებობეზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით

განსაზღვრული წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მერიის მოხელეებსა და თანამდებობის პირებს. დღეს არსებული კანონმდებლობით, მერიის სტრუქტურულ მოწყობას და მომუშავეთა რიცხოვნობას ამტკიცებს საკრებულო. ამრიგად, მერიის საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავს საკრებულო, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს მერი. თავის მხრივ, მერი კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმინობას. ასევე, ამტკიცების მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.

საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში -

მერი ანგარიშვალდებულია მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე. შესაბამისად, ის საკრებულოს წინაშე წარსდგება გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში -

შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში ცვლილების პროექტს. ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას და შესრულების ანგარიშის წარდგენას. საკრებულოს წარუდგენს კანონით განსაზღვრული გადასახადისა და მოსაკრებლების შემოღების ან გაუქმების შესახებ ინიციატივას, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში შეუძლია აიღოს სესხი, ასევე საკრებულოს წარუდგენს შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად განხორცილებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.

ქონების მართვა/განკარგვის სფეროში -

ახორციელებს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა -პატრონობას და მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლეების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგს. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას. გარდა ამისა, მერი, ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც დაკავშირებულია ქონების მართვა/განკარგვასთან, ახორცილებს საკრებულოს თანხმობით.

სხვა სფეროებში -

ამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული განვითარების გეგმას, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით ახორცილებს მის შესრულებას. ასევე, საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად, ანიჭებს საპატიო წოდებებს და ჯილდოებს. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ქმნის კომისიებს/საბჭოებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილების საჭიროებისთვის მერის მიერ „გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების პრობლემის აღმოფხვრაა“ მითითებული, კანონის არსებული რედაქციით, მერი მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საკრებულოს თანხმობის გარეშე (გარდა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების დანიშვნისა) გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მერი მოქმედებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის და საბიუჯეტო პროგრამების ფარგლებში, სადაც დამოუკიდებელია მხოლოდ სამეურნეო ტიპის საკითხებში. საკრებულოს მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების მხრივ, სახელმწიფო შესყიდვებს ახორცილებს არა მერი, არამედ მერიაში შემქნილი სატენდერო კომისია, რომლის თავმჯდომარე შეიძლება იყოს მერი.

ახალი კანონპროექტით, მერის უფლებამოსილებად რჩება მაკოორდინირებელი ფუნქცია, ხოლო ორგანიზაციულ სფეროში ჩამოერთმევა მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების (თანამდებობის პირები) დანიშვნის დამოუკიდებლობა, რისთვისაც მას საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. სხვა სფეროებში, გარდა საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხის წარდგენისა, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა, გადაეცემა მერიის სხვა ორგანოს - მმართველთა საბჭოს.

ის უფლებამოსილებები, რაც მოქმედი კანონმდებლობით მერს გააჩნია (გარდა იმ საკითხებისა, რაც საორგანიზაციო სფეროს განეკუთნება), გადაეცემა მმართველთა საბჭოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მმართველთა საბჭოს საკრებულოს თანხმობა დასჭირდება.

ამრიგად, ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მმართველთა საბჭო იქნება აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც გადაეცემა ის უფლებამოსილება, რაც ამჟამად მერს გააჩნია. მმართველი საბჭოს დაკომპლექტება ხდება საკრებულოს თანხმობით დანიშნული მერის მოადგილეებით და სტრუქტურული ერთეულის უფროსებით, რომლის სხდომებს თავმჯდომარეობს მერი ან მერიის დავალებით მისი მოადგილე. ხოლო, ნაცვლად მერისა, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უკვე საბჭოს დაეკისრება.

