3 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. „2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 29% იყო, ჩვენ 21%-ზე ვართ ჩამოსული. მიუხედავად იმისა, რომ 500 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბის ზღვრიდან. 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარშია დარჩენილი. რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა“ - განაცხადა დიმტრი ქუმსიშვილმა.
ფაქტ-მეტრმა ფინანსთა მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის 28.9% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 21.3%-ია. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. თუმცა, 2016 წელს იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1). აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია სოფლად. 2016 წლის მონაცემებით, სოფლად მაცხოვრებლების 25.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ქალაქში ეს მაჩვენებელი 16.9%-ია.
აბსოლუტური სიღარიბის წინასწარი მონაცემები საქსტატმა 2017 წელს გამოაქვეყნა. აბსოლუტური სიღარიბის მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს ეფუძნება. სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო: საქსტატი
საქსტატი არ აქვეყნებს ღარიბი მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებელს, შესაბამისად, კონკრეტულად რამდენი ადამიანით ნაკლებია დღეს ღარიბი ქვეყანაში, დაზუსტებით ვერ ვიტყვით. სიღარიბის პროცენტულ მაჩვენებელს მოსახლეობის საერთო რაოდენობას თუ შევადარებთ, 2016 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაახლოებით 790 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საქსტატში დაგვიზუსტეს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები. ყველა წლის მონაცემების დაანგარიშებისას, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობად დაახლოებით 3.7 მლნ იყო განსაზღვრული. 2012 წლის მონაცემების გაანგარიშებისას, თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო აღწერის შედეგს, გამოდის რომ დაახლოებით მილიონ 70 ათასამდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა. ანუ დაახლოებით 280 ათასით არის შემცირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. თუმცა თუ საყოველთა აღწერის შედეგებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ეს რიცხვი დაახლოებით 500 ათასი იქნება. საყოველთაო აღწერის შედეგების არგათვალისწინება კი მართებული არ არის.
დასკვნა
2012 წელს მოსახლეობის 28.9% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 21.3%-ია. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წლიდან დაიწყო და 2011-2015 წლებში ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს კი სიღარიბის მაჩვენებელი 0.5% პუნქტით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი სწორად ასახელებს სიღარიბის მაჩვენებლებს, და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიღარიბე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ 2016 წელს სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ამასთან, როდესაც მინისტრი ამობობს, რომ 500 ათასი ადამინი ამოვიდა სიღარიბიდან, ის არ ითვალისწინებს საყოველთაო აღწერის შედეგებს, რაც გათვალისწინებულია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლების (მათ შორის წინა წლების მაჩვენებლების) გაანგარიშებისას. რეალურად ეს რიცხვი დაახლოებით 280 ათასია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
თეგები: