„მოსახლეობა საკუთარი შემოსავლების ნახევარს ხარჯავს საკვებზე. საქართველოს მოსახლეობის 70% არის საშუალოდ ღარიბი ან უკიდურესად ღარიბი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ოთარ კახიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთებისას მსოფლიო ბანკის მონაცემებს დაეყრდნო.
საქართველოს სიღარიბის დონის შეფასება წარმოდგენილია მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშში,რომელიც 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. მისი მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს, 32%-ს, დღეში 2.5$-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რაც მსოფლიო ბანკის მიერ 2005 წელს დადგენილი სიღარიბის ზღვრის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ 2010 წლამდე პერიოდში სიღარიბის დონის შემცირება ძირითადად სოციალური ტრანსფერების ხარჯზე ხდებოდა, 2010-2014 წლებში ამ მხრივ გაზრდილია ეკონომიკური აქტივობების როლი და გავლენა. თუმცა, საქართველოში არსებული სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იმავე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) მქონე ქვეყნებთან (ყირგიზეთი, სომხეთი, მაკედონია, ალბანეთი და მოლდოვა) შედარებით.
წყარო: მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლად ჯგუფებს (სიღარიბის ზღვარზე მცხოვრებ ადამიანებს), რომელთა პროცენტული მაჩვენებელიც ყოველწლიურად იზრდება (2010 წელს მათი პროცენტული რაოდენობა შეადგენდა 15%-ს, 2011 წელს - 16%-ს, 2012 წელს - 17%-ს, 2013 წელს - 21%-ს და 2014 წელს - 24%-ს). ანგარიშში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 32% უკიდეურესად ღარიბი იყო (დღეში 2.5$-ზე ნაკლები შემოსავლით), 37% საშუალოდ ღარიბი (დღეში 2.5$-დან 5$-მდე შემოსავლით), 24% განეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს (დღეში 5$-დან 10$-მდე შემოსავლით), ხოლო 7% წარმოადგენს საშუალო ფენას (დღეში 10$-ზე მეტი შემოსავლით).
წყარო: მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემებისგან განსხვავდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები.
მათი მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2014 წელს 22.4%-ს შეადგენდა, რაც მსოფლიო ბანკის სტატისტიკისგან 9.6%-ით განსხვავდება.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება საკვებზე დახარჯული შემოსავლის პროცენტულ მაჩვენებელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წელს მოსახლეობის სასურსათო ხარჯების წილი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების 44%-ს შეადგენდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურ კლებას განიცდის (გამონაკლისს წარმოადგენს 2011 წელი).
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მოსახლეობის სასურსათო ხარჯების ანალიზისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სურსათისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსებიც. სამომხმარებლო ფასების ინდექსი
ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება საქართველოში ინფლაციის დონის გასაანგარიშებლად. სურსათის ფასების ინდექსი კი, არის მაჩვენებელი საკვები პროდუქტების კალათაში ფასების ყოველთვიური ცვლილების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების წილი საშუალო მოხმარებაში 30%-ია, ბოლო ერთ წელიწადში კი სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.4%-ით გაძვირდა.
დასკვნამსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 32%-ია, დღეში 2.5 დოლარზე ნაკლები ხარჯით, ზომიერი სიღარიბის კი - 37%, ანუ ეს ადამიანები დღიურად 2.5-დან 5 დოლარამდე ხარჯავენ. მოსახლეობის 24% კი შემოსავლების შემცირებისადმი მოწყვლადად მიიჩნევა და არის სიღარიბის რისკის ქვეშ, ისინი დღიურად 5 დოლარზე მეტს და 10 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ. ხოლო, მოსახლეობის 7% დღეში 10 დოლარზე მეტს მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საშუალო ან მდიდარ ფენას მიეკუთვნებიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ 2015 წლის მაჩვენებლის (ამ დროისათვის უახლესი მაჩვენებელი) მიხედვით, მოსახლეობის სასურსათო ხარჯების წილი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების 44%-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.