ახალი ინიციატივით, აღმასრულებელი ორგანო მერითან ერთად მმართველთა საბჭოც იქნება, რომელიც განსხვავებით მერისგან არ არის პირდაპირი წესით, უშუალოდ მოსახლეობის მიერ არჩეული და დაკომპლექტებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის განხორციელება ხდება ადგილობრივი ორგანოების მიერ, თვითმმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა უშუალოდ მოსახლეობის მიერ ორგანოების დაკომპლექტება, რაც არჩევნების გზით მიიღწევა. აღნიშნულ შემთხვევაში იქმნება თვითმმართველობის მესამე ორგანო (მერის და საკრებულოს შემდეგ), რომელიც არ არის დაკომპლექტებული მოსახლეობის მიერ უშუალოდ, პირდაპირი წესით.

რაც შეეხება მერის მოადგილეებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისთვის საკრებულოს თანხმობას - მერი საკრებულოს წარუდგენს მისი მოადგილის კანდიდატურას, რომლისთვისაც თანხმობის მიცემა ხდება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ ეს უმრავლეობა არ უნდა იყოს საკრებულოს სრული შემადგენლობის 1/3 -ზე ნაკლები. იმ შემთხვევაში თუ საკრებულომ წარდგენილი კანდიდატურის დანიშვნის თაობაზე მერს თანხმობა არ მისცა, ხელახლა, იმავე კანდიდატურის ან სხვა კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს 10 დღის ვადაში. თუმცა, ამ პროცედურის გავლის შემდეგაც თუ არ იარსებებს საკრებულოს თანხმობა მერის მოადგილის დანიშვნის შესახებ, მერი უფლებამოსილია დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ მერმა მისი მოადგილის დანიშვნის შესახებ საკრებულოს მიერ 3 თვის განმავლობაში თანხმობა ვერ მიიღო, ის ვალდებულია ახალი კანდიდატურა წარუდგინოს საკრებულოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უკვე წარდგენილი ან მოვალეობის შემსრულებელი პირი. მერსა და საკრებულოს შორის ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ საკრებულოსგან თანხმობა არ იქნება გაცემული. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მერის და საკრებულოს უფლებამოსილება ამოიწუროს ისე, რომ მერმა ვერ დანიშნოს მისი მოადგილეები. ამავე დროს კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ მერიის სტრუქტურული ერთეული იქმნება მმართველი საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მართვისა და მერიის საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, რომლის ხელმძღვანელის დასანიშნად მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოს თანხმობა სჭირდება. თუმცა, მისი დანიშვნის წესი და საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემის/არგაცემის შემთხვევა მოწესრიგებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც ეს განმარტებით ბარათშია მითითებული, არარელევანტურია, რადგან მერი მოქმედებს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და, გარდა ორგანიზაციული სფეროს მიკუთვნებული რამდენიმე უფლებამოსილებისა, საჭიროებს საკრებულოს თანხმობას. ამასთან, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ნდობის ამაღლება, რომლის მიღწევა კანონპროექტის ავტორების აზრით მმართველთა საბჭოს არსებობით არის შესაძლებელი. თუმცა, მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ირჩევს პირდაპირი წესით, რითაც მერისთვის მოსახლეობის ნდობა გამოხატულია. ავტორები ნდობის ამაღლებისთვის მიიჩნევენ ისეთი ორგანოს შექმნის საჭიროებას, რომელიც განსახვებით მერისა, არ არის მოსახლეობის მიერ არჩეული.

ამრიგად, მსგავსი კანონპროექტის მიღება შეამცირებს საკრებულოს გადაწყვეტილების ეფექტურობას და აღმასრულებელ ორგანოს მოუქნელს გახდის. ასევე, ნაცვალად იმისა, რომ მერის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა გაიზარდოს, პირიქით, შეიზღუდება. მეორე მხრივ, პრობლემას წარმოადგენს მერის მიერ მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების  დანიშვნისთვის საკრებულოს თანხმობის საჭიროება, რამაც შეიძლება დიდი ხნით გაწელოს მერის მიერ მერიის დაკომპლექტება.

პ.ს. აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში განხილვა გადაიდო და მისი განხილვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 29 დეკემბერი განისაზღვრა. ფაქტ-მეტრი ამ საკითხს თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია